გამოხმაურება პრემიერ მინისტრის განცხადებაზე „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების აუცილებლობის შესახებ
თეა თოფჩიშვილი
03.03.2020

შოთა ჩხეიძე, პროფესორი, საქ. ოფიციალური წარმომადგენელი NATO-ს სოფლის მეურნ. და სურსათის კომიტეტში 1999-2005 წლებში, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების დარგში

გიორგი მუხაშავრია, ინჟინერ-გამომგონებელი

ისტორიულად აგრარულ ქვეყნად აღიარებული საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეისათვის კრიზისს განიცდის, ძალზე დაბალია სოფლის მოსახლეობის მოტივაცია მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამუშავებისა, რასაც ადასტურებს ის, რომ ქვეყნის სახნავ-სათესი მიწების მესამედიც არ არის დამუშავებული და არ იწარმოება ქვეყნის მოსახლეობის ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის სურსათის მესამედიც კი. ყოველივე ამის მიზეზია წარმოებული პროდუქციის ძალზე დაბალი მოსავლიანობა და მისგან მიღებული მიზერული შემოსავლები, რაც უმეტეს შემთხვევაში მწარმოებელთა დანახარჯსაც ვერ ანაზღაურებს. ამის შედეგია ის, რომ სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობა ტოვებს სოფელს და სამუშაოს საძებნელად ქალაქებში (ძირითადად დედაქალაქში) ან საზღვარგარეთ მიდის (წასულია მოსახლეობის 30%-მდე). თითქმის დაცარიელებულია სოფლები, გადატვირთულია დედაქალაქი, მაღალია მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ღარიბ-ღატაკია მოსახლეობის 70-80%, კატასტროფულია დემოგრაფიული სურათი და მისი პერსპექტივა ქვეყანაში და სხვა. აი, ის პრობლემები, რის წინაშეც დგას დღევანდელი ხელისუფლება, რომელთა გადასაჭრელად მის მიერ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ გამოსწორების გარკვეული ტენდენციების მიღების მიუხედავად პრობლემები პრობლემებად დარჩა.  

საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მძიმე ავადმყოფს, რომელმაც რთული ოპერაციის გაკეთების შემდეგ უნდა გაიაროს ჯერ რეანიმაციის, შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი და შემდეგ შეეძლება ნორმალურ მდგომარეობაში ცხოვრება. აი, ასეთ დღეშია დღეს ჩვენი ქვეყანა რთული, მძიმე „ავადმყოფობის“ პირობებში ყოფნის გამო, რაც მან გაიარა 1991 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, რეაბილიტაციას კი დრო და რაციონიალური, ქმედითი ღონისძიებების, ახალი მიდგომების გატარება სჭირდება.

ჩვენი წინადადებაც სწორედ პროდუქციის ისეთი მრავალპროფილიანი საწარმოების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე, სოფლად წარმოებული ნედლეულისათვის ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე (ვაკუუმური, სუბლიმაციური შრომა) და მშრალი კონცენტრატების მიღებაზე, რომელიც სრულად ინარჩუნებს ამ ნედლეულისათვის დამახასიათებელ ქიმიურ შემადგენლობას (მათ შორის ვიტამინების), კვებით, გემოვნებით ღირებულებებსა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებს. 

ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია ძირეულად განსხვავდება ყველასათვის ცნობილ საკონსერვო ქარხნებში გამოყენებული ტექნოლოგიისაგან, რაც მაგალითად ხილისაგან მურაბების, ჯემების, წვენების დამზადების მიზნით ნედლეულის ხარშვით ხორციელდება და შენახვის პირობებში მისი ამძაღების, დაობების, დამჟავების თავიდან ასაცილებლად ქიმიური დანამატები, კონსერვანტები გამოიყენება. ასეთ პირობებში მიღებული პროდუქტის ბიოქიმიური შემადგენლობა, საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) ცვლილებებს განიცდის, ვიტამინები ნადგურდება და თანაც დამატებული კონსერვანტები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 

ჩვენს მიერ რეკომენდირებული პროდუქცია კი თავისი ნატურალური თვისებების შესანარჩუნებლად არ საჭიროებს არც კონსერვანტებსა და სხვა რაიმე ქიმიურ დანამატებს, ასევე იგი მსუბუქია, ძალზე მცირე ადგილს იჭერს, კვებითი ღირებულებით კი მასზე ბევრად მძიმე და მოცულობით დიდი ზომის ნატურალური პირველადი პროდუქტის ტოლფასია, თანაც მოსახერხებელია მისი ტარება მოგზაურებისა და ტურისტებისათვის, სპორტსმენების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისათვის და საერთოდ მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი საველე, ექსტრემალურ პირობებში მომუშავე პირებისა და ჯარის ნაწილებისათვის. ამასთან ერთად, ვინაიდან  ეს პროდუქცია სარეალიზაციოდ წარმოდგენილი იქნება ვაკუუმ-შეფუთვის სახით (ე.წ. „ბატონების“ ან პაკეტების სახით), მას ექნება ხანგრძლივი შენახვის უნარი (1 წლამდე, ყოველგვარი სპეციალური პირობების დაცვის გარეშე) და იოლი იქნება მისი ტრანსპორტირება. 

აღნიშნული თანამედროვე ტექნოლოგიით ლაბორატორიულ პირობებში ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე ჩვენს მიერ უკვე შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციას მეხილეობაში, მეჩაიეობაში, მევენახეობაში და ზოგადად მემცენარეობაში (რამდენიმე მათგანი დაპატენტებულია გამოგონებაზე). მეხილეობაში შექმნილი ინოვაციური პროდუქტები წარმოადგენენ ფორმირებულ მშრალ ხილს, რომელთაც შიგთავსის სახით ემატება: თხილი, კაკალი ან სხვა ნატურალური დანამატი; მევენახეობაში შექმნილია ე.წ. უძაფო ჩურჩხელა (პროდუქტის წარმოებისას გამორიცხულია ძაფზე აცმის შრომატევადი პროცესი, ხოლო სამკურნალო-დიეტური თვისებების გაუმჯობესების მიზნით შეიცავს ნატურალური, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე დანამატებს). მეჩაიეობაში შექმნილია ახალი სახის ე.წ. ელიტური ყვავილოვანი ჩაის სხვადასხვა სახეობები, რომელთაც ორგანოლეპტიკურ ღირსებებთან ერთად გააჩნიათ ძალიან ეფექტური მიმზიდველი სახე; ვაკუუმური ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულია ე.წ. გლუვზედაპირიანი მწვანედ გამშრალი დაფნა; შექმნილია აგრეთვე ახალი პროდუქტი, ე.წ. „სწრაფად ხსნადი ტყემლის საწებელი“ (ტყემლის საწებლის მშრალი კონცენტრატი). სიახლე წარდგენილია გამოგონებაზე საქპატენტში. 

ამჟამად დამზადებული გვაქვს ნიმუშები შემდეგი პროდუქციისა: ელიტური ჩაი, ხურმის ჩირი, კივის ბიოშოკოლადი გოზინაყით, უძაფო ჩურჩხელა, ფეიხოას „ბატონი“ თხილით, კივის „ბატონი“ თხილით, ხურმის „ბატონი“ თხილით, კივის ჩირი. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიული ნიმუშებითაც კი მივაღწიეთ დაინტერესებას აშშ-დან, გერმანიიდან, ლატვიიდან. 

იმის გათვალისწინებით, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჩვენი ფერმერული მეურნეობები, განსხვავებით უცხოურისაგან, ძირითადად აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელთაგან უმეტესი ნაწილი მალფუჭებადია, ხანმოკლეა მისი სარეალიზაციო პერიოდი, რის გამოც ფერმერი იძულებული ხდება წარმოებული პროდუქციის გაყიდვა მოახდინოს ოპერატიულად და დაბალ ფასში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვფიქრობთ ე.წ. მრავალპროფილიანი საწარმოების ორგანიზებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ფერმერებს ოპერატიულად გაუკეთონ რეალიზაცია ყველა სახის პროდუქციას თავისი სეზონის შესაბამის პერიოდში, რითაც ფერმერს მიეცემა საშუალება მოსავლის აღების შრომატევადი პროცესი გადაანაწილოს მთელ წელიწადზე, ამით კი უზრუნველყოფილი იქნება საწარმოს სიმძლავრეების მოცდენის თავიდან აცილება და მუშახელის დასაქმება პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში. შემოთავაზებული მოსაზრების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად ქვეყნის რეგიონები „დაიფარება“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილიანი საწარმოებით, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და ამერიკის ბაზრებს მიაწვდიან სხვადასხვა ახალი სახის, მაღალი კვებითი ღირებულების „ჯანმრთელ“ პროდუქციას. 

რჩევის სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის დარგის კრიზისიდან გამოყვანის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფერმერული მეურნეობების კოოპერატივებში გაერთიანება და მათ მიერ ზემოთ აღნიშნული საწარმოების ორგანიზება, რომლებიც მათი საკუთრება იქნება, ანუ ჩამოყალიბდებიან აგროფირმების სახით, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ნედლეულის დამზადებას, ისე მის გადამუშავება-რეალიზაციას. ყოველივე ეს მეტ ორგანიზებულობას და შედეგიანობას მიანიჭებს აღნიშნულ საქმიანობას. 

ბუნებრივია, ჩვენს მიერ მოწოდებული წინადადების მრავალპროფილიანი და სხვადასხვა რაიონებში დაფუძნებული საწარმოების შექმნისა და მათი ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საჭიროა სოლიდური რაოდენობის ნედლეულის წარმოების მყარი გარანტია, რისი პირობებიც საქართველოში დღეს არ არსებობს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ: ძალზე დაბალია როგორც მოსავლიანობა - წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, ასევე ფერმერების დაინტერესება მისი წარმოებით. ჩვენი წინადადების განსახორციელებლად (რაც სოფლის მეურნეობის რეაბილიტაციას, სოფლის მოსახლეობის თავიანთ ადგილ-მამულში დაბრუნებას, სოფლის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება) საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის საშუალების მოძიებისა და ფერმერთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. 

ჩვენი მყარად დასაბუთებული შეხედულებით, წარმოდგენილი წინადადების სრულყოფილად უზრუნველსაყოფად და საერთოდ სოფლის მეურნეობის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად დროა ქვეყანაში ფართო მასშტაბით დაინერგოს საყოველთაოდ ცნობილი ქართველი მეცნიერის, არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრის, მრავალი აღმოჩენებისა და გამოგონებების ავტორის, ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის კათედრის გამგის, პროფესორის ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების წევრის, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის მიერ შექმნილი მცენარეთა ბიოენერგოაქტივატორი „ბიორაგი“.

აკად. რ. გახოკიძემ, რომელიც აღიარებულია ახალი სამეცნიერო დისციპლინის - აგრობიოორგანული ქიმიის ფუძემდებლად, დაამუშავა მცენარეული უჯრედის მართვის გზები, რაც ორგანიზმებს პოტენციურ შესაძლებლობებათა გამოვლინების მაქსიმალურ საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც აქტიურდება სასიცოცხლო ძალები, იზრდება პროდუქტიულობა, ძლიერდება იმუნიტეტი, მაღლდება ავადმყოფობის მიმართ მედეგობა. ეს უდიდესი გარღვევა აგრომეცნიერებაში სპეციალისტების მიერ შეფასებულია, როგორც „ახალი ბიოორგანული მწვანე რევოლუცია“(კემბრიჯის ბიოგრაფიულმა საერთაშორისო ცენტრმა იგი შეიყვანა საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა სიაში). ამ პრეპარატის საშუალებით ყოველივე ზემოთ აღნიშნული თვისებების მინიჭების შედეგად, მოსავლიანობის გაზრდისა და დაავადებისაგან დაცვის მიზნით სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე ვიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულების უხვ მოსავალს (მოსავლიანობა იზრდება 3-4-ჯერ და ზოგჯერ 6-ჯერაც კი). 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისათვის ცნობილი და გამოყენებული მცენარეთა სხვა ბიორეგულატორებითაც შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღება, (იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი დაბინძურებული არ არის მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით), მაგრამ გამორიცხულია მასთან ერთად ნაყოფის მოსავლიანობის, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და მწვანე მასის (მცენარის ფოთლების ზომისა და რაოდენობის) მნიშვნელოვანი ზრდა. ამ უკანასკნელი თვისების საფუძველზე აქტიურდება ფოტოსინთეზის პროცესი: ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმა და გამოყოფილი ჟანგბადით გარემოს გამდიდრება, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჰაერის გასუფთავების საქმეში, მაშინ როცა საქართველოს, ზედმეტი გამონაბოლქვების (ძირითადად ავტომანქანებით) გამო ჰაერის სისუფთავის პრობლემები გააჩნია. ამ მხრივ, „ბიორაგის“ გამოყენება საყურადღებოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. („ბიორაგი“-თ დამუშავებული ერთი ძირი მცენარე 2-3 მცენარეს უტოლდება მწვანე მასის რაოდენობითა და ჰაერის გასუფთავების უნარით)

„ბიორაგის“ განსაკუთრებული თვისებებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მცენარეში ზრდის ყინვაგამძლეობას, რეზისტენტობას დაავადებების მიმართ. „ბიორაგი“-ს საშუალებით მოხდა „ფოთლის სიხუჭუჭით“ დაავადებული ათასობით თუთის ხეების განკურნება. ამ დაავადებით თითქმის განადგურდა (გახმა) აბრეშუმის ჭიისათვის საკვებად აუცილებელი, შეუცვლელი თუთის მცენარეები, რამაც მოკლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებული დარგი მეაბრეშუმეობა. (გაკვირვებას იწვევს ის რომ ეს დარგი ჯერ კიდევ არ აღდგენილა, როცა ამის რეალური საშუალება გამოჩნდა), ასევე განიკურნა ლიმონის ხეები „მალსეკო“-საგან, ბზები „ალურა“-საგან. „ბიორაგი“ ასევე ხელს უწყობს დაფესვიანებას, აჩქარებს ნაყოფმსხმოიარობას, მცენარეს უხსნის ე.წ. მეწლეობას და სხვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული თვისებების გამო მეცნიერებში განმტკიცებულია აზრი, რომ „ბიორაგს“ მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება და მათ მიერ რეკომენდირებულია სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოსაყენებლად ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის, უხვი მოსავლის მისაღებად (იხ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა-რეკომენდაცია №01/77 15.04.2016წ.). 

„ბიორაგმა“ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გაიარა ტოქსიკურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და დადგენილია მისი სრული უვნებლობა, ასევე იგი გამოცდილ იქნა ათასობით ჰექტარზე, რის თაობაზეც არსებობს როგორც ცალკეული ფერმერების, ისე ჩვენი და სხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ფერმერული მეურნეობების უაღრესად დადებითი ოფიციალური შეფასებები. 

ისრაელში „ბიორაგი“ ჩაითვალა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად თანამედროვე მსოფლიოს ბიოტექნოლოგიაში; იტალიაში „ბიორაგის“ გამოყენებით გაშენდა ვერცხლისფერი ნაძვის ხეივანი რომის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც თბილისის ხეივანი ეწოდა; „ბიორაგი“ გამოყენებულ იქნა თურქეთში დაავადებული, თითქმის გამხმარი ზეთისხილის ხეების გადასარჩენად. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამდენიმე დღეში მწვანე ფოთლებით შეიმოსა, რამაც აღაფრთოვანა როგორც იქაური ფერმერები, ისე ხელისუფლება და მათი წარმომადგენლები თბილისში ეწვივნენ ბ-ნ რ. გახოკიძეს. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მათ წინადადებაზე ამ პრეპარატის მათთვის გადაცემის შესახებ იმ მიზნით, რომ ისინი შექმნიდნენ საწარმოს მის დასამზადებლად ავტორის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, რ. გახოკიძე არ დათანხმდა, ასევე არ დაეთანხმა იგი სხვებსაც (იტალია, აფრიკა). მას პატრიოტული მოტივით მიაჩნია, რომ ასეთი უნიკალური პრეპარატი საქართველოს კუთვნილებად უნდა დარჩეს, მასიურად აქ უნდა დამზადდეს და სხვა ქვეყნებმა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში სათანადო თანხის გადახდის შემდეგ უნდა წაიღონ და გამოიყენონ. 

ჩვენი განსაკუთრებული დაინტერესება „ბიორაგით“ განაპირობა არა იმდენად მცენარეთა მოსავლიანობის არნახული ზრდის მაჩვენებელმა, არამედ პროდუქციის ეკოლოგიურმა სისუფთავემ, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ „ბიორაგით“ მოყვანილი ნედლეულით ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობა მაღალი იქნება საერთაშორისო ბაზარზე, რადგან დღეისათვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ალტერნატივა არა აქვს (მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მოსავლიანობის გადიდების მიზნით აზოტოვანი სასუქების გამოყენების შემთხვევაში მათში არსებული ნიტრატები გადადიან ნიტრიტებში, ეს უკანასკნელნი ნიტროზამინებში, რომლებიც კანცეროგენებს წარმოადგენენ და პროდუქციის მომხმარებლებში ავთვისებიან სიმსივნეებს იწვევენ, ასევეა მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებული პესტიციდებიც, რომლებზეც კიბოთი დაავადების 80% მოდის). 

ამასთან ერთად თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო „ბიორაგი“-ს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს, უნიკალურ თვისებაზე, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: დღესდღეობით კიდეც რომ მოვინდომოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა იმ ნიადაგებზე სადაც ადრე გამოიყენებოდა მინერალური სასუქები და პესტიციდები, ეს შუეძლებელია, რადგან ნიადაგში მათი დიდი რაოდენობით შემცვლელობის გამო აუცილებლად მოხდება მისი შეთვისება ჩვენს მიერ დათესილი მცენარის ორგანიზმში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღეისათვის „ბიორაგი“ არის ერთადერთი პრეპარატი რომელიც შევა რა მცენარეების უჯრედებში არ უშვებს მათში ამ ტიპის ნივთიერებებს და ასევე მძიმე ლითონებს (კადმიუმი, ტყვია, და სხვა). ყოველივე ეს დასაბუთებულია საველე პირობებში სპეციალურად ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე, მათ შორის ბირთული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ქ.დუბნა) მიერ. დამეთანხმებით რომ, ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა გასათვალისწინებელია აქტიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისათვის, იგი ყურადსაღებია ქართული სანელებლების მწარმოებლებისათვის, რომელთა მიერ დამზადებულ პროდუქციაზე, ტყვიის მაღალი შემცვლელობის გამო, ბოლო ხანებში გართულდა, შემცირდა და ზოგ ქვეყანაში აიკრძალა კიდეც მისი რეალიზაცია.  

განცვიფრებას იწვევს ის, რომ მაშინ, როცა ასეთი ფასდაუდებელი განძი გაგვაჩნია ჩვენს ქვეყანაში, სასურსათო პროდუქციის წარმოება ძირითადად ისევ აზოტოვანი სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას ეფუძნება: ყოველწლიურად იხარჯება საშუალოდ 50 ათასი ტონა აზოტოვანი სასუქი და 40 ათასი ტონა პესტიციდი, რაც, როგორც ვნახეთ, მეწარმე ფერმერების მიერ მათ შესაძენად გაწეულ დიდ ხარჯებთან ერთად მიზერულ შედეგს იძლევა „ბიორაგთან“ შედარებით და თანაც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ძალზე უარყოფითად მოქმედების გარდა, აბინძურებს ნიადაგს, გარემოს (მცენარეზე შესხურებისას პესტიციდების 80% ჰაერში იფანტება) და ასევე ზღუდავს საექსპორტოდ გათვალისწინებული პროდუქციის რეალიზაციას, რადგან ასეთი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნადი აღარ არის. ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის ბაზაზე, ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქციის შეთავაზების შემთხვევაში კი, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ სიტყვა „ქართული“ გახდეს ბრენდი, ასოცირებული ჯანმრთელ კვებასთან, პროდუქციის რეალიზაცია მოვახდინოთ მაღალ ფასებში, ჩვენი ქვეყანა გახდეს ძირითადად მწარმოებელი და არა მომხმარებელი როგორიც დღესაა, ანუ ექსპორტი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს იმპორტს, გაიზრდება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები, გამყარდება ვალუტა. 

ყოველივე ამის გამო 2 წელიწადია ველოდებით „ბიორაგი“-ს მხარდამჭერთა საგაზეთო სტატიებზე, მრავალჯერად გამოსვლებზე ტელევიზიით, სამეცნიერო კონფერენციებზე, ხელისუფლების გამოხმაურებას, მაგრამ დღემდე არცერთზე რეაქცია არ ყოფილა, რამაც არ მოგვცა საშუალება დაგვეწყო ჩვენი პროექტის: ინოვაციებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხისა და კვებითი ღირებულებებით, სპეციალური პირობების გარეშე ხანგრძლივი პერიოდით (1 წლამდე) შენახვის თვისებებით აღჭურვილი საექსპორტო პროდუქციის წარმოების განხორციელება. 

ჩვენი ღრმა რწმენით, სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისი, რაც გამოიხატა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძალზე დაბალი მოსავლიანობითა და მიზერული შემოსავლების გამო მიწის მესაკუთრეთა მიერ პროდუქციის წარმოების შეწყვეტითა და სოფლების მიტოვებით, შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ „ბიორაგი“-სა და ჩვენი პროექტის ერთობლივად ფართო დანერგვით, რაც აამაღლებს მათ მოტივაციას დაუბრუნდნენ ადგილ-მამულს, გაფართოვდეს ნათესი ფართობები, ნარგავების არეალი მნიშნელოვნად გაიზარდოს (3-4-ჯერ), ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოსავლიანობა, ადგილობრივი წარმოების სურსათით ქვეყნის მოსახლეობის 30%-იანი თვითუზრუნველყოფა 1 წელიწადში გაიზარდოს მინიმუმ 100%-მდე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად მოიმატებს როგორც ნედლეულის წარმოებით, ისე მისი გადამუშავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი შემოსავლები, ამასთან ერთად გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამაღლდება მათი ცხოვრების დონე. 

ვინაიდან „ბიორაგს“ თავისი უნიკალური თვისებების გამო მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება, მისი მნიშვნელობა სცდება საქართველოს ფარგლებს და საკაცობრიო მნიშვნელობას იძენს. მსოფლიო მასშტაბით მისი ფართოდ დანერგვის შემთხვევაში მას შეუძლია ააცილოს პლანეტის მოსახლეობას მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი (2030წ.), გლობალური შიმშილი (2050წ.), ნიტრატებით და პესტიციდებით გამოწვეული მძიმე დაავადებები და 2-3-ჯერ გაზრდილი მწვანე მცენარეების მიერ ფოტოსინთეზის პროცესის მნიშვნელოვანი გააქტიურებით (თბური აირების შთანთქმის საფუძველზე) კლიმატური კატაკლიზმები, ხოლო ამ პრეპარატის მფლობელ ქვეყანას - საქართველოს მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური შემოსავლები. 

ასეთი სავარაუდო სიკეთეების მოტანის შესაძლებლობის საპირისპიროდ აგრარული პროფილის ტელევიზიით (აგრო-TV) 2 წელიწადია ყოველდღიურად უწყვეტად კეთდება რეკლამა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ე.წ. მორბენალ სტრიქონზე ისეთი უცხოური პრეპარატის გამოყენების მოწოდებით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღების პირობას კი იძლევა, მაგრამ არ ხასიათდება სხვა, „ბიორაგისათვის“ დამახასიათებელი უნიკალური თვისებებით და მათ შორის უმთავრესით, მოსავლიანობის ზრდის მაღალი მაჩვენებლით (მისი მაჩვენებელი რეკლამის მიხედვით 20-30%-ია!). ამ ფაქტს კარგად შეესაბამება 2 ქართული ანდაზა: „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“ და „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო“. 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთივე გულგრილი დამოკიდებულებაა იგივე მეცნიერის, აკადემიკოს რ. გახოკიძისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ლია კვარაცხელიას ერთობლივი შრომის შედეგად შექმნილი ბიოლოგიური პრეპარატის „ანტიფარის“ მიმართ, რომელიც მოწოდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამანადგურებელი მწერის, აზიური ფაროსანას ლიკვიდაციისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო იძულებულია ებრძოლოს ამ მავნებელს ცოცხალი ორგანიზმების (მათ შორის ადამიანის) სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი პესტიციდების - ბიფენტრინის ტიპის პრეპარატებით, ზემოთ აღნიშნული პრეპარატი „ანტიფარი“ მცენარეზე 1 შესხურებით 100%-ით ანადგურებს ფაროსანას („ბიფენტრინ-ისაგან“ განსხვავებით, რომელსაც ამ მწერის სრული ლეტალური შედეგის მისაღწევად 6-7 შესხურება სჭირდება) და სრულიად უსაფრთხოა ადამიანების, სხვა მწერების, ასევე ფუტკრის და წყალში მოხვედრის შემთხვევაში თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა მიმართ. აღნიშნული პრეპარატი შეიქმნა 2 წლის წინ და განვლილ პერიოდში მრავალჯერ გამოიცადა როგორც დახურულ სივრცეში, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საველე პირობებში (არსებობს ოფიციალურად შედგენილი ოქმები ექსპერიმენტების ჩამტარებელთა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ხელმოწერებით). 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში „ანტიფარის“ განსაკუთრებულ შედეგიანობასთან ერთად საინტერესოა ისიც, რომ მცენარეებზე მისი შესხურების შედეგად შემჩნეული იქნა მისი სამკურნალო მოქმედებაც სოკოვან დაავადებებზე (ექსპერიმენტები ამ მიმართულებით გრძელდება).

უნდა აღინიშნოს, რომ „ანტიფარის“ მიმართაც ხელისუფლების უყურადღებობა და ხდება ქვეყნის ბიუჯეტიდან ასეული მილიონის გადახდის სანაცვლოდ უცხოეთიდან ტოქსიკური ბიფენტრინის შემოტანა, და ასეულობით ათასი ჰექტარი ნათესებისა და ნარგავების შესხურებით შეწამვლა. რომელსაც მოჰყვა ფუტკრის ოჯახების მნიშვნელოვანი რაოდენობით განადგურება, (არსებობს მეფუტკრეთა საზოგადოების საპროტესტო წერილები), ჰაერის დაბინძურება და რამდენიმე ადამიანის მოწამვლისა და გარდაცვალების ფაქტიც. ბუნებრივია, რომ „ბიფენტრინის“ გამოყენებით ადგილი ექნება ასევე „ბიორაგი“-თ მიღებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დაბინძურებას ჯანმრთელობისათვის მავნე ტოქსიკური პესტიციდით, რაც მნიშვნელოვნად დააქვეითებს წარმოებული პროდუქტით მომხმარებლების დაინტერესებას მის მიმართ და ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებების წარმატებით განხორციელების პერსპექტივას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ „ანტიფარის“ შესახებაც მისი მხარდამჭერების მიერ ბევრჯერ დაიწერა პრესაში, გაკეთდა მოხსენებები სამეცნიერო კონფერენციებზე და სხვა, მაგრამ ტოქსიკური „ბიფენტრინის“ ჩანაცვლება უსაფრთხო „ანტიფარით“ ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა მათ მიერ, ვინც პასუხისმგებელია ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაზე. 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, დაინტერესებულია რა სოფლის მეურნეობის გამოყვანით ღრმა კრიზისიდან ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ განხორციელებით, ამჯერად ყურადღებით მოეკიდება ჩვენს დასაბუთებულ, წარმატებაზე ორიენტირებულ წინადადებებს, გამოძებნის ფინანსურ საშუალებებს ბიოენერგოაქტივატორ „ბიორაგისა“ და „ანტიფარის“ მასიური გამოყენებისათვის საჭირო საწარმოების შექმნისათვის, გაატარებს სათანადო ღონისძიებებს ქვეყანაში მათი ფართოდ დანერგვის მიმართულებით, ასევე დააფინანსებს „ბიორაგით“ მოყვანილი და „ანტიფარით“ გადარჩენილი, ეკოლოგიურად სუფთა სასურსათო ნედლეულის გადამუშავებულ საწარმო-ლაბორატორიას (ჯერჯერობით მხოლოდ საპილოტე პროექტის განსახორციელებლად), რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტის დამზადება, ისე სამეცნიერო კვლევების ჩატარება. აღნიშნულის განსახორციელებლად შედგენილი გვაქვს საწარმო-ლაბორატორიის შექმნისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა (რომელიც 288.750 დოლარის სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს), რასაც ჩვენი წინადადებით დაინტერესების შემთხვევაში წარმოგიდგენთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×