
ჟურნალისტი დათო გამცემლიძე, საქართველოსა და უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულების ცვლილებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, თუ რატომ არ ,,გაუსკდა” რუსეთის მიმართ სიძულვილი ,,სახელოვნებო ელიტას” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
გამცემლიძე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ხელივნების სფეროს წარმომადგენლების შეცვლილი პოზიციები, რუსეთის მიმართ დასავლეთის რიტორიკის ცვლილებამ განაპირობა. მისი თქმით, ,,ელიტამ” იცოდა, რომ დასავლეთს საქართველო ,,ეკიდა”, ახლა კი ვითარება შეიცვალა და კიევის მოთხოვნით, შესაძლოა ისინი დასანქცირდნენ კიდეც რუსეთში ცეკვა-სიმღერისთვის.
,,ისე... მოსწონს ვინმეს თუ არა და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების ან „ოცნების“ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებისა, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა: ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი, რატომ არ გამოუცხადეს ბოიკოტი, რატომ ჩადიოდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ იქ 2008 წლის შემდეგ და რატომ „გაუსკდათ“ მაინცდამაინც 2022 წელს კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?
პასუხი, სინამდვილეში, ძალიან მარტივია:
იმიტომ, რომ იცოდნენ, იმისთვის მაშინ (უკრაინაში რუსულ აგრესიამდე) დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი ბარაკ ჰუსეინ ობამას ამერიკას და ნაკომკავშირალი ანგელა მერკელის გერმანიას საქართველო სულ „ეკიდათ“; ამიტომ რუსეთში გასტროლების გამო დასავლეთი არანაირ სანქციებს არ დაადებდათ.
ახლა სულ სხვაა, ნურას უკაცრავად: უკრაინის ომის ფონზე დასავლეთმა (რომლის პოზიცია, საბედნიეროდ, შეიცვალა და უფრო ადეკვატური გახდა) რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა კიდეც დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით.
ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი.
აი, თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის,” - წერს დათო გამცემლიძე.