სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    22.10.2018

    ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

    2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 5 შეკითხვით "ფრიადოსან" კანდიდატს გაზეთის მეშვეობით მივმართე. ცხადია, არ მიპასუხა... მომდევნო არჩევნებში იგივე კითხვები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს დავუსვი, მაგრამ პასუხი განვლილი 5 წლის განმავლობაშიც ვერ მივიღე. ვინაიდან დედაქალაქი კვლავ 5-იანებით მოიფინა, გადავწყვიტე, კითხვები "ძალა ერთობაშიას" მიერ მე-5 პრეზიდენტად შერჩეულ კანდიდატს და მის ძირითად კონკურენტებსაც დავუსვა. ვფიქრობ, ტელევიზიებით ყველაზე მეტად "გაპიარებული" 5 საარჩევნო სუბიექტის (ბაქრაძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი, ნათელაშვილი, უსუფაშვილი) პასუხები მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანში.

    ამჯერადაც მხოლოდ 5 კითხვით შემოფარგლები, მაგრამ დარწმუნებული რომ ვიყო, 5 ათეულამდე პრეზიდენტობის კანდიდატის "რეიტინგული" ხუთეულიდან რომელიმე მაინც გამცემს პასუხს, 5-ჯერ მეტ კითხვასაც დავუსვამდი.

    ფაქტობრივად კი, ისევ ვცდილობ რიგი პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას. თუმცა ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლების არაერთგზის ძალადობრივი ცვლის შედეგად იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმი (სამართლის ნორმების არცოდნა და/ან აბუჩად აგდება) გამეფდა, რომ "ხუთოსნებმა" რესპუბლიკის მოედანს "რევოლუციის" სახელი დაარქვეს და დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი) დაამკვიდრეს, კითხვებს იურისტები კი არა, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უნდა სვამდნენ.

    ფაქტია, რომ ერთადათერთი სახელმწიფო ვართ, რომლის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას "უპირველესი სიმბოლოს" ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ შეუძლია. არსებული სახის ხუთჯვრიანი დროშა პირველად "მოქქავშირის" ღონისძიებებზე გამოჩნდა, მიშა შადრევანიანმა ის "ნაცმოძრაობის" სიმბოლოდ აქცია და დავით აღმაშენებლის დროშად "მონათლა", ხოლო გიორგი ვეტომდებელი მას, "სავარაუდოდ, გიორგი ბრწყინვალის დროს დამკვიდრებულად" მიიჩნევს. ამდენად, როდესაც ოთხი წლით არჩეული "მოქალაქე" დეპუტატები უფლებამოსილებას გაიგრძელებენ და თვითნებურად, კონსტიტუციასთან ერთად, სახელმწიფო სიმბოლიკასაც შეცვლიან, ხოლო "ნაციონალების" მიერ 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, უკვე "მეოცნებეების" ხელშეწყობით, კიდევ ერთი წლით გაიგრძელებს პრეზიდენტობას, შესაბამისი დასკვნები "გამარჯვებულ ხალხსაც" უნდა გამოჰქონდეს.

    ჩემი ნება რომ იყოს, "უზენაესი კანონითვე" ერთობ გაურკვეველი პოლიტიკური რეჟიმისა და ტერიტორიული მოწყობის "ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის" პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად, სამართლის (კონსტიტუციის) საფუძვლებსა და ე.წ. ზოგად უნარებში ტესტური გამოცდის წარმატებით დაძლევას მოვსთხოვდი. არ შეიძლება, ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სახელმწიფოს "პირველი პირების" განცხადებები და ქმედებები კანონშეუსაბამო იყოს, ან, კიდევ უარესი, ულოგიკო ან ამორალური.

    შეკითხვებითაც სწორედ იმის გარკვევა მსურდა, პრეზიდენტობის კანდიდატები, ამომრჩეველთა ნდობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენად კანონიერად და გონივრულად აპირებენ თუნდაც საშინაო პრობლემების მოგვარებას. ამასთან, შევეცადე, კითხვებიც საკმაოდ მარტივი შემერჩია და მცირე ინფორმაციაც დავურთე განსჯისთვის. პირველი კითხვა, მხოლოდ საქართველოს ისტორიასა და "მემარჯვენეობა-მემარცხენეობაში" ითხოვს ელემენტარულ გათვითცნობიერებას, ხოლო მეხუთე კონსტიტუციის ზოგადი დებულებების მე-5 მუხლს დავუკავშირე:

    1. რატომ არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრძანებულ ყველა (20-ზე მეტ) ხატზე, ასევე, თავისუფლების მოედანზე აღმართულ მონუმენტზე მხედარი მარჯვნივ მიმართული, ხოლო დღევანდელ ე.წ. სახელმწიფო გერბზე მარცხნივ?

    2. რა შინაარსით გესმით "ქართული" ხუთჯვრიანი დროშა (პარტიულია, ისტორიული, სახელწიფო თუ რელიგიური) და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ძირითადი სახელმწიფო სიმბოლოს დასადგენად კონკურსი უნდა გამოცხადდეს, პროექტების თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ხოლო საბოლოო სახე ორგანული კანონით დადგინდეს?

    3. მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაციონალიზაცია და სპეციალური (ფაქტობრივად, ანტიკორუფციული) კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასაც?

    4. მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია მე-4 მუხლი (ახალ რედაქციაში 37-ე მუხლის პირველი პუნქტი), რომლის თანახმად, "შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი", თუ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩათვლით, რომ დადგა "შესაბამისი პირობები" ორპალატიანი პარლამენტის ასარჩევად, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ყოფილი იუგოსლავიის მსგავს ფედერაციულ სახელმწიფოდ მოსაწყობად?

    5. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, "არავის არა აქვს უფლება, მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება", ხომ არ მიგაჩნიათ, რომ "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვს, გასამართლებულ იქნენ საქართველოში "აჯანყება-რევოლუციებისა" და შიდაშეიარაღებული კონფლიქტების ორგანიზატორები, ამასთან, ჩამოერთვათ მათ და მათთან დაკავშირებულ პირებს ის დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც კორუფციის (თანამდებობის პირად ინტერესებში გამოყენების) გზით დააგროვეს?

    იმედი მაქვს, კითხვებით ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებიან და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუსვამენ, თუმცა, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, არსებითად აღარ მიმაჩნია, ვინ გახდება ხალხის ("ხელისუფლების წყაროს") რჩეული. საგულისხმოა, რომ 1921 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ პარლამენტისა და მის მიერ არჩეული მთავრობის თავმჯდომარის პოსტები იყო განსაზღვრული. ამდენად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოში "პირველი პირი" (შესაბამისად, არც "პირველი ლედი" ან "პირველი ჯენტლმენი") საერთოდ არ გვყოლოდა.

    ამასთან, ფაქტია, რომ ყოფილმა "პირველებმა" (დღევანდელმაც) პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს. შედეგად, დარწმუნებული ვარ, ბიულეტენი "ყველას წინააღმდეგ" ხმის მიცემის შესაძლებლობასაც რომ ითვალისწინებდეს, არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას.

    პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლე ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესისთვის დემოკრატიულობის იერის მიცემისა და პირველ ტურში ამომრჩევლების მაქსიმალურად მობილიზების სურვილმა განაპირობა. მეორე ტურში რომელიმე დავითის "პირველკაცობაც" არ არის გამორიცხული, თუმცა შეიძლება სწორედ სალომე ზურაბიშვილი შეესაბამება დღევანდელი "ქართვლის დედის" განზოგადებულ სახეს და "ქართული ოცნებაც" რეალურად ლამობს მის გაპრეზიდენტებას, მაგრამ "დამოუკიდებელი კანდიდატის" მხარდამჭერებს მაინც ვურჩევდი, განვლილი საპარლამენტო არჩევნების წინ მის მიერ მთაწმინდელებისთვის დარიგებული სააგიტაციო ფურცელი გადაეკითხათ ყურადღებით.

    სამწუხაროდ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სამართლიან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მიუხედავად იმისა, ვინ დაიკავებს საპრეზიდენტო სავარძელს, ამ მორიგ საარჩევნო "რეალითი შოუშიც" რეალური გამარჯვება, ყველა შემთხვევაში, ყველა სახის "დემოკრატიული აჯანყებებისა და ფერადი რევოლუციების" მხარდამჭერ "უცხოელ მეგობრებს" დარჩებათ, სრულიად საქართველო კი ისევ ვერაფრით იხეირებს.

    ვშიშობ, ხელოვნურად შექმნილი მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების კერები სამოქალაქო კონფრონტაციაში (კიდევ უარესი, ახალ შიდასახელმწიფოებრივ შეიარაღებულ კონფლიქტში) არ გადაიზარდოს და "ვიღაც მესამის" ინტერესებში მართლაც ისეთივე მეთოდებით არ დამყარდეს "მშვიდობა", როგორც ეს ბალკანეთში მოხდა. არადა, თუ სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროკავშირში ვინ ჩივის, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს.

    ასე რომ, პირველ რიგში, თვითონ მოქალაქეებმა მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ხოლო ხმის მიცემამდე მკაფიოდ უნდა გავიაზროთ (თუნდაც კონსტიტუციაში ამოვიკითხოთ), თუ რა ფუნქციები აკისრია პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრს და, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალებს დავუჭიროთ მხარი და არა დემაგოგ "ტელეპოლიტიკოსებს" (თანამედროვე "ოსტაპ ბენდერებს").

    ამომრჩეველმა პრეზიდენტობის კანდიდატსაც და საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველსაც, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა, ტრადიციებისადმი ერთგულება და კანონისადმი პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების კონსტიტუციური "ურყევი ნება" მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო თუ ისევ მხოლოდ ბუტაფორიულ-ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული ტირანიის ("ბანანის რესპუბლიკის") სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება, არჩევით თანამდებობებზე გამწესება ეკონომიკის სამინისტროს მივანდოთ. შედეგად, პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრებს პირდაპირი აუქციონებით შევარჩევდით. ამ გზით ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც "ბუკლეტ-ბილბორდ-ბანერებში" გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved