სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.04.2017

    დარწმუნებული ვარ, 7 აპრილს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტი მრავალ პრობლემას შეეხება. გიორგი მარგველაშვილს, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე საჯაროდ დავუსვი რამდენიმე შეკითხვა, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიმიღია, ხოლო არჩევის შემდეგ იმდენი ახალი კითხვა გამიჩნდა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე... შევეცადე, საზოგადოების ყურადღება მიმეპყრო ქვეყანაში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) დამკვიდრების მასშტაბებისთვის. ვინაიდან პრეზიდენტმა არც მის სახელზე შეტანილ განცხადებებზე მიპასუხა, გადავწყვიტე, ისევ საჯაროდ დავუსვა ის კითხვები, რომლებზე პასუხები მისი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო.

    1. პარლამენტის 1999 წლის 5 ივნისის დადგენილების თანახმად, საქართველოს მომავალი გერბი "კვართიან-დავითიანი" უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პარლამენტმა "ნაციონალურ გერბზე" მხოლოდ წმინდა გიორგი გამოსახა და ინგლისურ თუ ბერძნულ ხატებზე გამოსახულის საწინაღმდეგო მხარეს მოაბრუნა. არადა, ჰერალდიკოსები მიიჩნევენ, რომ სიკეთის აღმნიშვნელი სიმბოლოს შემობრუნებით ის ბოროტებად გადაიქცევა, ხოლო გამარჯვების (გმირობის, კანონიერების) სიმბოლოს შემობრუნება დამარცხებას (ლაჩრობას, უკანონობას) აღნიშნავს.

    იქნებ აგვიხსნათ, თუ რატომ არის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატსა და თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე წმინდა გიორგის გამოსახულება მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე.წ. სახელმწიფო გერბზე - მარცხნივ?

    საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 9 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება ისტორიული ("გორგასლიან-დავითიან-თამარიანი") დროშის აღდგენის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელს მომავალი სახელმწიფო სიმბოლოების თაობაზე პოზიცია ჯერ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, თბილისის "ნაციონალურმა" საკრებულომ 2002 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით მერიის შენობაზე "ისტორიული (დავით აღმაშენებლის) ხუთჯვრიანი დროშები" აღმართა... "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი, ე.წ. სახელმწიფო დროშის "ზუსტი გამოსახულება და სტანდარტული ზომები", ორგანული კანონის ნაცვლად, რატომღაც, სააკაშვილის მიერ ერთპიროვნულად გამოცემულ 2004 წლის 25 იანვრის #31 ბრძანებულებით დაწესდა და და დიდი ჯვრის სიგანე დროშის მცირე გვერდის 1/5-ით განისაზღვრა.

    მართალია, თავიდან პოლიტიკოსები "დავით აღმაშენებლის დროშად" მოიხსენიებდნენ, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა დოღონაძის ხელმღვანელობით საგანგებო მისიით თურქეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში მივლინებულმა სპეციალისტებმა ქართულ "ხუთჯვრიან დროშას" ვერსად მიაკვლიეს... სამაგიეროდ, მეცნიერებმაც უტყუარად დაასაბუთეს (მაგ., აკაკი ბაქრაძე, თედო დუნდუა, სიმონ გამსახურდია, აპოლონ სილაგაძე, თედო ჯაფარიძე და სხვები) და ინტერნეტითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება ხუთჯვრიანი სიმბოლოს არაქართული წარმომავლობა (მაგ., საკმარისია, აიკრიფოს "ოუკგთფდუქ ადფპ (სკწთთ)" ან "ეუქზდფკ ადფპ (სკწთთ)".

    ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე "ნაცმოძრაობის" პარტიული სიმბოლოს შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, დღეს ოფიციალურ განცხადებებს იმავე ხუთჯვრიანი დროშების ფონზე აკეთებენ. ამასთან, პრეზიდენტისა და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომლითაც "სავარაუდოდ, დღეისთვის არსებულ სახეს "გორგასლიან-დავითიანი" დროშა 1320 წლიდან იღებს, როდესაც მეფე გიორგი ქ ბრწყინვალემ (1314-1346) "კლიტენი იერუსალიმისანი" ჩაიბარა... თუმცა, დღევანდელი "სახელმწიფო დროშა" ფორმით არსებითად განსხვავდება ისტორიულ წყაროებში აღწერილი და შუა საუკუნეებში კათოლიკე მისიონერების მიერ შედგენილ საზღვაო რუკებზე დატანილი სიმბოლოებისგან.

    იქნებ აგვიხსნათ, რა შინაარსით გესმით ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და რატომ ატარებთ მკერდზე "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლოს (დიდი ჯვარი გაცილებით ვიწროა და გვერდის სიგანის 1/10-მდეა)? აგრეთვე, თვლით თუ არა, რომ უპირველესი სახელმწიფო სიმბოლოს შესარჩევად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო დროშის შინაარსი (სემანტიკა) და იერსახე ორგანული კანონით დადგინდეს?

    3. სასამართლოშიგასაჩივრებული მქონდა პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01განკარგულებასაქართველოს იუსტიციისუმაღლესი საბჭოს წევრისდანიშვნის შესახებ. ყურადღება დუკუმენტისსარეგისტრაციომონაცემის თავისებურებასმივაქციე. მართალია,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ოფიციალური დოკუმენტის ნომერში შეიძლება აისახოს მიღების (გაცემის) თარიღიც (მაგ., #5-16/01/2014, #55-16-01-14 ან #555-16.01.14), მაგრამ, რიგითი ნომერი აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული, რომ არ მოხდეს ე.წ. ძველი რიცხვით რამის ჩამატება.

    მაინტერესებს, ვინ გირჩიათ განკარგულების ამ სახით დანომვრა? რა მიზნით გაქვთ მითითებული მხოლოდ მიღების თარიღი და იმ დღეს მიღებული განკარგულებების რიგითობა?

    4. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ა(ა)იპ-ს იმ შემთხვევაში შეუძლია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წარადგინოს კანდიდატი, თუ "აღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში" (01.11.2013, #1489). ამასთანავე, პრეზიდენტის 2016 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით გამოცხადებული კონკურსის პირობით, "ა(ა)იპ-ს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში" (29.11.2013, #1688).

    ვინაიდან ქართული ენის გრამატიკის წესების თანახმად, ნაცვალსახელი "მისი" მიემართება მასთან ახლოს მყოფ სიტყვას (კანდიდატს), განკარგულებით, "წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორცილებულ სამართლწარმოებაში" კონკურსზე წარდგენილ იურისტს მოეთხოვებოდა, თუმცა შესაბამისი ორგანული კანონი "წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობას" კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციისგან ითხოვს.

    ვინაიდან, სასამართლოში არ მობრძანდით, იქნებ საჯაროდ განმარტოთ, რის საფუძველზე მიიჩნევთ ზემოაღნიშნულ ნორმებს იდენტურად ან რა დოკუმენტით დაგიდასტურათ კონკურსში გამარჯვებულმა ან მისმა წარმდგენმა ა(ა)იპ-მა, რომ "ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში"? ან რით დაგიდასტურათ კონკურსში გამარჯვებულმა, რომ სპეციალობით 10 წელზე მეტი ჰქონდა ნამუშევარი ან ერთი სამეცნიერო სტატია მაინც ჰქონდა გამოქვეყნებული?

    5. საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი "ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა", კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ. ანუ, ფაქტობრივად, ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპიც ერთხმად ვაღიარეთ და ადამიანის უფლებების დაცვაც პრიორიტეტულად მივიჩნიეთ. ამდენად, ვინაიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემკავებელს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ერთადერთ ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს, ქვეყანა რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სტანდარების შესაბამისი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების გამართული სისტემაა ჩამოსაყალიბებელი. ამდენად, თუ რეალურად გვინდა დემოკრატია და ევროინტეგრაცია, პირველ რიგში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაუცბათევად განხორციელებული "სასამართლო რეფორმებისას" დაშვებული არსებითი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რისთვისაც მოსამართლეების საკადრო შემადგენლობის გადასინჯვასთან ერთად, სასამართლოებისთვის ისეთი შენობები უნდა გამოვყოთ, რომ ადამიანი, შესვლისთანავე, სახელმწიფოს სახელით მოქმედი მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოსადმი განსაკუთრებული პატივისცემითა და ნდობით განიმსჭვალოს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს განვითარების დონესა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულობის ხარისხზე პოლიციის შენობების იერ-სახის მიხედვით კი არ მსჯელობენ, არამედ - სასამართლოების...

    სასამართლოზე რომ მობრძანებულიყავით, თავადაც დარწმუნდებოდით, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ქალაქის განაპირას მდებარე 2005 წლის მე-5 თვის მე-5 დღეს ნაუცბათევად გახსნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 5-სართულიანი შენობის სხვენში ("მანსარდაში") არის განთავსებული და ე.წ. სხდომათა დარბაზებში (რამდენიმე 8-10 კვ. მეტრს არ აღემატება...) მოსახვედრად "ლაბირინთებია" გასავლელი. მათში სინათლის სხივიც კი ვერ აღწევს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც არ ყოფნის ფართი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ სააკაშვილის "ხუშტურის" გამო იქნა ბათუმში "გამწესებული".

    ამ დროს, ე.წ. ავლაბრის რეზიდენცია უაღრესად არაფექტურად არის გამოყენებული. მიმაჩია, რომ მასში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ან/და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ("ადმინისტრაციული იუსტიციის"), საკონსტიტუციო სასამართლო ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განთავსებით სასამართლო ხელისუფლება შესამჩნევად აიმაღლებდა შელახულ ავტორიტეტს და ამ შთამბეჭდავი შენობის ("მართლმსაჯულების სასახლის") ფასადზე ამოკვეთილი შეგონება ("ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!") სიმბოლურ შინაარს შეიძენდა, თორემ დღეს ნამდვილად ცინიკურად ჟღერს. ამასთან, სასამართლო ხელისუფლების მტკვრის მეორე მხარეს, მით უმეტეს, სამების ტაძრის სიახლოვეს განთავსება, სიმბოლურადაც გაუსვამდა ხაზს მის დამოუკიდებლობას ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან, ხოლო ამქვეყნიური მართლმასაჯულების განხორციელებისას მოსამართლეები არც მართლაცდა უზენაესი მსაჯულის არსებობას დაივიწყებდნენ.

    ხომ არ ფიქრობთ, რომ გონივრული იქნებოდა, რეზიდენცია სასამართლო ხელისუფლებას (იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ან "ადმინისტრაციულ იუსტიციას") დაუთმოთ?

    ცხადია, საშუალება რომ მქონდეს, იმასაც ვიკითხავდი, თუ რას ფიქრობთ "უზენაესი კანონის" პრეამბულაში "ნაცმოძრაობის" მიერ თვითნებურად შეტანილი ცვლილების, ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების გონივრულობის ან კონსტიტუციის მე-4 მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად, "შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი". თვლით, რომ უკვე დადგა "შესაბამისი პირობები" ორპალატიანი პარლამენტის ასარჩევად (ფაქტობრივად, საქართველოს ფედერაციად ან კონფედერაციად მოსაწყობად)? მაგრამ, ამჯერად მადლობელი დაგრჩებით, თუ მხოლოდ ზემოთ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ მოიცლით, ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებთ და აღნიშნულ საკითხებს არც საანგარიშო მოხსენებაში დაუთმობთ ყურადღებას, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ან ჟურნალისტებთან შეხვედრებზე შეეხებით ამ თემებს.

    იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების "ურყევი ნება" მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, მეტი აქტიურობა გვმართებს და პოლიტიკოსებს კითხვებზე პასუხის გაცემა თანამდებობებზე გამწესებამდე უნდა მოვთხოვოთ, ხოლო არჩევნებზე მხოლოდ ზნეობით გამორჩეულ პიროვნებებს და, როგორც წესი, კვალიფიციურ იურისტებს უნდა დავუჭიროთ მხარი და არა - დემაგოგ "ტელეპოლიტიკოსებს" (თანამედროვე "ოსტაპ ბენდერებს..."). ამასთან, კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს მართებთ, ხოლო თუ ისევ მხოლოდ ბუტაფორიულ-ფასადური დემოკრატიისა ან/და პლუტოკრატიული ტირანიის ("ბანანის რესპუბლიკის") სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, სახელმწიფოს პირველ პირებად გამწესება და სადეპუტატო მანდატების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს ან პარლამენტარებს ღია აუქციონების შედეგად შევარჩევდით... ამ გზით, ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც "ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში" დაიხარჯებოდა ფული უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან...

    ავთანდილ კახნიაშვილი სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter