რამდენად შეუძლია ბიუჯეტს ყოველწლიურად გაზრდილი პენსიის დაფინანსება?
რეზონანსი
08.10.2020

საქართველოში 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია ყოველწლიურად გაეზრდება. პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიის მატება გათვალისიწნებულია მინიმუმ 20 ლარით. ასეთია, “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები. რა იქნება შემდეგ დაზუსტებით ცნობილი არ არის, მაგრამ თუ მინიმალური ზრდა მაინც იქნება სულ რაღაც 2-3 წელიწადში მინიმალური პენსიის ოდენობა 300 ლარს მიაღწევს

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 275 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება ანდა ინფლაციის მოცულობა დაგეგმილს გადააჭარბებს, პენსია გაანგარიშებულზე მეტი იქნება.  

„სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი წლის პირველი იანვრიდან პენსიის ზრდა გათვალისწინებული იქნება მინიმუმ 20 ლარით და 25 ლარით - 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის. ეს არის მაჩვენებლის მინიმუმი და თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალია ან ინფლაციის ზრდამ გადააჭარბა, ასეთ შემთხვევაში მეტიც იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია ყოველწლიურად, შემდეგი ფორმულის მიხედვით გაეზრდება:

ა) 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (220 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 15 ლარს (13.9 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია. შესაბამისად 2021 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება.

ბ) 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო პენსია (250 ლარი) უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტლის რეალური ეკონომიკური ზრდის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ზრდა შეადგენს 20 ლარს (19.2 ლარი დამრგვალებული უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე), რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ მინიმალურ ზრდაზე ნაკლებია. შესაბამისად 2021 წელს პენსია 25 ლარით გაიზრდება.

თუმცა, ის მოცულობა, რითაც მთავრობა პენსიების ზრდას გეგმავს, რეალურ ვითარებას ვერ ცვლის და ჩვენი ქვეყანა პენსიის სიდიდით კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე რჩება. თანაც, გასარკვევია, რამდენად ექნება საქართველოს წლების შემდეგ გაზრდილი ვალდებულების შესრულების საშუალება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპენსიო ასაკის მოსახლეობა ყოველწლიურად მატულობს და მათი რაოდენობა სულ უფრო მეტი ხდება. 

“ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ პენსიის ყოველწლიურად გაზრდა შეუძლებელი არ არის, რადგან შესაძლოა, თანხა მაგალითისთვის სხვადასხვა პროექტებს მოაკლდეს და საპანსიო ასაკის ხალხისთვის გაიცეს. 

“ამ შემთხვევაში შესაძლოა, თანხები რაღაც სხვაზე არ გასცე, არ დახარჯო და პენსიას მოახმარო. შესაძლოა, თანხები სხვა პროექტებს მოაკლდეს, არ გაიწეროს ბიუროკრატიაზე. ამიტომ, პირდაპირი ბმა ეკონომიკური ზრდის ტემპსა და პენსიის ოდენობას შორის შესაძლოა, არც კი იყოს. 

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ამის გაკეთება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ პენსიორნების ამომრჩეველთა დიდი მასაა და მათი მომხრობა აუცილებელია და მეორეც - ეს რეალური პრობლემაა. ადამიანებს შემოსავალი არ აქვთ და მათ ხელშესახები დახმარება სჭირდება. ამოტომ, პენსიის ყოველწლიურად ზრდა, შეუძლებლად არ მიმაჩნია”, - განუცხადა “რეზონანსს” პაატა შეშელიძემ. 

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც პენსია საკმაოდ დაბალი ნიშნულზეა, ამიტომ მისი გაზრდა ყოველთვის სასიხარულია. თანაც მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომრეობაა - ინფლაცია მიზნობრივზე მეტია, კურსი ეცემა და პროდუქცია ძვირდება. 

ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია აცხადებს, რომ ყოველწლიურად 20-ლარიანი მატება შესაძლებელია სხვადასხვა სარჯების დაბალანსების შემთხვევაში.

“20-ლარიანი ზრდა, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, თუმცა 700 ათასზე მეტი პენსიონერი გვყავს და მათთვის 20 ლარის დამატება, ყოველთვიურად 15 მილიონით გაზრდის საბიუჯეტო ხარჯს. რაც ერთ შეხედვით, უტოპია ნამდვილად არ არის და შესაძლებელია. ცხადია ბიუჯეტს ყივეთვიური ეს 15 მილიონი დააწვება, თუმცა თავისუფლად შეიძლება სახელმწიფო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით მოხდეს 15 მილიონის დაფინანსება. 

მთავრობა თავის ადმინისტრაციულ და სამთავრობო ხარჯებს ვერ ელევა, თორემ, ამ ხარჯების დაბალანსების შემთხვევაში შესაძლოა, ყოველწლიურად პენსიის 20 ლარით მატება, რატომაც არა.

მეორე მხრივ პენსიის 20 ლარით გაზრდა რამდენად ეფექტური იქნება და ხანდაზმულთა ცხოვრებას რამდენად გააუმჯობესეს, ეს კიდევ სხვა საკითხია. თანაც, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მაღალი ინფლაცია, დაცემული მსყიდველუნარიანობა და გაძვირებული ცხოვრება”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი მაკალათიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
...   (09.10.2020)
უფრო სწორედ დოლარი :)

ვაი ვაი   (09.10.2020)
პენსია 300 გახდება და ლარი 600 გახდება !

ჭორლეონე   (09.10.2020)
როგორ გიხდება ეგ გისოსები

ИНЦИТАТУС   (08.10.2020)
Пенсиа гаизрдеба, 5000000 титоеул софелс, 100 кархана да а. ш. Ес вин Иванашвилма дагавала? Гадаеци ром ес ертхел укве вчаметтко. гадаеци кидев ... о чем не говорят, на что смотреть нельзя... (нацквети симгеридан)


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×