თამთა ჩაჩანიძე
25.03.2020

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე „სირცხვილიას" აქტივისტის ნოდარ რუხაძის პოსტი გააზიარა და მიაწერა: „დეზინფორმაცია კლავს!", რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუკომენტარა სიტყვებით „ახლა მიხვდა ლომჟარია".

„რეზონანსის" გაარკვია, რომ ეს ფეისბუქ ანგარიში მართლაც პრეზიდენტს ეკუთვნის, ხოლო ადმინისტრაციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ გვერდმა „სირცხვილის კორიდორი" ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა სიტყვებით „თაობათა ცვლის ამბავში ძალიან კარგი მგონია ეს კორონავირუსი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძირითადად 70 წლის ხალხს კლავს". რუხაძე აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაცია და მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.

ამ ციტატაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგაზრდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს.

რუხაძემ კი ვრცელი ფეისბუქ სტატუსი ცერცვაძეს მიუძღვნა.

„სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი. არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.

„არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.

„ბინძური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული „ჟურნალისტი" არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას," - წერს რუხაძე.

ინფექციურის დირექტორმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ თუ მართლაც ასეა, მაშინ რუხაძეს ბოდიშს უხდის.

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი", - თქვა ცერცვაძემ.

ნინო ლომჯარია „მთავართან" მწუხარებას გამოათქვმს იმის გამო, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე საზოგადოების ნაწილი დეზინფორმაციისთვის იცლის, მაშინ როდესაც ინფორმაციის ნამდვილობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„დავაკვირდი,რომ ბოლო კვირებში, რაც საქართველოში ეს ვითარება შეიქმნა განსაკუთრებით ფეიკნიუსების კამპანია ძალიან ცუდი ფორმებით გააქტიურდა, ეს ჩემს წინააღმდეგაც იყო, თითქოსდა ვთქვი, რომ კარანტინში ადამიანის გადაყვანა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რაზედაც საზოგადოება აღშფოთებული იყო, რაც სრული ცილისწამება და შეგნებული დეზინფორმაციული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ და როდესაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, ამ საკითხს აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ და ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ თუ ამ კამპანიის უკან ვინ იდგა.

„არ ვიცი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად თავად გააკეთა თუ არა კომენტარი, თუ ეს მისი კომენტარი იყო, ძალიან ვწუხვარ, თუ არ გაკეთდება ოფიციალური განმარტებები, რომ ეს კომენტარი ნამდვილად ქალბატონ სალომეს ეკუთვნის, ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებ," - განაცხდა ლომჯარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×