
"საჭიროა ფორმულა - ყველა მინუს ივანიშვილი - ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაზე ზეწოლისა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 2500-ვე საარჩევნო უბანზე 15-20 კაციანი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოდის.
„2022-2026 წლებში, 500-1000 ადამიანი სისხლით თუ ადმინისტრაციულით ციხეში გაუშვეს. 5 000-10 000-მდე ადამიანი არის დაჯარიმებული აქციების, პროქართული, პროევროპული პოზიციების გამო. 2 000-ზე მეტი ადამიანი საჯარო სამსახურიდან გააგდეს, გაათავისუფლეს პოზიციის გამოხატვის გამო. 500-1000-მდე ადამიანი სცემეს, აწამეს, სახლთან დახვდნენ. 10 000-ობით ადამიანს ტელეფონზე დაურეკეს და აგინეს. საქართველოში 2500-მდე საარჩევნო უბანია, ანუ სოფელი, თემი, უბანი. შესაბამისად, თითო უბანში 5-7 ასეთი დევნილი მოქალაქეა. პლუს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრე, მეზობლები და ჯამში 20-35 ადამიანია თითო თემში აქტიური, მოწინააღმდეგე რეჟიმის. ცხადია, ამ ხალხის გარდა, კიდევ უამრავი ადამიანია ოპოზიციურად განწყობილი.
ზეწოლა რომ მოვახდინოთ რეჟიმზე, შეტევაზე ვიყოთ და მათი იძულება მოვახერხოთ - ნორმალური არჩევნები მივიღოთ, ამისთვის საჭიროა ამ 2 500 უბანში, თემში გვყავდეს 30 000-40 000 კაციანი მომხრეთა აქტიური, იდენტიფიცირებული "ჯარი". თითი საარჩევნო უბანში 15-20 ადამიანი გვჭირდება. ახლა კითხვა: მარტო ეს რომელ პარტიას შეუძლია?! მაგალითად, წინა, გასულ 2-3 "არჩევნებში" პარტიების 90% არათუ 2500 უბანზე 15-20 წევრი, არამედ 2500 უბანზე თითო წევრიც ვერ ჰყავდათ. თუ უბანში 15-20 ადამიანი არ გვყავს, ვინც მუშაობს ხალხთან, ავრცელებს სიმართლეს, იცავს ხმებს, აკეთებს მობილიზებას, მაშინ უბრალოდ აზრი არა აქვს ბაქიბუქს.
რეალურად, ეს ხალხი არსებობს, მაგრამ ცალ-ცალკე და გათითოკაცებულს არ შეგვიძლია ამ ინფრასტრუქტურის აწყობა. ამიტომ, არის საჭირო ფორმულა - ყველა (!) მინუს ივანიშვილი. ერთად შევძლებთ ამ "არმიის" 30 000-40 000-იანის შექმნას?! - ცხადია, კი! ამას თუ გავაკეთებთ, ორგანიზებულს გავხდით ამ გათითოკაცებულ მებრძოლებს, მაშინ შევძლებთ წნეხს, შეტევას და მივიღებთ სამართლიან არჩევნებს, სადაც დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ.
ცალ-ცალკე 5 კაციანი პარტიები, ფაქტია, ვერ შეძლებენ 2500 თემში ამ მობილიზების გაკეთებას. ერთად? - ერთად უპირობოდ შევძლებთ! ტვ-ებიდან 1000-ჯერ ნასაუბრების ლაპარაკს, ყველამ გავინაწილოთ უბნები და ადგილზე გავაკეთოთ 15-20 კაციანი გუნდები. მაგალითად, მე ციხიდანაც კი შევძლებ 2-3 ასეთი უბანი "ჩავიბარო". გავაკეთო 15-20 კაციანი გუნდი თითო უბანზე. ეს არის კონკრეტული საქმე. ტყუილად ტვ-ში "ბუქსაობას", ერთი და იმავეს ღეჭვას, სჯობს რეალური საქმით დავკავდეთ. თორემ, ხვალ რომ ჩაინიშნოს არჩევნები, გამოდით და თქვით - ვის გყავთ უბანზე 1 ადამიანი მაინც.
ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა. იმედი არ მაქვს კონკრეტულ საქმეზე ხალისით ისაუბრონ "კომენტატორებმა", მაგრამ უამრავი გულწრფელი მებრძოლია გარეთ და მათ ვუზიარებ ჩემს აზრს. უაზრო "მოსპიკერო", მოლაილაე ხალხი აღარ არის საინტერესო! ნამდვილ, მშრომელ, მებრძოლებთან ერთად ვიმოქმედოთ.
5 დღეა, რომ პარტია შექმნეს და ახლა ტვ-დან ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეცვალეს "პარადიგმა" - იცით, რა სასაცილო საყურებლები ხართ?! - სამწუხაროდ, 2500 უბანზე კი არა, ვარკეთილის 3-ა მკრ-ში, აფრიკის დასახლებაში, ზემო პლატოზე არ იქნებით ნამყოფები....
ბიძინას დამარცხება გინდათ ასე ცალ-ცალკე და, მაგალითად, სურებში, ზოტში, ბუკისციხეს რომ არ მითხრათ, ვინ დაიცავს თქვენს ხმებს?! "ლატე არ შეგშრობიათ" პირზე და მედიდურად ბაქიბუქობთ!
მე თქვენსკენ ვარ! უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები - მხოლოდ თქვენი ჭირიმე, უაზროდ ნუ იჭაჭებით! ძალის ეშინია ივანიშვილს, საქმე და ძალა, რაც არის, მოგახსენეთ. უაზრო ლაი-ლაი არ აშინებს რეჟიმს!
ერთიანობას აზრი არა აქვს - ცალ-ცალკეო, იდენტობაო, მაგრები ვართო, წარსული არ გვამძიმებსო და, სულ რომ არაფერი, ფბ-ზე თქვენს 12-27-51 "ლაიქიან" პოსტებს მაინც დააკვირდით.
დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ! ტყუილად დროის გაწელვის გარდა, არაფერი ხდება თქვენის მხრიდან. კიდევ ერთხელ "პარდონ", რომ ცოტა ცხარედ ვმსჯელობ - მე თქვენიანი ვარ", - წერს ლევან ხაბეიშვილი