სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    11.09.2017

     გასულ კვირას ბაქოში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა და სომხურ მედიაში აქტიურად განახლდა საუბარი იმაზე, რომ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი, რომელიც ასევე სამხედრო თამაშრომლობასაც მოიცავს, უფრო და უფრო მეტ იმპულსს იძენს და ამ სამი ქვეყნის კოალიციამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიციას, ეს პროცესები კი სომხეთს იზოლაციაში აქცევს.

    საქართველოში ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთ-სომხეთ-ირანის კოალიცია აშკარად იქმნება. ასევე, მეორე მხრივ, თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის - ენერგოუსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის და ა.შ. მიმართულებით, მაგრამ საჯაროდ ბევრი საუბარი იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა ნელ-ნელა იმ კოალიციად გარდაიქმნება, რომელიც რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიციის საპირწონე უნდა გახდეს, საქართველოსთვის წამგებიანია.

    პირიქით, ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის განცხადებით, უფრო სწორი იქნება, საქართველოს ხელისუფლებამ ერევანს აუხსნას, რომ თბილისიდან მათ რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ.

    საგულისხმოა, რომ მაისში ბათუმში მინისტერიალზე საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი და ახალ კოალიციაზე განცხადებებიც აქტიურად მაშინ დაიწყო.

    ახლა კი, 6 სექტემბერს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკვე მეექვსედ შედგა და ამიტომაც ბაქოს ეს შეხვედრა ერევანში სწორედ ახალი კოალიციის გეგმებზე მოლაპარაკებებს დაუკავშირეს.

    ერევანში ყველაზე მეტად იმას შიშობენ, რომ თუკი რეგიონში ორი კოალიცია საბოლოდ ჩამოყალიბდება და თან როდესაც სამხედრო კომპონენტზეცაა საუბარი, ეს პროცესი ყველაზე დიდ ზიანს მათ მიაყენებს, რადგან სომხეთი იზოლაციაში მოექცევა. ამიტომაც აცხადებენ, რომ თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული კოალიცია სამხრეთ კავკასიას მოუტანს ზიანს.

    სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტანემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ერთგვარი კოალიციის შექმნის პროცესი 2012 წლიდან დაიწყო და ის უფრო და უფრო მეტ იმპულსს იძენს. სომხეთმა კი, იზოლაციაში რომ არ აღმოჩნდეს, ამ ყველაფერს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

    "ჩემი აზრით, ამ პროცესში ჩვენი დიპლომატია უნდა შეეცადოს, წინააღმდეგობა გაუწიოს სომხეთ-ირან-რუსეთის კოალიციის შექმნასა და გაღრმავებას. ჩვენ მხოლოდ ეს დაგვრჩა. სხვა გზას, რომ ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგოთ, ვერ ვხედავ," - ამბობს ის.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთ-ირან-სომხეთის კოალიცია აშკარად იქმნება და მას, სამწუხაროდ, შექმნისათვის რეალური საფუძველიც აქვს. ეს სამივე ქვეყანა ერთმანეთთან სტრატეგიული თანაშრომლობით არის დაკავშირებული, მათ შორის - ღიად სამხედრო თანამშრომლობითაც.

    ასევე ამბობს, რომ მისი საპირწონე კოალიციის ელემენტებიც გაჩნდა წლების წინ. თავის დროზე ილჰამ ალიევი, მიხეილ სააკაშვილი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამ იდეას ავითარებდნენ. ახალი ხელისუფლების პერიოდშიც გაგრძელდა ამ იდეაზე მსჯელობა და სამი ქვეყნის - თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავდა, რაც სომხეთს ყველაზე მეტად აფრთხობს. თუმცა, დღეს ამ მხრივ სიტუაცია შეცვლილია და, საქართველოსთვის სამწუხაროდ, გეოსტრატეგიული ფონი შეიცვალა - თურქეთმა ევროპასა და აშშ-თან კარგ ურთიერთობას რუსეთთან დაახლოება არჩია.

    "ასეთი ალიანსები, თუნდაც სამხედრო არ იყოს და იყოს პოლიტიკური და ეკონომიკური, სომხეთის მხრიდან ყოველთვის აღქმულია, როგორც მათი საწინააღმდეგო. მით უმეტეს, რომ ამ სამი ქვეყნის თანამშრომლობას სამხედრო კომპონენტიც ჰქონდა. საუბარი იყო სამხედრო ელემენტების გაძლიერებაზე, სტრატეგიული კომუნიკაციური კვანძების, სტრატეგიული ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით იდეა იყო წამოწეული. საუბარი იყო სამწრთვნელო ოპერაციებში ერთობლივ მონაწილეობაზე.

    "მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია. დღეს თურქეთი გაცილებით უფრო დაუახლოვდა რუსეთს, ვიდრე დასავლეთის ფორპოსტზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრია. აზერბაიჯანთანაც კი ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში გადაიდო.

    "დღევანდელ დღეს ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო კომპონენტის არსებობაზე ვერაფერს ვიტყოდი და ამ ორი ქვეყნის პოზიციები ბევრ რამეში რუსეთის პოზიციების შიდა ფლანგში უფრო მოიაზრება, ვიდრე მასთან დაპირისპირების კონტექსტში. ამიტომ ჩვენ ნაკლებად უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებს სამხედრო შიგთავსი, კოალიციის ელემენტები ექნება," - ამბობს მაისაია.

    ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, რუსეთ-ირან-სომხეთის თანამშრომლობა ახალი არ არის, დიდ ხანია, სხვადასხვა ფორმატში ამ ქვეყნების ურთიერთობები გრძელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რაიმე ახალი საფრთხე არსებობს.

    მისი თქმით, არც სომხეთს ემუქრება საქართველოდან რაიმე საფრთხე და როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან ურთიერთობებს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის კოალიციაზე ხმამაღლა მსჯელობას ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, სომხეთთან ურთიერთობაში ბზარის შეტანის შესაძლებლობის გამო.

    "არანაირ კოალიციას არ გამოვრიცხავ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი ერთადერთი საპირწონე არის რუსეთი. მიზანშეწონილად არ მივიჩნევ იმაზე ხმამაღლა საუბარს, კავკასიაში თუ რა კოალიციას და ვის საპირწონედ ვაყალიბებთ.

    "სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს და ვმეგობრობთ. ანალიტიკურ პუბლიკაციებს მშვიდად უნდა შევხვდეთ და ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაააქტიუროს ინფორმაციული და ყველა სახის ურთიერთობები, ახსნა-განმარტებები აწარმოოს თავის ქმედებებთან დაკავშირებით, რომ ის არ იქნეს აღქმული, როგორც საფრთხე.

    "სახელმწიფო პოლიტიკას ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ ანალიტიკოსებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით," - ამბობს სალუქვაძე.

    მისივე თქმით, ვერავინ აგვიკრძალავს იმას, რომ ვინმესთან მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და ვინმესთან - ნაკლებად, მაგრამ იმით, რომ კოალიციაზე აჟიოტაჟი ავტეხოთ, მხოლოდ სხვის წისქვილზე დავასხამთ წყალს.

    "რასაც თქვენ (კოალიციაზე) მეკითხებით, ამ კონფიგურაციაში აზერბაიჯანი ახერხებს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან. მხოლოდ სამხედრო შესყიდვების მხრივ ბრუნვა 6 მლრდ დოლარს შეადგენს... საქართველოსაც თავისი ინტერესები და პოლიტიკა აქვს და სომხეთის ინტერესებს ის არ უპირისპირდება", - ამბობს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter