სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    06.04.2019

    რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი

     საქართველოს ეკონომიკის გაცოცხლებისათვის მნიშვნელოვანია ნაციონალური ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრა და მოდერნიზება. იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაიზარდოს, საჭიროა ინვესტიციები სატრანსპორტო (გზა, რკინიგზა, აეროპორტი) ტელეკომუნიკაციის, ენერგეტიკისა და წყლის მიმართულებით. ინფრასტრუქტურის განვითარება კი ქვეყნის განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების საფუძველია.

    ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო მცირე ბიუჯეტი და რესურსის დეფიციტი, განსაკუთრებული პრობლემა კი - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება.

    ამ ფონზე, მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით. თუმცა მშენებლობის ერაში პრობლემა გახდა არა ფინანსური რესურსი, არამედ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების (14 პროექტი) ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 0% (12 თვის ფაქტობრივი შესრულება, 2018 წელი, წყარო: "ფორბს.ჯი").

    სამწუხაროდ, განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, აუთვისებელი თანხები, შეფერხებული პროგრამები არსებითი გავლენისაა. ასეთ მოცემულობაში:

    - ცალკე გამოწვევაა პროექტების განხორციელება კრედიტების ხარჯზე. ამასთან, ქვეყნისათვის უფრო დიდი გამოწვევაა კრედიტის ათვისება და პროექტის განუხორციელებლობა;

    - იკარგება მისაღები სარგებლის მოცულობა, იზრდება სამუშაოს შესრულების დრო, მცირდება პროექტის ეფექტურობა და მასშტაბები;

    - კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დაგეგმილი პროექტების გაგრძელება, ვინაიდან თანხებს გრაფიკით ვერ ითვისებენ;

    - მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, უარესდება სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური კლიმატი, მცირდება ქვეყნის გლობალური და რეგიონული კონკურენტუნარიანობა;

    - ნიშანდობლივი კავშირი არსებობს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას, განვითარებასა და მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანობას შორის. შესაბამისად, ზოგიერთი პროექტი და ინვესტიცია წარმატებულია, ხოლო ზოგიერთი - წარუმატებელი.

    ჯამში, აღსანიშნავია, რომ თუ ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება, არც პოტენციურად დასაქმებულების ოჯახს (რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში უნდა დასაქმებულიყო) გაუჩდება შემოსავალი, ვერც მათი ოჯახი მოღონიერდება ეკონომიკურად (ჩვენთან ხომ ოჯახის ერთი წევრის დასაქმებაც კი დიდი მიღწევაა), ვეღარც ოჯახის წევრებს ექნებათ პერმანენტული განვითარების მიღების შესაძლებლობა. ჯამში, ერთი ოჯახის ფინანსური და ეკონომიკური ძლიერება გავლენას ახდენს სხვა ოჯახების კეთილდღეობასა და ქვეყანაში ძლიერი საზოგადოების შექმნაზე.

    დასასრულს უნდა ითქვას ისიც, რომ პროექტები შეიძლება შეფერხდეს, გაუქმდეს ან ჩავარდეს, თუმცა ეს არ უნდა იყოს "შესამჩნევი". სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს უმნიშვნელოვანესი პროექტების მიმართ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved