მარიკა ხორავა
21.11.2020

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შედგება, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მოინახოს შეთანხმების ისეთი ფორმულა, რომელიც ახლანდელ კრიზისს დაასრულებს. ამაზე მინიშნება შაბათს „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. იგი შესაძლო შეთანხმების დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება არა რაიმე დათმობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, არამედ მათ მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები.

როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, შუალედური ვარიანტი, რაზეც შესაძლებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი არ არის დათმობაზე, არამედ ნაბიჯებზე, რომელიც ერთობლივად უნდა გადადგან ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთი შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს ალბათ, დახურული ინფორმაცია უნდა იყოს, შეიძლება გვქონდეს გარკვეული ვარაუდები, მაგრამ სჯობს, ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მესამე რაუნდი, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს ზიანი არ მივაყენოთ.

„დათმობაზე ან აქედან ან იქიდან რანაირად შეიძლება იყოს საუბარი, მე არ ვიცი. არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი. აქ დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ერთად როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს და იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება," - განაცხადა კობახიძემ.

„ევროპული საქართვლოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან" მოლაპარაკების მესამე რაუნდის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

„სამწუხაროდ, დეტალებზე ვერ ვლაპარაკობთ. რაიმე რაციონალური შემოთავაზება თუ იქნება, შეხვედრის შემდეგ გავიგებთ. ჩვენი მოთხოვნა ცნობილია - ვადამდელი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (21.11.2020)
თუ ეხლა ამ ვითომ პარტიებს და ვითომ ოპოზიციას რამეს დაუთმობს არვიცით რა მოხდება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×