
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად ნადგურდება. „კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!! პრეზიდენტი დონალდ ტრამპი", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
„როიტერსი" წერს, რომ ტრამპის ერთსტრიქონიან პოსტს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო კლიპი. გამოცემის ინფორმაციით, არ არსებობს სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ენერგეტიკულ ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. თეთრ სახლსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს კომენტართან დაკავშირებით „როიტერს" თხოვნაზე ჯერ არ უპასუხიათ.
გამოცემა წერს, რომ ხარგზე თავდასხმა, რომელიც 28 თებერვალს დაწყებულ ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ს ახორციელებდა, სერიოზულად შეაფერხებს მის ენერგეტიკულ ვაჭრობას და უზარმაზარ ზეწოლას მოახდენს მის ეკონომიკაზე.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე აშშ-ის დარტყმის შემდეგ, თავდაცვის მიზნით, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა. უწყების მტკიცებით, ირანის ძალებმა შემდგომში „თავდაცვითი და შემაკავებელი დარტყმები" განახორციელეს თავდასხმაში მონაწილე ან მის მხარდამჭერ აშშ-ის ბაზებზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ გამოიყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას და გადამწყვეტად უპასუხებს მტრის ყველა სამხედრო აგრესიას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც აშშ-ის ოპერაციებს ხელს უწყობენ. ამასთან, ირანის არმიის განცხადებით, დღეს დილით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის ჯარებისა და ვერტმფრენების მიმართულებით ათობით ასაფეთქებელი დრონი გაუშვეს.
„დღეს დილიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალ-მინჰადის ბაზაზე აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენებისა და პერსონალის განთავსების ადგილებს ათობით ასაფეთქებელი დრონით შეუტია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის არმიის შეფასებით, აღნიშნული შეტევა ირანის ლარაკის კუნძულზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე რეაგირება იყო. გარდა ამისა, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად ახალ მეორად სანქციებს გამოაქვეყნებს, რომელიც მიზნად ისახავს ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას. ბესენტმა „როიტერს" განუცხადა, რომ სანქციები თავდაპირველად ბანკებზე იქნება ორიენტირებული.
პარასკევს, ეგვიპტის Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებული საემიროების ფილიალებისთვის ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციების დაწესების შემდეგ, ბესენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან ინსტიტუტის სრული გამოთიშვა.
„ყოველკვირეულად კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას ნახავთ. ვიწყებთ ბანკებით და ვეუბნებით ბანკებს, რომ ირანული ფულის ქონა და რეჟიმის დახმარება არ არის მისაღები", - აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, აპირებს, „დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს გადასცეს გზავნილი, რომ გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეორადი სანქციები დაეკისრებათ.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მოვლენები მოწმობს, რომ კონფლიქტმა ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოები გადალახა და რეგიონი სრულმასშტაბიან ომსა და ენერგეტიკულ კოლაფსში შეჰყავს.
ექსპერტები თვლიან, რომ ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი არტერიის, კუნძულ ხარგის ამოღების მუქარა და აშშ-ის ხაზინის მიერ გამოცხადებული ყოველკვირეული საბანკო სანქციები წარმოადგენს ირანის სრულ ეკონომიკურ ასფიქსიასა და დოლარის სისტემიდან იზოლაციას, რაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრ ნახტომსა და გლობალურ ინფლაციურ შოკს გამოიწვევს.
ამასთანავე, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის მიერ AI-გენერირებული ვიდეოების გამოყენება ახალი ტიპის ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომის ნაწილია ოპონენტის დემორალიზაციისთვის, ხოლო ირანის საპასუხო დარტყმები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე ამერიკულ ბაზაზე აჩვენებს ირანის სტრატეგიას, ომის გეოგრაფია მთელ სპარსეთის ყურეზე გავრცელდეს და კონფლიქტში აშშ-ის მოკავშირე არაბული ქვეყნებიც ჩაითრიოს.