მარიამ ვეკუა
29.08.2026

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა.

კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი გუშინ, ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის" ბრალი წაუყენა.

ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა.

"გამორიცხული არ არის, გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს"

გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. ამის შესახებ ბუავას ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. გარდაცვლილი ბლოგერის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უტარდება, საიდანაც მას თბილისშივე, მეგობრის სახლში გადაასვენებენ.

„ვიდრე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარდება, გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ და ვერავინ იტყვის, გარდაცვალება რამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გარემოებას მოვიკვლევთ, ჩვენც და გამოძიებაც ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, რათა სიმართლე დადგინდეს. რაც შეეხება საეჭვო გარემოებებს, ამ ეტაპზე, როგორც იცით, გამოძიება მუშაობს, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ გამოძიებასთან და დეტალურ ინფორმაციას შემდეგ გავაჟღერებთ", - აცხადებს მეზვრიშვილი.

„ჩვენ გამოძიებასთან გვაქვს კომუნიკაცია და როგორც გამოძიებისგან გვაქვს ინფორმაცია, დაკავებული არის მისი მეგობარი, თუმცა, ეს არის გამოძიების ვერსია, სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად სარწმუნოა მისთვის შსს-ს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილმა და დაკავებულმა ნარკოტიკი მოიხმარეს, რის შემდეგაც ის მეგობარმა განსაცდელში, ცუდად მყოფი მიატოვა, ადვოკატი ასე პასუხობს: „ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ვერსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალს მოვიკვლევთ, ვაპირებთ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩავატაროთ", - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუავა გარდაცვალებამდე მუქარებს იღებდა, ადვოკატი, ამას ადასტურებს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული მუქარები იყო, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მისი გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. დაურ ბუავა ბლოგერი იყო, ის აქტიურად წერდა ვიდეოებს საქართველოზე და აფხაზებთან ურთიერთობებზე, ეს რა თქმა უნდა, აფხაზებს არ მოსწონდათ", - აცხადებს ადვოკატი.

ვინ არის დაკავებული ქალი?

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქალი ვალერია კირლიუკია. ახლა ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. მას განსაცდელში მიტოვებას ედავებიან. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარებს - სსკ-ის 128-ე და 115-ე მუხლებით.

"ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და 23-ში იყო დაურთან ერთად. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ამ გოგონასთან დაკავშირებით არ მაქვს. უკრაინის მოქალაქეა. რაც შეეხება მის გარდაცვალებას და ეჭვებს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და ასევე ჩვენც, ადვოკატები ვატარებთ დამოუკიდებელ გამოძიებას.

დღეს უნდა გამოვკითხოთ მისი მეზობლები და მისი მეგობარი გოგო... მე როგორც მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთი მოწმისგან, გარდა სოციალური ქსელისა, დაურზე დაახლოებით 7-8 თვის უკან მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით" ამბობს დაურ ბუავას საქმის ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი.

 

 

ნახვამდის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×