ელზა პაპოშვილი
19.01.2021

ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამ ეტაპზე ისიც კი გაუგებარია, შეძლებენ თუ არა ერთობის შენარჩუნებას მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი - ერთის მხრივ „მოქალაქეები“ და „გირჩი“, მეორეს მხრივ კი „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ისინი არცერთი ჯგუფის მხარეს არ დადგებიან.

ანალიტიკოსთა შეფასებით, აქ ყველაზე საინტერესო სწორედ „ნაცმოძრაობის“ პოზიციაა, რომელმაც ერთგვარი შდაოპოზიციური ფასილიტატორის როლი მოირგო და პოზიციონირებს არა როგორც დანარჩენების თანასწორი პარტნიორი, არამედ ამ დაპირისპირებაზე მაღლა მდგომი და ოპოზიციის გამაერთიანებელი, ლიდერი პარტია.

რაც შეეხება დაპირისპირებულ მხარეებს, ერთი მათგანისთვის „ნაცმოძრაობის“ ბოლო განცხადებები მიუღებელია, მეორესთვის კი - სავსებით ნორმალური. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან არ მოსწონს ნიკა მელიას განცხადება. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ცუდს ვერაფერს იტყვის და მათ „ყველაზე ნორმალური პოზიცია“ აქვთ.

დაპირისპირების ფორმალური საფუძველი „მოქალაქეებისა“ და გირჩის ინიციატივა გახდა. მათ სურთ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და მისი შედეგების მიხედვით გადაწყდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს იმის დადასტურებად ჩაითვლება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია, პარლამენტის შემადგენლობა არ შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ განწყობებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია ჩასატარებელი.

„ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ ამის განხილვასა და „გირჩი“-„მოქალაქეებთან“ შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. „ნაცმოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი პარტიის შიგნით გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დრო ითხოვა და მზადაა ელისაშილს თვის ბოლოს შეხვდეს.

„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“

მთელი ეს შიდა დაპირისპირება საბოლოოდ პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლამდე დადის. ანალიტიკოსთა ერთსულოვანი შეფასება ისაა, რომ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეს ახალი შეთავაზება მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტში თავისი მომავალი შესვლა გაამართლონ. თუმცა, ამაზე არათუ სხვადასხვა პარტიებს შორის, არამედ ცალკეული პარტიების შიგნითაც, როგორც ჩანს, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა.

ამ მხრივ თვალში საცემია „ლელოში“ მიმდინარე პროცესებია. მაგალითად, დავით უსუფაშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებიდან დროებით ჩამოშორება და ამის ფონზე, პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან ელისაშვილის კრიტიკა და პარლამენტის  ბოიკოტის იდეის კიდევ უფრო რადიკალური მხარდაჭერა.

რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოზიცია, როგორც ჩანს, შედარებით ზომიერია. თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ ვაშაძე მათთან შეხვედრისთვის მზად იყო და შემდეგ მოულოდნელად გადაიფიქრა, შესაძლოა პარტიის სხვა ლიდერების გავლენით, რომლებიც „გირჩი“-„მოქალაქეების“ მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. თავად ვაშაძე კი ბოლო დღეებში მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებასა და ე.წ. „მესამე პოლიტიკური ძალის“ შექმნის დაწებაზე საუბრობს.

ყველაზე რადიკალური კი „ევროპული საქართველოს პოზიციაა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ განგრენას შეადარა, რომელიც უნდა მოიკვეთოს.

„მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ამ წუთას წარმოადგენენ ჩვეულებრივ განგრენას ოპოზიციის სხეულზე, რადგანაც ეს არის უცხო სხეული, ეს არის ჩვეულებრივი შემოჩენილი კობახიძე, მათთან ურთიერთობა უნდა გაირკვეს. გაირკვეს ნიშნავს იმას, რამეს კი არ ვუკრძალავ იაგოს, უბრალოდ, მათთან პოლემიკაში აღარ უნდა შევიდეთ“, - განაცხადა უგულავამ

„მოქალაქეები და გირჩი“

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ამბობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მასთან და „გირჩთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს“.

„კრიზისი არის?- არის, გამოსავალი ამ კრიზისიდან მოსაძებნია? - მოსაძებნია, „ქართული ოცნება“ ეძებს გამოსავალს? - არ ეძებს, ჩვენ არ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი? პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გვაქვს? ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა არ გვაქვს? თუ ეს მოგვწონს, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს?

„დღეს ვაშაძე გამოვიდა და თქვა - ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასო. ეს იცით როგორი გაუგებარი რამეა?! პარლამენტში არ შედიხარ, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს ზურგი აქციე და იძახი, რომ ბოიკოტს ვუცხადებო და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადები, შე დალოცვილი, ისევ თამარ ჟვანიასთან, რომ მიხვიდე?! 

„ეს არის ის, რაც ვერც ჩემს ტვინში ლაგდება და ვერაფერში ვერ ლაგდება. ჩვენ მაინც შევალთ, ჩვენ გვინდა პირნათლები ვიყოთ და ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ ამბავს. არ დავზოგავთ თავს და ზუსტად ვიცით მეც და ლევანმაც რისთვის მივდივართ და მართლა ხალხის პრობლემების გამხმოვანებლები ვიქნებით ჩვენ და გვინდა, რომ უბრალოდ ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა და ყველას დაველაპარაკოთ. ხალხო, რა გჭირთ?! შეხვედრა რა უდგას წინ?!

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ნორმალური პოზიცია აქვს - „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ ვიტყვი ვერაფერს ცუდს, ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ნიკა მელიამ თქვა, ითხოვა დრო თვის ბოლომდე, რომ ახალი თავმჯდომარე ვარ და პარტიაში რაღაცები მაქვს დასალაგებელიო და თვის ბოლოს შევხვდეთო. კი, ბატონო, ძალიან პატიოსანი სიტყვაა. ეს გასაგებია, სხვებმაც თქვან, პირობები დააყენონ, ინიციატივა გვითხრან, ყველაფერზე მივყვებით. არ მოსწონთ ეს აზრი? უკეთესი გვითხრან“, - განაცხადა ელისაშვილმა. 

„ნაცმოძრაობა“, როგორც შიდაოპოზიციური ფასილიტატორი

 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მას არავისთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს და ყველას მოუსმენს. ამიტომაც თვის ბოლოს შეხვდება ელისაშვილსაც და „გირჩსაც“, თუმცა მელია ამბობს, რომ ის ამ შეხვედრაზე თავსი პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს და აუხსნის, რომ მათი წინადადება მისთვის მისაღები არაა. ის თავის მხრივ მათ დარწმუნებას შეეცდება, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. 

მან ფაქტიურად პირდაპირ თქვაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დაპირისპირებაში არავის მხარეს არ დაიკავებს და პირიქით, სიტუაციის დარეგულირებას შეეცდება. 

„საინფორმაცია გამოშვებებს პრაქტიკულად თვალს ვერ ვადევნებ, რადგანაც, პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან დაკავებული ვარ. ორი კვირაა იმდენად მძიმე გრაფიკი მაქვს, რომ ამისთვის ვერ ვიცლი. თუმცა, რა თქმა უნდა, გადმოცემით ვიცი რაც ხდება. 

„ეს ყველაფერი სასიამოვნო არაა. პირადად შემიძლია ეს პროცესი გავამწვავო, ან პირიქით - დავაწყნარო. ორივე მხარე რაც არ უნდა ამბობდეს, რომ მართლები არიან,  ჩვენი პოზიცია ისევ ის რჩება. თუ „ნაცმოძრაობა“  ამ სიტუაციაში ჩაერთო, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება. ამიტომ  ჩვენ სიტუაციის დარეგულირებას ვცდილობთ. ეს დაპირისპირება ხელს არაფერს შეუწყობს.

„ერთმა პარტიამ მეორე პარტია როგორ უნდა გაამტყუნოს?! ჩევენ არ შევრიგებულვართ, უბრალოდ მოვრიგდით, რომ პარლამენტში არ შევიდეთ. ვწუხვარ, რომ რანდენიმე პარტიამ ამ პოზიციას  გადაუხვია.  მე პირადად მქონია მათთან კომუნიკაცია. წინ არ უდგა  იმას არაფერი, რომ ადამიანს შევხვდე. ოღონდ ამ შეხვედრაზე ჩემს პოზციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. 

„რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი ესაა დიალოგი. ახლა კი ვაკვირდები, რომ ეს  ყველაფერი საფრთხის წინაშე დგას. შემიძლია ეს ყველაფერი კუდევ უფრო დავაბუყბუყო, მაგრამ არ ვიზამ. გაფუჭება  ადვილია, რთული შერიგებაა. უბრალოდ ახლა იმ ფაზაში ვართ, რომ თვის ბოლომდე თუ კი  სიტუაცია იცლის, შეხვედრა  გადავდოთ. ერთი პროცენტი თუ არის იმის შანსი, რომ მოვრიგდეთ, რატომაც არა? იმედი მაქვს არცერთი პარტიის ლიდერი პარლამენტში არ შევა“, - აცხადებს მელია „ტვ პირველთან“. 

მისივე თქმით,  „ნაციონალურმა მიძრაობამ“  მოსმენა ისწავლა. მელია ამბობს, რომ კოლეგების მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული იქნება, რადგანაც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამს.

მისი მტკიცებით, როცა კონფლიქტია  ან ერთია  მართალი და  ან მეორე. ამიტომ მას სიტუაცისი გამწვავება არ უნდა. საზოგადოება მათგან სამოქმედო გეგმას ელის. ხოლო ოპოზიციიის ნაწილს თუ პარლამენტში შესვლა უნდა, შევიდნენ და ძალით ვერ დააკავებს. 

„მელიას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობის ამბიციები აქვს“-ანალიტიკოსები 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციის დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალი ლიდერის, ნიკა მელიას ქცევა და პოზიცია საკამოდ საინტერესოა. როგორც ჩანს, მელიას როგორც პარტიის ლიდერობა, ასევე მთლიანობაში გაერთიაანებული ოპოზიიცის ლიდერობის ამბიციები აქვს. შესაბამისად, მისი ქცევა და განცხადებები ტაქტიკურად სწორია და ის მომრიგებლის როლის მორგებას ცდილობს. თუმცა საყვარელიძე არაა დარწმუნებული, რომ მელიას პოზიცია მთლიანობაში პარტიის წევრების პოზიციას  სრულად ემთხვევა, ამიტომაც სიტუაცია მას ჯერ პარტიის  შიგნით აქვს დასალაგებელი.  

„როგორც ჩანს, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს, რომ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას. მელიას ტაქტიკა ძალიან სწორად აქვს არჩეული და დიდი ალბათობით მას არა მხოლოდ პარტიის  ლიდერობა, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიედრობაც სურს. ამიტომაც ის სიტუაციის  დაბალანსებას ცდილობს და უნდა, რომ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნებული იყოს. მან კარგად იცის, რომ ამ დაპირისპირებით ხელისუფლების გაძლიერებას ხელს უწყობენ. ამიტომაც სწორად იქცევა, რომ სიტუაციას კიდევ უფრო არ ძაბავს. 

„ვფიქრობ, სააკაშვილმა მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცა და ამ ეტაპზე, როგორც ვხედავთ, არ ერევა. შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით. საინტერესოა ის მიგნებაც, რომ ყველა ოპოზიციური ლიდერი მას დადებითად ახასიათებს და ამბობენ, რომ მასთან კომუნიკაცია არ უჭირთ. ვფიქრობ მელია სიტუაციის  დალაგებას ცდილობს და ვანხოთ ეს როგორ გამოუვა. მაინც მგონია, რომ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ პარალმენტში შევლენ. ყოველ შემთხვევაში ამისთვის  ნიადაგს ამზადებენ“,-აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“  

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეც იგივე აზრზეა და ფიქრობს, რომ ნიკა მელიას სახით შესაძლოა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკოსი და ლიდერი მივიღოთ. მისი აზრით, მელიას ახლა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრია და ამის შესრულებას ცდილობს - პირველ რიგში პარტიის  შიგნით სიტუაცია უნდა დაალაგოს, რადგანაც წინა თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ პარტიაში რიგ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა; და მეორე - მოახერხოს და ოპოზიციაში ლიდერის ფუნქცია იკისროს. მომრიგებლის როლი შეასრულოს, რათა ოპოზიციას ერთობის მეტი სხვა ბერკეტი ხელისუფლებასთან საბრძოლველად არ გააჩნია. 

„მელია ცდილობს, რომ ელისაშვილი, იოსელიანი და „გირჩის“ წევრები იმაში დაარწმუნოს, რომ პარლამენტში მათი შესვლა ოპოზიციის ერთიანობას ჩრდილს მიაყენებს. მელიას სურვილია, რომ ოპოზიციური ერთობა, როგორც ხელისუფლებასთან ბრძოლის ბერკეტი, არ დაკარგოს. თუ ელისაშვილმა და სხვებმა მაინც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, მაშინ მელიას სათქმელი  ექნება, რომ  მათ გადარწუმუნებას ეცადა მაინც. ეს არის პროგრამა მინიმუმი, ხოლო მაქსიმუმი მელიას დიდი ალბათობით მთლიანი ოპოზიციის ლიდერობა უნდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ოპოზიციური პარტიებზე ერთად აღებული უფრო მეტი ხმა აიღო. ამიტომაც ლოგიკურია მელიასაც და პარტიის  სხვა წევრებსაც ლიდერობის ამბიცია აქვთ. „ნაციონალების“ გარეშე ოპოზიცია პარლამენტშიც რომ შევიდეს, დიდს ვერც ვერაფერს გააკეთებენ. ამიტომ პარტიასაც და მის  ლიდერსაც სიტყვა ეთქმის და ლოგიკურია, რომ მელია მომრიგებლის როლს ირგებს. არც მას და არც „ნაციონალებს“ ოპოზიციის შიგნით ასეთი დაპირისპირება არ აწყობთ. მელიას ქმედება ტაქტიკურად სრულიად გამართლებული და სწორია“, - აცახდებს ჩიტაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, უკვე იკვეთება, რომ მელია დამოუკიდებელი ლიდერია, რომელის საქმეშიც სააკაშვილი ამ ეტაპზე არ ერევა. დიდი ალბათობით ასეც იქნება, რადგანაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას სააკაშვილზე უკეთესად მელია იცნობს და მისი გადაწყვეტილებებიც შესაბამისად უფრო ლოგიკური იქნება, ვიდრე სააკაშვილის, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე უშუალო ინფორმაციას ვერ ფლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
2021   (20.01.2021)
20-ივნისი ვის კისერზეც დაიკიდა, ის თვითონ გაანთავისუფლეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, სწორედ მან შექმნა პოლიტიკური კრიზისი და სათანადო ფასიც გადაიხადა, ვაშინგტონი-კაპიტოლიუმი და თბილისი- 20-ივნისი, სხვადასხვა ასპექტებია...

მედეა   (20.01.2021)
20 ივნისი მელიას კისერზე ხმლად ჰკიდია.ამერიკაში თუ სჯიან კაპიტოლიუმზე შეტევის იდეის ავტორ პრეზიდენტსაც კი--აქ რატომ უნდა მივუტევოთ მელიას? რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ამ ტიპის პოლიტიკოსისგან?ჯანყი არის მისი მოქმედების მთავარი პოსტულატი,რაც დასაგმობია და არა მისატევებელი,არ არის იგი სანდო პოლიტიკოსი.იდეები არ უვარგა"შევცვივდეთ და გამოვყაროთ"--მიუღებელი იდეაა!

2021   (20.01.2021)
ვფიქრობ, რომ მელია, როგორც პოლიტიკოსი, ქვეყანას გამოადგება, მისი იდეებისადმი ძლიერი რწმენა, პრინციპულობა, ნებისყოფა, განათლება, გუნდის გამარჯვების საწინდარი გახდება...მინდა, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, კონკურენტული პოლიტიკოსები, პარტიები,არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება, ოღონდ ქვეყანა წინ გაიყვანონ...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )