
პრეზიდენტის ნაცვლად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე გაემგზავრება, ეს იმ ფონზე ხდება, როცა მმართველი გუნდი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ღიად საუბრობს და ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ სრულიად ბუნებრივია ასეთი ტიპის ფორუმები გამოყენებულ იქნას ორი ქვეყნის ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა, "ოცნებაში"ამბობენ, რომ გაეროს ფორმატი და ვაშინგტონთან ორმხრივი ურთიერთობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხებია.
2025 წელს სიტყვით გაეროში სწორედ მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა. მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანია ის, რომ "შარშან არჩევნები ტარდებოდა და კობახიძე მაშინ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო"
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ოფიციალური გახსნა 2026 წლის 8 სექტემბერს იგეგმება. გენერალური დებატები 22-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, ასევე 28 სექტემბერს გაიმართება
კობახიძე ყაველაშვილის ნაცვლად
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, თავად კობახიძეს სურს საგარეო ტრიბუნა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური პრიორიტეტები დააფიქსიროს. მისი თქმით, ამ ვიზიტს მმართველი გუნდი დასავლელ ლიდერებთან შეხვედრებისთვისაც გამოიყენებს.
- გია აბაშიძე: "საერთაშორისო ფორუმები, განსაკუთრებით, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში სხვადასხვა სახელმწიფოების და მთავრობების ლიდერებს შორის შეხვედრები არის ერთ-ერთი უნიკალური შანსი"
"როგორც მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს სურს, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფლანგზე. მოგეხსენებათ, თუ რა შეზღუდული როლი აქვს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს და რა უფლებამოსილებები აქვს პრემიერ-მინისტრს.
"შესაბამისად, გუნდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამჯერად პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინოს საქართველოს სახელმწიფო. ასეთი რამ წარსულშიც მომხდარა და გასაკვირი არაფერი არ არის.
"სასაცილოა, როდესაც მედიაში თუ სოციალურ ქსელებში მორიგი ინსინუაციები გვხვდება - რეალურად, ჭორაობა და სკანდალების ხელოვნურად შექმნა, რომ თითქოს გუნდში დაპირისპირებაა, ვიღაცა ჩააჩოჩეს, ვიღაცას უშვებენ და ა.შ. როდესაც რაღაცა სერიოზული საკითხები იცილება, უმჯობესია ყურადღება არ მივაქციოთ იმ ე.წ. ორღობის ჭორიკანა ანალიტიკოსებს თუ პოლიტიკოსებს და მოვლენებს შევხედოთ ფართო სპექტრში.
"ვიცით, თუ რა ხდება საქართველოს გარშემო, განსაკუთრებით სწრაფად განვითარებადი შუა დერეფნის კუთხით. ვფიქრობ, ამაზეც იქნება აქცენტები და რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება "ქართული ოცნების" იმ პოზიციას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გამთლიანება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების და თანაცხოვრების საშუალებით არის შესაძლებელი. ალბათ, სხვა გზავნილებიც იქნება პრემიერ კობახიძისგან.
"მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ფორუმები და განსაკუთრებით, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში სხვადასხვა სახელმწიფოების და მთავრობების ლიდერებს შორის შეხვედრები არის ერთ-ერთი უნიკალური შანსი, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ კიდევ უფრო ფორსირებულად წინ წასწიონ მომავალი თანამშრომლობა და არსებული ვითარება.
"შეიძლება სხვადასხვა ფორმატის შეკრებები იყოს სხვადასხვა სახელმწიფოების უმაღლეს წარმომადგენლებთან. წინა მსგავსი ფორუმების შემთხვევაში, ნაკლებად განათლებული, მაგრამ პრეტენზიული ოპოზიციური აქტორები ვითომ ღლიცინებდნენ, რომ პრემიერი კობახიძე, პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მათთვის ე.წ. არასასურველი ქვეყნების ხელმძღვანელებს ხვდებოდა, ისინი საბოლოო ჯამში თავიანთ თავებს იგდებენ აბუჩად",- განაცხადა აბაშიძემ.
- პაატა ზაქარეიშვილი: "უკვე ნახევრად ჩაძირული კობახიძის ფეხზე წამოყენებაა დაახლოებით. გაეროში გამოსვლა არაფერს არ ნიშნავს"
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვიული "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაეროში გამოსვლა დიდად არაფერს არ ნიშნავს და ეს უფრო მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა პროცესების გამოძახილი და "უკვე ნახევრად ჩაძირული კობახიძის ფეხზე წამოყენებაა".
"ეს კობახიძის წინ წამოწევის მომენტია, ანუ, უკვე ნახევრად ჩაძირული კობახიძის ფეხზე წამოყენებაა დაახლოებით. გაეროში გამოსვლა არაფერს არ ნიშნავს, ხან პრემიერ-მინისტრები გამოდიან, ხან პრეზიდენტები გამოდიან, საერთოდაც მარველაშვილის პერიოდს გაგახსენებთ, როცა გაეროში ცალკე პრეზიდენტი იყო ჩასული და ცალკე პრემიერ-მინისტრი.
"ანუ, ეს დიდად არაფერს არ მეტყველებს სახელმწიფოზე, რამდენადაც მეტყველებს შიგნით მიმდინარე პროცესებზე. პრემიერ-მინისტრს შეუძლია იყოს, წარმოადგენდეს სახელმწიფოს, მთავარია ყაველაშვილი და კობახიძე ერთად არ ჩავიდნენ. რაც მარველაშვილის დროს მოხდა, ესაა ანეკდოტი.
"ამას პროპაგანდისთვის რა თქმა უნდა გამოიყენებენ. იმ მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, ვინც ამბობს, რომ აი ხვალ თუ არა, ზეგ კობახიძე ჩაიძირება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რას ამბობენ მმართველ გუნდში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გაერო სხვა ფორმატია და "დალაგებასთან" კავშირი არ აქვს.
"გაერო სხვა ფორმატია, გაეროში ჩასვლა, გამოსვლა სხვა ფორმატია, ორმხრივი ურთიერთობები სხვა ფორმატია. შესაბამისად, ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ტერმინი "დალაგება", ვფიქრობ, არასწორია თუკი ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
"ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, არის ის, რომ გადააზრებაა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი დამოკიდებულების. ვხედავთ, რომ აშშ-თანაც გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ის, რომ არსებობს კონტაქტები ადმინისტრაციებს შორის, ის, რომ დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელთანაც იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები დასწორედ ამ იმედით ვუყურებთ ჩვენ ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ მიუხედავად იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ მიიღო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით და მავნე გადაწყვეტილებები იყო, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა, შეეცადა არჩევნებში ჩარევას და ა.შ., ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ, გავიხედოთ წინ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით კეთილსინდისიერი პარტნიორები", - განაცხადა პაპუაშვილმა.