პირველ ეტაპზე მძღოლების შემოწმება უფასო იქნება, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება, ჯერჯერობით უცნობია
გვანცა წულაია
20.01.2021

თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის კორონავირუსის ტესტირება სავალდებულო ხდება. ტაქსის ძღოლები ორ კვირაში ერთხელ „პისიარ“  ტესტირებას დაექვემდებარებიან. როგორც „რეზონანსმა“ გაარკვია, ტესტირება ამ ეტაპზე უფასო იქნება, თუმცა რამდენ ხანს გაგარძელდება ტაქსის მძღოლებისთვის უფასო შემოწმება, ეს ჯერჯერობით უცნობია.სავალდებულო ტესტირება მალე დაიწყება და მას, როგორც ა ისე ბ კატეგორიის მძღოლები დაექვემდებარებიან. ბოლო პერიოდში ხშირია ფაქტები, როდესაც ინფიცირებული ტაქსის მძღოლი, თვითიზოლაციში გადასვლის ნაცვლად, საქმიანობას აგრძეკებს. შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს აღნიშნული გადაწყვეტილება. 

„ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს რისკ-ჯგუფების დადგენა და მათი ტესტირება. ერთ-ერთ ასეთ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან თბილისელი ტაქსის მძღოლები, როგორც ა ასევე ბ კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 

როგორც თავად ტაქსის მძღოლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, რომლებიც მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს როგორც ა, ისე ბ კატეგორიის ტაქსის მძღოლების სავალდებულო "პისიარ" ტესტირება. იმისთვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებმა ტექსტირება გაიარონ ორ კვირაში ერთხელ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

ტაქსისტების ტესტირება მალე დაიწყება, რომელიც საწყის ეტაპზე მათთვის უფასო იქნება. დედაქალაქის მერიაში ჯერ არ იციან, როდემდე გაგძელდება უფასო შემოწმება.

„ამ ეტაპზე იქნება უფასო. შემდეგ როგორ გადაწყდება, არ ვიცი. ეს არის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ ერთხელ გავახმაურეთ ის, რაც ცნობილი იყო ტაქსის მძღოლებისთვის. მათ უვკე მივაწოდეთ ინფორმაცია და იციან, რომ ტესტირება არის სავალდებულო და ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად უნდა აკონრტოლონ. 

პირველ ეტაპზე ვიცი, რომ ტესტირება უფასოა, მაგრამ სამომავლოდ რა და როგორ იქნება, ამას ჯერ ვერ გეტყვით. ეს ჩვენზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გამოვაცხადებთ. როდემდე გასტანს დროებითი შემოწმება, ისიც არ ვიცი. რა მოხდება მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ" - განუცხადა „რეზონანსს“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა. 

მართალია, კორონავირუსის ტესტირება ჯერჯერობით უფასოა, მაგრამ სამომავლოდ გადასახადის დაწესების შემთხვევაში, სატაქსო მომსახურება გაძვირდება. მძღოლებს ან კომპანიებს თვეში ყველაზე ცოტა, 300 ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან „პისიარ“ ტესტირება მინიმუმ 150 ლარი ღირს. ამით დამატებითი ხარჯი წარმოიშობა, რაც მგზავრობას გააძვირებს, რომლის საფასურიც ბოლო პერიოდში ისედაც გაიზარდა.

სატაქსო კომპანიების ნაწილი, კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან და არ იციან რამდენად იმოქმედება ეს გარემოება მათ მომსახურეობაზე. ნაწილი კი აცხადებს, რომ კორონავირუსის ტესტირებაზე გადასახადის დაწესების შემთხვევაში, თანხის გადახდა მძღოლს მოუწევთ და მათი გადასაწყვეტია, მომსახურებას გააძვირებენ თუ - არა. 

„ეს განცხადება უსაფრთხოების თვალსაზრისით მისაღებია, თანხის გადახდა კი მძღოლს მოუწევს. კომპანიები ფიზიკურად ვერ გააკონტროლებენ ტაქსებს, რადგან ისეთი თავისუფალი სფეროა, რომ მძღოლმა შესაძლოა, ერთ დღეს "იტაქსაოს", მეორე დღეს - არა. ყველაფერი მძღოლზეა დამოკიდებული, ამას კომპანია ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს “, - განუცხადეს „რეზონანსს“ კომპანია „ბოლტში“.

თანხის გადახდის წინააღმდეგნი არიან თავად ტაქსის მძღოლები, რომლებიც ამბობენ, რომ თვეში ორჯერ  კორონავირუსის ტესტირება საკმაოდ დიდი ხარჯთან არის დაკავშირებული და თუ მისი გადახდა თავად მოუწევთ, იძულებულნი გახდებიან, მომსახურება საგრძნობლად გააძვირონ. 

„საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ჩვენი ტესტირება უფასოდ, როდემდეც არ უნდა იყოს, შემდეგ ხომ მაინც დააწესებენ გადასახადს? მე ყველანაირ წესებს ვიცავ, როგორც ჩემს კლიენტებთან, ისე ზოგადად. ამიტომ, არ მესმის რატომ უნდა იყოს სავალდებულო? თუ მალევე შეიცვალა ვითარება და ტესტირების გადასახადი დაგვიწესეს, იძულებული ვიქნები ტარიფი გავზარდო, რადგან 300 ლარი თვეში ძალიან ბევრია. როგორც ვიცი, „პისიარ“ ტესტი მინიმუმ 150 ლარი ღირს “, - განუცხადა „რეზონანსს“ ტაქსის მძღოლმა რევაზ ჩიჩუამ. 

საინტერესოა, რა დამატებითი წნეხის წინაშე აღმოჩნდებიან კომპანიები და ტაქსის მძღოლები კორონავირუსის ტესტირებაზე, გადასახადის დაწესების შემთხვევაში? 

საავტომობილო სფეროს სპეციალისტები კატეგორიული ეწინააღმდეგებიან, რომ მძღოლებმა ტესტირებაში თანხა გადაიხადონ. გელა კვაშილავას განცხადებით, ეს სახელმწიფომ ანდა სატაქსო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ.  

“კორონავირუსზე ტესტირება, რა თქმა უნდა, კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ პასუხისმგებლობა მძღოლებს არ უნდა დააკისრონ. ეს სახელმწიფომ ან კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ. თუ გადასახადი დაწესდა, მძღოლის გადასახდელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, მათ ამის ფული ნამდვილად აქვთ“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )