სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.01.2018

     თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს, თუმცა ვინ იქნებიან მისი თანაგუნდელები, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე არც თავად საუბრობს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ელისაშვილს თავის დროზე მხარდაჭერას უცხადებდნენ.

    "არავითარი შემოთავაზება არ გვქონია. ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჯერჯერობით არ მიმაჩნია ისეთ თემად, პოზიცია გამოვხატო. მეც მედიის მეშვეობით შევიტყვე. ვნახოთ, რა იქნება, დრო გვიჩვენებს. წინასწარ კომენატრი არ შემიძლია", - გვითხრა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ.

    ანალოგიურად საუბრობს "რესპუბლიკური" პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილიც.

    "წარმატებს ვუსურვებ თავის საქმეში. გამოვიდეს ასპარეზზე. რა ურთიერთობა გვექნება, ამას დრო გვიჩვენებს", - გვითხრა ზურაბიშვილმა.

    "ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე ვილაპარაკოთ. ადრეა ამაზე საუბარი. მე პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. ვნახოთ, რა იქნება. არ მიყვარს ვარაუდები, როდესაც რაღაც ითქმევა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება და რას გადაწყვეტს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მოძრაობა "შენების" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე.

    არჩევნებში ელისაშვილის შანსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ პოლიტოლოგებსაც. გია ხუხაშვილი მას წარმატებას უსურვებს, თუმცა ფიქრობს, რომ სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება გაუჭირდება.

    "წარმატებას ვუსურვებ. მან ნამდვილად აჩვენა, რომ თბილისის განზომილებაში გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა, თუმცა მისთვის დამახასიათებელია სისუსტეები, რაც მის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.

    "ვფიქრობ, გაუჭირდება სერიოზული გუნდის ჩამოყალიბება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აწყობა, რაც ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო. არ მინდა, ზედმეტად სკეპტიკური ვიყო, თუმცა მის შესაძლებლობებს ამ გზაზე ეჭვის თვალით ვუყურებ. მისი სისუსტეები არის ის, რომ, წმინდა მენეჯერული თვალსაზრისით, არ აქვს მართვის გამოცდილება და რაც მთავარია, პიროვნული მონაცემებითაც გაუჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურის აწყობა.

    "არ მგონია, რომ მან საერთოდ შეძლოს სერიოზული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და რომელიმე სერიოზული ფიგურისთვის მისი პარტია მიმზიდველი გახდეს. ეს არც ცუდია და არც კარგია. იგი არის ადამიანი, რომელიც მოკლებულია უნარს, რომ შექმნას მიზიდულობის ცენტრი და ბევრი თანამოაზრე გაიჩინოს", - გვითხრა ხუხაშვილმა.

    პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი წარმატებას მიაღწევს და ამის მთავარი მიზეზი მისი არაპარტიულობაა. რაც შეეხება მის გუნდს და მის პარტიულ მომავალს, საყვარელიძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხი საპრეზიდენტო არჩევნების მერე გაიცემა.

    "შანსი, მე მგონი, საკმაოდ სერიოზული აქვს. საერთოდ, პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და ელისაშვილი იმთავითვე თავისუფალია ამ სტატუსისგან. ამდენად, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდება. ელისაშვილის გვერდით დაახლოებით იქნება ის ხალხი, ვინც მერის არჩევნებზეც გვერდით ედგა. საპარლამენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს გასცემს საპრეზიდენტო არჩევნები", - უთხრა "რეზონანსს" საყვარელიძემ.

    შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ელისაშვილი გუშინ გამოვიდა განცხადებით. იგი 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა მანამდე საკუთარ პოლიტიკურ პარტიას შექმნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვანო   (14.01.2018)
    მორიგი ცრუ ,,მოციქული - მხსნელი" გიჟ ვრაცუებისათვის. ის იმდენად იქნება სერიოზული ფიგურა რამდენადაც იქნება საჭირო ვრაცუების გამოყეყეჩებისათვის.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter