თამთა ჩაჩანიძე
17.06.2020

ცხინვალის დე ფატქო უშიშროების კომიტეტი ოფიციალურ თბილისს ახალი ბრალდებებს უყენებს და რეგიონში ახალი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაზე აკეთებს მინიშნებებს. თბილისში ოკუპაციის ხაზზე პროვოკაციებსა და ვითარების მკვეთრ გამწვავებას არ გამორიცხავენ, თუმცა უფრო რეალურად მიაჩნიათ ვერსია, რომ ამით დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარი მნიშნელობის დემონსტრირებას ახდენს.

დე ფაქტო „კაგებეს" ვრცელ განცხადებაში საუბარია სოფელ წნელისთან განთავსებულ ქართული პოლიციის ახალ ბლოკ-საგუშაგოზე, ქართული მხარის მიერ სამკილომეტრიან ახალი გზის მშენებლობასა, სოფელ აბისში მდებარე საველე ჰოსპიტალის მოწყობაზე.

მათი ცნობით, ჩორჩანასა და წნელისს შორის ქართულმა მხარემ პოლიციის ახალი საგუშაგო მოაწყო, რომელც ტყიან მასივშია განთავსებული და იქ მუდმივად იმყოფება სულ მცირე 5 ქართველო პოლიციელი.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ამ ფაქტში კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს და აღნიშნავს, რომ ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, ქართული მხარე ამ ბლოკპოსტამდე მისასვლელად ბროლოსანი-ჩორჩანას სამკილომენტრიანი ახალი მოასფალტებული გზა გაჰყავს, რომელიც, დე ფაქტო რეჟიმის თქმით, ქართულ მხარეს საჭიროების შემთხვევაში თავის საგუშაგოზე დამატებითი ძალების მაქსიმალურად სწრაფად გადასროლის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, დე ფაქტო კომიტეტმა ყურადღება ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ აბისში განთავსებული კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებისთვის განკუთვნილ ჰოსპიტალზეც გაამახვილა, რომელთა საქმიანობასაც, მათივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

„სამედიცინო აპარატურის განთავსება ცარიელ მუნიციპალურ შენობაში მოხდა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეინიშნება კერძო სამედიცინო კომპანია „Private"-ს („Private" ქართულად „კერძოს" ნიშნავს - რედ.) კუთვნილი ავტომობილები და მედპერსონალი. ამ სამედიცინო დაწესებულების კონტროლს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ახორციელებენ", - ნათქვამია „კაგებეს" განცხადებაში.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება ერთ ინციდენტზეც ამახვილებს ყურადღბას - მათი ცნობით,12 ივნისს 8:55 საათზე ახალგორის რაიონთან ქართული სადაზვერვო თვითმფრინავი დააფიქსირეს. ამასთან დაკავშირებით მათ „ცხელი ხაზი" აამოქმედეს, თუმცა, როგორც განცხადებაში წერენ, ამ ფრენის მიზეზებსა და მიზნებზე არ ქართული მხარისგან და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან არანაირი განმარტება არ მიუღიათ.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს მცოცავ ოკუპაციაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული პოლიციის ყველა „საზღვრისპირა ობიექტი" მათ ტერიტორიაზე განთავსებული.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონასთან" ამბობს, რომ გამორიცხული არაა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მიმართულებით რაიმე პროვოკაციას გეგმავდნენ, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ამით თავისი მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს.

„აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. თვითონ რისი თავი აქვთ, რას უნდა ამზადებნენ, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთის წაქეზებით ხდება. მაგრამ მე მაინც უფრო მგონია ისეთი ვარიანტი, რომ ჯერ ერთი თავიანთი აქტივობის დემონსტრირებას ახდენენ, და მეორე - ასე მგონია, რომ ეს ახალი ტაქტიკაა, ევროპელ კოლეგებს ამცნონ, რომ შექმნილ სტატუს-კვოს მარტო თვითონ კი არ არღვევენ, არამედ ქართული მხარეცაა დამნაშავე. იმიტომ რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მუდმივად ისინი არიან დამნაშავის მდგომარეობაში (სავსებით სამართლიანადაც) და ახლა უნდათ, რომ თვითონაც ერთგვარი მასალა დააგროვონ იმისთვის, რომ სალაპარაკო ჰქონდეთ.

„მე ვიცი ადგილზე რაც ხდება. ის პროცესი, რაც თქვენ იცით, ეს არის. დანარჩენი კი სალაპარაკო ალბათ არაა", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×