სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზაზა ფირალიშვილი: "ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ის ორი ძალა, რომელიც მის დაუფლებას ცდილობს"
    ია აბულაშვილი
    17.05.2018

     "მთავარი მოთამაშე ამ პროცესებში არის ის, ვისაც სურს, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება სწორედ ასეთი ექსტრემისტული განწყობების ასპარეზად იქცეს და ის მცირედიც დავკარგოთ, რაც მოგვიპოვებია. ეშმაკს ორი ხელი აქვს და ორივე ხელით ათამაშებს ნებსით თუ უნებლიეთ გამხდარ ინსტრუმენტებს და 17 მაისი ჯერაც წინ გველის", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, ვისაც "რეზონანსი" ამ დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

    "რეზონანსი": 13 მაისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა სრულად გადაფარა ყველა ის პოლიტიკური მოვლენა, რომლებიც მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო საზოგადოებისთვის. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ბოლო მოვლენებმა?

    ზაზა ფირალიშვილი: სხვისი არ ვიცი და მე ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ძალა, რომლებიც, იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მცირე სეგმენტს ასახავენ. მართალია, პროტესტანტები შეეცადნენ, რომ აქციისთვის იდეოლოგიურად გამართული სახე მიეცათ და განეცხადებინათ, რომ ისინი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლამ კი არ გააღიზიანა, არამედ მათი უფლებების შელახვამ, მაგრამ ამ უფლებების დასაზუსტებლად სხვა იდეოლოგიური ძალების დახმარება დასჭირდათ.

    შემდეგი კი ის იყო, რომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი გახევებული უცქერდა ამ უცნაურ ენაზე მეტყველ სანახაობას.

    მე სხვა საშიშროებაც დავინახე ამ პროცესებში - ტენდენცია, რომ ის, რაც ვიღაცას თავისუფლებად ესმის, ფსიქოლოგიური და მორალური რეპრესიების გზით დაამკვიდროს. ხომ თქვა კიდეც ამ სუბკულტურის ერთმა წარმომადგენლემა, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლა მაღალი თანამდებობა უკავია: "ერთსქესიანთა ქორწინება უნდა შემოვიღოთ. საზოგადოება ახლა ვერ იღებს მას, მაგრამ თანდათან შეეგუება". რით განსხვავდება ეს რიტორიკა 20-იანი წლების ახალგაზრდა ბოლშევიკების რიტორიკისაგან?

    "რ": საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ პროცესებზე საგანგებოდ იზრუნა ვიღაცამ...

    ზ.ფ.: არსებობს ერთი საეჭვო გარემოება და ეს უნდა ითქვას - როგორც კლუბში რამდენიმე მყოფმა მითხრა, თავადაც არ იციან, რატომ ჩაიგდო ხელში ინიციატივა "თეთრმა ხმაურმა". ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვი, რომ ამაზე საგანგებოდ იზრუნა ვიღაცამ, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ამ ახალგაზრდების თუნდაც სამართლიანი პროტესტი ამ იდეოლოგიური ქოლგით წარმართულიყო. ასეთები თავიდანვე უკანა პლანზე აღმოჩნდნენ.

    შემდეგ პროცესები ჩვენი სინამდვილისთვის უკვე ბანალური სცენარით წარიმართა. სადაც ერთი ექსტრემალური განწყობაა, იქ უმალ ჩნდება მისი საპირისპირო და ასე გამოჩნდნენ ასპარეზზე ჩვენი შინნაზარდი ფაშისტები, რომლებმაც სურათი კიდევ უფრო დაამძიმეს და საბოლოოდ, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა ის ორი ძალა, რომელიც მის დაუფლებას ცდილობს და რომელიც ნაყოფიერზე ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის ჩვენ წინააღმდეგ მიმართულ ჰიბრიდული ომის სტრატეგოსებს.

    იმათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც საპროტესტო ინიციატივას ფლობდა, ნამდვილად არ გამოიყურებოდა უკეთესად, ვიდრე მათი მოწინააღმდეგენი.

    თუმცა რა, ისინი მაინც იფიქრებენ ამას, ხომ აცხადებდნენ კიდეც, რომ მათთან იყო ერის საუკეთესო, წინ წასული და ინტელექტუალური ნაწილი. ზუსტად ასევე სწამდათ მათ მოწინააღმდეგეებსაც, რომ მათთან ერთად იყო ნამდვილი ეროვნული სულისკვეთება და ა.შ. შემდეგ კი, როგორც ვთქვი, ის იყო, რომ ლამის მთელი დანარჩენი საზოგადოება გაოგნებული უყურებდა მოვლენებს.

    "რ": თქვენი აზრით, მაინც ვინ იყო მთავარი მოთამაშე ამ პროცესებში?

    ზ.ფ.: ყოველივე ამაში ჩართული აღმოჩნდა ოპოზიციაც, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა, პროცესები რევოლუციური გზით განევითარებინა; ასევე - ნარკობიზნესი, რომელმაც გადაწყვიტა, ხელისუფლებისთვის ჭკუა ესწავლებინა მისი სივრცეში შეჭრის გამო. ქართული ეროვნული პუტინიზმიც, რომელსაც შანსი მიეცა, უალტერნაციონალური მოწოდებებით გამოსულიყო და "ქვეყანა დასავლური ჭაობისგან ეხსნა".

    ბედად, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეძლო, ამ ეტაპზე სიტუაცია განემუხტა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი იოლად ჩაწყნარდება.

    მთავარი მოთამაშე ამ პროცესებში არის ის, ვისაც სურს, ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება სწორედ ასეთი ექსტრემისტული განწყობების ასპარეზად იქცეს და ის მცირედიც დავკარგოთ, რაც მოგვიპოვებია. ვფიქრობ, განმარტებას არ საჭიროებს, თუ ვის ვგულისხმობ. ეშმაკს ორი ხელი აქვს და ორივე ხელით ათამაშებს ნებსით თუ უნებლიეთ გამხდარ ინსტრუმენტებს და 17 მაისი ჯერაც წინ გველის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved