სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ აკავშირებს ოფიციალური მოსკოვი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას 2011 წლის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებასთან
    ეკატერინე ბასილაია
    20.04.2017

     რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზებს საერთაშორისო დონეზე დიდი მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოს მხრიდან ცეცხლის განუახლებლობაზე იურიდიული დოკუმენტი გაფორმდეს და პლუს ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა უნდა მოხდეს, ამისთვის სამართლებრივი ბაზაც არსებობს და დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბასთან ერთად განაცხადა, რომ რკინიგზის მუშაობის განახლებაზე ახლა მხოლოდ ქართული მხარის პასუხს ელოდება.

    აღსანიშნავია, რომ რკინიგზის აღდგენას ოფიციალური მოსკოვი 2011 წელს საქართველოსთან გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან - მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური მებაჟეები უნდა დადგნენ, რომლებიც ტვირთების მონიტორინგს განახორციელებენ. ამისათვის შერჩეული შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ბოლო დეტალებს ათანხმებენ რუსეთის ხელისუფლებასთან.

    საგულისხმოა ისიც, რომ ეს საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა კარასინი-აბაშიძის ფორმატში მიმდინარე რუსულ-ქართული მოლაპარაკებისას, ლავროვს კი სოხუმში ამ ვიზიტისას სწორედ მისი მოადგილე გრიგორი კარასინი ახლდა თან.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ "რკინიგზის თემა ვიღაცებს აინტერესებს", მაგრამ საქართველოს ამ თემაზე არავისთან მოლაპარაკება არ აქვს და არც იგეგმება.

    სანამ ქართველი მებაჟეები ფსოუზე არ დადგებიან, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია, - აცხადებენ პოლიტოლოგები.

    "რკინიგზის აღდგენა სომხეთისა და რუსეთისთვის აქტუალურია. რუსეთის სურვილია, ამ რკინიგზით მოამარაგოს სომხეთში არსებული გოუმრის რუსული სამხედრო ბაზა. საქართველოსთვის კი პირიქით, ეკონომიკურადაც და უპირველესად, პოლიტიკურ ჭრილში ეს ნაბიჯი მიუღებელია. სანამ ჩვენი მებაჟეები ფსოუზე არ დადგებიან, რკინიგზის გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება," - ამბობს "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მთავარი საკითხია - ჩვენ სანაცვლოდ რას მივიღებთ და სად უნდა დაფიქსირდეს ეკონომიკური საზღვარი - ენგურზე თუ ფსოუზე.

    "სააკაშვილის ხელისუფლებამ კოზირი დაკარგა, როდესაც ევროპამ დაიყოლია და რუსეთს მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) შესვლის ნებართვა მისცა და სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. დღეს ვეძებთ იმას, რომ შვეიცარიელი მონიტორები დადგნენ, მაგრამ არანაირი მონიტორინგი არ ხდება, რუსეთი კი მსო-ის წევრია.

    "რკინიგზის შემთხვევაშიც სად იქნება საზღვარი? თუ კომპრომისამდე მივიდნენ, რომ ფსოუზე იყოს შვეიცარიელი მებაჟეები, უცხო ქვეყანას რატომ უნდა მივცეთ ჩვენი საზღვრის, ფსოუს საზღვრის გაკონტროლების ნებართვა? თუკი არაფერს არ მივიღებთ, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია. სანაცვლოდ რას მივიღებთ, ტრანზიტისთვის რაღაც კაპიკებს გადაგვიხდიან?" - აღნიშნავს ცინცაძე.

    აღსანიშნავია, რომ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი მოადგილე გრეგორი კარასინი რუსეთის "საელჩოს" გახსნისთვის ჩავიდნენ, სადაც გუშინ პრესკონფერენციაზე უკვე მერამდენედ გააქტიურდა რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა.

    "რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, ის შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იქნა რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს, როდესაც ჩვენ მასში გავწევრიანდით.

    "ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები დაინტერესებული არიან ტრანზიტის აღდგენით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა ამის წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ეს აღარ არის ჩვენზე დამოკიდებული, არამედ იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

    აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას "რესპუბლიკისთვის" მომგებიანი საკითხი უწოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც და აღნიშნა, რომ ამ ტრანზიტით ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები შევა.

    "ეს საკითხები ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე მზად იქნება, მე ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი დადებითად გადაწყდება," - განაცხადა ხაჯიმბამ.

    საგულისხმოა, რომ წლებია, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა პერიოდულად აქტიურდება. ერევნისთვის თბილისთან საუბრის უმთავრესი საკითხია სწორედ რკინიგზის აღდგენაზე ქართული მხარის დათანხმება და სომხურ მედიაში ხშირად ჩნდება სტატიები იმაზე, რომ თბილისთან მოლაპარაკებები მიდის. ოფიციალური თბილისი მსგავს მოლაპარაკებას მუდმივად უარყოფს.

    პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, რკინიგზის აღდგენა არის მოსკოვისა და ერევნის დიდი ინტერესი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კი რკინიგზის გახსნა მაინდამაინც არ სურს, მათ ეშინიათ, რომ ამ რკინიგზით ქართველები აფხაზეთში დაბრუნდებიან. მაგრამ რუსეთის მხრიდან რკინიგზის აღდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს საჯაროდ მაინც ეთანხმებიან, თან იმედი აქვთ, რომ თბილისი ამას არ დათანხმდება.

    "ამჯერად ლავროვმა მინიშნება გააკეთა 2011 წლის იმ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესული თუ გატარებული ტვირთების მონიტორინგი უნდა მოხდეს შვეიცარიელი მებაჟეების მიერ. თუმცა, თუ ქართული მხარე რკინიგზის აღდგენას დათანხმდება, ეს ხელშეკრულება არაფერ შუაშია, ამის გარეშეც შეიძლება ამის გაკეთება. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურია და იმის მცდელობაა, ქართულ მხარეზე ზეწოლა მოახდინონ," - ამბობს ცქიტიშვილი.

    მისი თვალსაზრისით, აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა არ მოხდება, რადგან საქართველოსთვის ამ საკითხს უპირველესად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

    "აქ ჩვენთვის მთავარი საკითხია, როგორ და სად გავაკონტროლებთ იმ ტვირთს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაივლის. ჩვენი საბაჟო სად უნდა დავაყენოთ? ფსოუზე აფხაზები საბაჟოს არ დაგვაყენებინებენ, ენგურზე დაყენებით კი პოლიტიკურად დაფიქსირდება, რომ ენგურის გადასასვლელს ვაღიარებთ, როგორც პოლიტიკურ საზღვარს, რისი დაშვებაც წარმოუდგენელია. მარტო ეს ერთი საკითხი ბლოკავს რკინიგზის აღდგენას.

    "თუმცა, ეკონომიკურადაც რომ განვიხილოთ, თუკი რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენა მოხდება, შეიძლება, შემცირდეს ტვირთნაკადები ფოთის პორტშიც და ახლა რკინიგზაზეც - ბაქო-თბილისი-ყარსზეც. ამხელა თანხაა ამ რკინიგზის ამუშავებაში ჩადებული და უკვე ეკონომიკური პრობლემებიც კი შეიძლება შეგვექმნას, თუ სომხეთის ტვირთები აღდგენილი რკინიგზით წავა,"- დასძენს ცქიტიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (20.04.2017)
    saqartvelom ara tu ar unda agadginos rkinigza, aramed kanonit unda akrdzalos saqartvelos teritoriaze da sahaero sivrceshi rusetshi mopovebul-carmoebuli nebismieri saxis nedleul-nacarmis gadazidva da rusetis moqalaqeebis gatareba.

    jaba-s   (20.04.2017)
    რით არიან მოგებული ჯაბა ბატონო, იმით რომ ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის რანგის ქვეყნების, მეგობარ ქვეყანასთან, რუსეთთან მეგობრობენ არა, რომელსაც ერთადერთი ატომური ბომბი აქვს საამაყო, რომელიც შეიძლება ადგილზე აუფეთქდეს, როგორც აფეთქდა ჩერნობილი, მხოლოდ ის არის, შეიძლება ეს ჩვენთვისაც საზიანო გამოდგეს...

    jaba   (20.04.2017)
    ruseti rom tavisas gaitans es ar icit? yvela mogebulia ruseti, afxazeti, somxeti, oseti. mxolod sakartvelo darha wagebuli, rogorc yoveltvis, imitom rom sakartvelos mtavroba gamyidvelta da debilta xrovaa.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter