თამთა ჩაჩანიძე
26.03.2020

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ფონდისა და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების და ხელთათმანების დარიგებას, რასაც ათეულობით ადამიანი მიაწყდა და ეპიდემიის გავრცელების რეალური საფრთხე შეიქმნა. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამ ინიციატივას პარტიულ აქციად და მეტიჩრობად აფასებენ. ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია კი უპასუხისმგებლო ქმედებად ახასიათებს და ყველას მოქმედი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს ჰუმანური მიზნებით შეფუთული პარტიული აქციაა "სააკაშვილის წმინდა ხელწერით".

„ნაციონალური მოძრაობა სულ წინასაარჩევნო რეჟიმში არიან, შესაბამისად ეს ღონისძიებაც ჰუმანური მიზნებით შეფუთული მორიგი პარტიული აქციაა. მათ უნდათ დაანახონ, რომ ვითომ ხელისუფლება უსუსური და სუსტია და „ნაციონალური მოძრაობა" ძლიერია და ისინი პირბადეებს და ხელთათმანებს არიგებენ და ხელისუფლება კიდე ამას ვერ ახერხებს.

„ეს თუ შეიძლება ასე ითქვას „ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის წმინდა ხელწერაა, ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას, მათ რომ ჰკითხოთ ეს ჰუმანური მიზნით კეთდება" - განაცხადა ანჯაფარიძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" სააკაშვილის ინიციატივას "მეტიჩრობას" უწოდებს და თვლის, რომ მისი განხორციელება მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებას თავი შეახსენოს.

„ რასაკვირველია, რომ ეს „არამკითხე მოამბეს" საქციელია, ფაქტიურად მაგას (სააკაშვილს) არავინ არ ეკითხება და აქ უმაგისოდაც მივხედავთ საქმეს, ახლა ვითომ უნდა, რომ ხალხს რაღაცნაირად გაახსენოს თავი. ახლა აბსოლუტურად არაორდინალური დროა და მთავრობა რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებს.

„ასე, რომ მგონია, რომ ეს მხოლოდ მეტიჩრობაა და მეტი არაფერი."-განაცხადა ქანთარიამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე თვლის, რომ ახლა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის დრო.

"არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!" - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ზუგდიდის მსგავსი შემთხვევა სხვა ქალაქებში არ ყოფილა.

„რამდენიმე დღეა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მოხალისეების მონაწილეობით თბილისში, რუსთავში, მარნეულსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არიგებს ამ საშუალებებს. ბევრგან სახლშიც მიაქვთ.

თითქმის ყველგან პოლიციამ ძალიან კარგად იმუშავა და ხალხი იცავდა დისტანციას. ზუგდიდში მოვიდა იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს, პოლიციამ ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში. ამაზე ატყდა ერთი ამბავი.

რამდენიმე დღის წინ მე საჯარო მიმართვაში მოგიწოდეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვაქვს ეს დამცავი საშუალებები და შემოგთავაზეთ რომ თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედით და წაიღეთ? ჩვენ რას გვადანაშაულებთ?", - ამბობს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×