რეზონანსი
21.08.2026

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, - ამის თაობაზე აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით. განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ისინი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18-წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×