სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.06.2018

     საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გომბორზე მომხდარ ავტოკატასტროფას და ბოლო პერიოდში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს აფასებს და ამბობს, რომ პრობლემა მენეჯმენტის არარსებობაშია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, არსებული სტატისტიკა კი კატასტროფაა - სიკვდილიანობის მიხედვით 2016 წელს საქართველო პირველ ადგილზე იყო.

    "ყველაფრის სათავე არის მენეჯმენტში, უფრო სწორად, მენეჯმენტის არარსებობა. მიუხედავად მსოფლიო ბანკის ექსპერტების, მიუხედავად საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაფრთხილებისა, ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა, ჩვენ ვხედავთ ერთ კონკრეტულ მიმართულებას - ეს არის საგზაო უსაფრთხოების სტრუქტურის არქონა.

    "ევროკავშირის ქვეყნებში ყველაგან არსებობს ეს სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ავტოსაგზაო შემთხვევებზე; პასუხისმგებელია პრევენციულ ღონისძიებებზე, სოციალურ საგანმანათლებლო კამპანიაზე და უამრავ სხვა რამეზე.

    "ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. აუდიტის დასკვნაც მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მექანიზმი არ არსებობს.

    "რა არსებობს? - არსებობს ეკონომიკის სამინისტროში ავტოსაგზაო შემთხვევების კომისია, რომელიც განიხილავს საგზაო უსართხოების ეროვნულ გეგმას; ეს კომისია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, იქ არის თავშეყრის ადგილი, ვერც პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება და ვერც კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება.

    "ზოგადად, ტრანსპორტის სფერო მიმოფანტულია ეკონომიკის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მუნიციპალიტეტებში. ამ უწყებებს შორის კოორდინაცია ძალიან არადამაკმაყოფილებელია და ჩვენ საერთოდ არ გვაქვს არანაირი ხედვაც კი, როგორი უნდა იყოს ავტოსაგზაო უსაფრთხოება.

    "ჩვენ, როგორც წესი, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გვახსენდება საპატრულო პოლიცია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან საპატრულო პოლიცია უკვე მომხდარ დარღვევეზე რეაგირების სამსახურია - თუ ვინმემ სიჩქარეს გადააჭარბა ან ნასვამი დაჯდა საჭესთან, ამაზე რეაგირებს, ხოლო პრევენციული ღონისძიებები ვინ უნდა გაატაროს, ამაზე საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს.

    "რაც შეეხება კანონმდებლობას, საგზაო მოძრაობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დიდი ნაწილი ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში, საერთოდ არ შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ცვლილებას ვერ მივაღწიეთ.

    "მაგალითად, ნასვამ პირს მანქანის მართვის უფლება ეზღუდება 6 თვის ვადით და სამ თვეში მას მაინც შეუძლია, გამოიტანოს მართვის მოწმობა.

    ასეთი პრეცედენტი ევროკავშირის ქვეყნებში არ არის, ადამიანს მართვის მოწმობა არ ჰქონდეს და მანქანას მართავდეს. ჩვენი კანონმდებლობა უშვებს, მართვის მოწმობა თუ ჩამორთმეული გაქვს, მაინც მართო მანქანა. მთავარია, გქონდეს ფული და იყიდი უფლებას, რომ იხადო ჯარიმები და მართვის მოწმობის გარეშე იარო.

    "დღემდე ვერ მოხდა მთავარი მკვლელი დარღვევის, რაც სიხშირით პირველ ადგილზეა, სიჩქარის გადაჭარბების მენეჯმენტი, ვიდეოკამერები დღემდე არ არის დამონტაჟებული. წესით, დღეს უკვე მთელი ქვეყანა უნდა იყოს მოცული კამერებით.

    "ორი წელია, ჩვენ ამას ველით და ესეც გაჭედილია. მაშინ, როდესაც მხარი დავუჭირეთ ქულათა სისტემას, უკონტაქტო პატრულირებას, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო პირველი ტალღა რეფორმისა, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სხვა ტალღები. ეს სხვა ტალღები არ არსებობს, ხოლო ის, რაც დაიწყო, გაჭედილია შუა გზაზე, ეფექტიანად არ არის დანერგილი.

    "ჩვენ ვამბობდით, რომ თუ აღსრულება არ იქნებოდა, შედეგიც არ გვექნებოდა. არასწორი მენეჯმენტია საპატრულო პოლიციაში. არ ჰყოფნით მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, მათი გადამზადებაა საჭირო, რადგან კვალიფიციურობაც საეჭვოა, გამოწვევები კი შეიცვალა.

    "დღეს საპატრულო პოლიცია დგას და განმუხტავს საცობებს. არადა, საპატრულო პოლიცია უნდა რეაგირებდეს დარღვევეზე, ორიენტირებული იყოს კრიმინალზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე. დღეს კი ის დგას და დაკავებულია საცობების განმუხტვით. გარშემო უამრავი ადამიანი არღვევს წესებს და მათთან ვერ მიდიან, რაც არასწორია, საგზაო პოლიცია დარღვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

    "არსებული რესურსებით ტრანსპორტის სექტორში ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს. მთავარ კითხვაზე - ვინ აგებს პასუხს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, ვერავინ გიპასუხებთ, თუ ვისი პასუხისმგებლობა დგება. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ დამნაშავეები არიან ყველანი, მთავრობა უპირველესად არის დამნაშავე ამაში.

    "გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოვისმინეთ დეპუტატებისა და განათლების მინისტრის განცხადებები, რომ ექსკურსიების რეგულაციაზე ფიქრობენ. მსგავსი არაკომპეტენტური და არასერიოზული განცხადება მე, დიდი ხანია, არ მომისმენია და კარგი იქნება, თუ ექპერტებს დაეკითხებიან;

    "რას ნიშნავს ექსკურსიების რეგულაცია? ესე იგი, სხვა მიკროავტობუსით სხვა მგზავრები თუ მიდიან ქუთაისიდან თბილისში, იქ უნდა იყოს დაშვებული სიკვდილიანობა? ასეთი დაყოფა არასერიოზულია. უნდა იყოს, ზოგადად, მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები. არაფერ შუაშია აქ ექსკურსია. ექსკურსიის მგზავრები უნდა იყვნენ დაცულები და ჩვეულებრივი რეგულარული რეისებით მგზავრები დაუცველები? მგზავრები ყველგან დაცულები უნდა იყვნენ.

    "დაგვიანებულია ბევრი რეფორმა და რაც დაიწყო, არის გაჭედილი. სამწუხაროდ, გვაქვს უკუსვლა, რაც აისახება სტატისტიკაზე. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ რუსეთს გადავუსწარით და პირველ ადგილზე ვიყავით ევროპის მასშტაბით ავტოავარიისას გარდაცვლილთა რაოდენობით.

    "სახელმწიფოს საერთოდ არ აქვს განათლება სოციალური კამპანიის ჩასატარებლად ამ მიმართულებით. არც კი ვიცი, სად შეიძლება დამთავრდეს ამ პრობლემების ჩამონათვალი. კატასტროფის წინაშე ვდგავართ და არ ჩანს არანაირი ნათელი წერტილი.

    "ძალიან გაწბილებულები ვართ, ამ სამი დღის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევისას, რაც კატასტროფაა", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

    "რეზონანსი" ამავე თემაზე "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ავტომანქანების რეგულაცია არ არსებობს; არც მძღოლების კვალიფიკაცია და არც ავტომანქანების გამართულობა არ კონტროლდება. მთავრობამ უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც ამ სფეროს გაკონტროლება და დარეგულირება მოხდება.

    "ზაფხულის პერიოდში იმის გათვალისწინებით, რომ გადაადგილება გახშირდა, უფრო ინტენსიურად ხდება ავარიები და მათი რიცხვი საქართველოშიც მატულობს. ყველაზე პრობლემური ახლა საერთაშორისო გადაყვანაა, კერძო კომპანიების მომსახურება ქალაქებს შორის; არც სამარშრუტო ტაქსებისა და არც კერძო ავტომობილების რეგულაცია კი არ არსებობს. ზოგადად, კერძო კომპანიების, ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის, მძღოლების კვალიფიკაციის რეგულაცია არ არსებობს და, ფაქტობრივად, დაუცველია მგზავრი.

    "ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გზების ნაწილი საქართველოში არის ღია და ასეთ გზებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც სხვა გზაც იკვეთება, აუცილებელია, ყველგან დამონტაჟდეს დამცავი ბარიერები გვერდებზე. ყველაზე პრობლემური კი ავტომანქანების გაუმართაობაა.

    "არანაკლები პრობლემაა კვალიფიკაცია და სიჩქარის კონტროლი, კამერების არარსებობა, საკმარისი არ არის უკონტაქტო პატრულირება რეგიონებში, სადაც სიკვდილიანობა თბილისთან შედარებით ორჯერ და სამჯერ მეტია.

    "საჭიროა უფრო აქტიური ჩარევა, რათა საგზაო უსაფრთხოების არსებული გეგმისა და იმ პროექტის, რაც გულისხმობს კამერების, საგზაო მოძრაობაზე კონტროლის დაწესებას, განსახორციელებლად ფინანსური რესურსები სასწრაფოდ გამოინახოს და ერთიანი ქსელი შეიქმნას.

    "ამავე დროს, ყველანაირი გადაყვანაზე, ეს იქნება ტურისტული, სკოლის თუ სხვა მომსახურება, არ აქვს მნიშვნელობა, ინდივიდუალური გადაყვანა იქნება თუ სხვაგვარი, უნდა იყოს პასუხისმგებელი მათ დაცვაზე - აღირიცხოს მანქანები, გაკონტროლდეს მძღოლების კვალიფიკაცია და ასე შემდეგ. მონიტორინგი უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ყოველდღიურად.

    "უნდა იყოს ზოგადი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც გულისხმობს საგზაო ტრანსპორტის კონტროლს, უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების დაცვას. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უნდა დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები: რა კვალიფიკაცია აქვს მძღოლს, რა ავტომობილით გადაადგილდება... ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელია. პარლამენტმა, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონმდებლობა", - განაცხადა გელა კვაშილავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved