რეზონანსი
21.08.2026

ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი", რომელიც გურამ დადიანიძის საქმეში სკანდალურად ჩაერთო, მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

„ეს გახლავთ ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ატყუებდა ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს - გურიკას დედას, რომ იძიებდა აღნიშნულ საქმეს, გურამ დადიანიძის დაკარგვის შესახებ და ატყუებდა ქალბატონ სოფოს. რეალურად კი აღმოჩნდა - როგორც ჩვენ გვითხრეს - რომ მსგავსი ადამიანი დუშეთის განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და ამ ფაქტს ადასტურებს ქალბატონი სოფო ბიბილაშვილის ინტერვიუც.

ქალბატონ სოფოს ასევე თან ახლდა ბატონი კახა გელაშვილი, რომელიც უზრუნველყოფდა ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილთან შეხვედრებს და, ასე ვთქვათ, შუამავლის როლს ასრულებდა. როგორც სანდო წყაროებიდან გვაცნობეს, ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი ბატონ კახა გელაშვილთან დაახლოებული პირი აღმოჩნდა და ისინი მიზანმიმართულად ურევდნენ არა მარტო საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობას ხელს, არამედ ქალბატონი სოფოც შეჰყავდათ შეცდომაში. მოვითხოვთ კითხვებზე პასუხს: თუ რატომ მალავს და აფარებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პირებს? რატომ ეშინია საგამოძიებო სტრუქტურას? რა შავბნელი საქმეები იმალება ამ გამოძიების უკან რისი გამოაშკარავებისაც ეშინიათ. გაეცით საზოგადოებას პასუხი! თუ ამ ერთი საქმის გახსნით გაირკვევა დანარჩენი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ბედიც, რომელიც არის ასევე გამოუძიებელი. და ამიტომ ხომ არ აფარებთ ხელს ყველა იმ დამნაშავეს, ვინც ეს საქმე ჩაიდინა?! 

ჯუმბერ ბუჩაშვილი ასევე ფიგურირებს მსგავს გამოუძიებელ საქმეში, რომელიც ახალგაზრდა ბიჭის, ოთარ ლაზაშვილის გაუჩინარების საქმეს უკავშირდება. რომელიც ასევე გაუჩინარდა 2013 წლის 15 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში. კიდევ რამდენი გაუჩინარებული ადამიანის საქმე ჩამოგითვალოთ, სადაც ბატონი ჯუმბერ ბუჩაშვილი ფიგურირებს? როდის მოხდება ამ ფაქტებზე რეაგირება? გაეცით საზოგადოებას პასუხი!“ - ნათქვამია "ნასვამი ჩოჩორი" ვიდეომიმართვაში.

18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა". შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით - "ნასვამი ჩოჩორი" შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი"... სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×