"თუ სათამაშო ბიზნესი მაქსიმალურად შეიზღუდება, ქართული ეკონომიკისთვის ეს იქნება ყველაზე დიდი საინვესტიციო ეფექტის მატარებელი"
გვანცა წულაია
23.11.2021

საქართველოს მთავრობა სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას კიდევ ერთხელ ცდის. პრემიერის ინიციატივას, უშუალოდ ამ ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, ყველა ერთხმად ემხრობა. სათამაშო სექტორი მთავრობის გადარწმუნებას შეეცდება, თუმცა ღარიბაშვილის მიდგომა რადიკალურია. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოოდ რა ბედი ეწევა აზარტულ თამაშებს, რომელიც უამრავი ადამიანის გაღარიბებისა და ფსიქიკური პრობლემების მიზეზია.

პირველ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდის, ასაკობრივი შეზღუდვისა და რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, ხოლო შემდგომ, მეორე ეტაპზე, ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან.

„საკითხი, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს, არის სათამაშო ბიზნესი და ონლაინ კაზინოები. 1,5 მლრდ ლარი გაედინება ქვეყნიდან  ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს. 

ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკურ გუნდთან და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა. წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპნიაა და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომელებიც არ მუშაობენ. 

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ მოთამაშეთა ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. მზად ვარ, ამის შესახებ ღიად ვისაუბრო და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს. პარლამენტთან აქტიურად ვიმუშავებთ და ერთობლივად ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერის ამ ინიციატივას საზოგადოების მხარდაჭერა ნამდვილად აქვს. მეტიც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას საკმარისად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში საერთოდ ასაკრძალია, რადგან აზარტული თამაშები ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას და ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, თუმცა სათამაშო ბიზნესის ლობი მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლას შეეცდება. 

საქართველოს სათამაშო ბიზნესასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებაზე საქართველოს მთავრობას ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იგი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ხისტს უწოდებს და ამბობს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს მოქალაქეთა 35% აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული. ბოლო კვლევების მიხედვით, გამოკითხული 14-დან 17 წლამდე არასრულწლოვნიდან 12% უკვე ჩათრეულია ასეთ სქემაში. 

„პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი, რომელმაც იმედის ნაპერწკალი გააჩინა. ქვეყნის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ონლაინ სამორინეების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევა”, - განაცხადა მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” წარმომდგენელმა თამარ ჯაფარიძემ. 

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში არაერთხელ ჩავარდნილა. საინტერესოა, ამ ეტაპზე როგორ განვითარდება მოვლენები. პარტიის „ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ქმედება დაგვიანებულია, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად ბოლომდე მისაყვანია. 

„ყველა საკითხი ჩვენ უკვე გვქონდა დაყენებული, 3 წელიწადში  შევაგროვეთ 10 ათასი ხელმოწერა. პრემიერმა ყველა საკითხი გამოაცხადა, როგორც მთავრობის პოლიტიკა, რაც, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც აუცილებელი. ჯერ კიდევ 3 წლის წინ ჰქონდა შანსი ხელისუფლებას, რომ ამასთან დაკავშირებით ზომები მიღო, გაეთვალისწინებინა პირველი სახალხო პეტიცია და არ მიეცა საშუალება, რომ ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებს მთელ საქართველოში ეპარპაშა. 

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მაინც ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯია. ასაკრძალია ონლაინ აზარტული თამაშები, პირველ რიგში კი უნდა აიკრაძლოს რეკლამა, რომლითაც გამოჭედილია ტელევიზიები. ასაკიც ასაწევია კაზინოებში. 

ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ, რომ პეტიციის ავტორებს შეგვხვდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საქმეა, რადგან საქართველოს ბიუჯეტზე 10-ჯერ მეტი ფული ტრალებს ონლაინ აზარტული კომპანიების ბიუჯეტში. მართალია, დაგვიანდა და შეიძლებოდა, ძალიან ბევრი ხალხი არ დაღუპულიყო, მაგრამ ეს ბრძოლა დღეს მისაყვანია ბოლომდე და ჩვენ მზად ვართ, მომავალ თაობას მხარში ამოვუდგეთ”, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ირაკლი ღარიბაშვილის წინამორბედებს – გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს მკაცრი დაბეგვრის მექანიზმის შემუშავება და რეკლამის შეზღუდვა არ გამოუვიდათ. ჯერი ახლა მოქმედ პრემიერზეა. ღარიბაშვილი, წინამორბედი პრემიერებისგან განსხვავებით, უფრო რადიკალური აღმოჩნდა. მის ინიციატივას, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, ყველა მიესალმება. ერთ-ერთი მათგანია ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე, რომელიც აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არ აქვს და თუ ეს თანხა სხვა მიმართულებით წავა, ეკონომიკას ძალიან დიდი სტიმული მიეცემა. 

„32 მილიარდი არის სათამაშო ბიზნესის ბრუნვა და 130 მილიონი ბიუჯეტში შენატანი. ამ ორი ციფრის დასახელებით საზოგადოებამ განსაზღვროს, რამხელა დისბალანსია - რამდენი შემოსავალი აქვთ სათამაშო ბიზნესის მომწყობებს და რამხელა გადასახადები. გადასახადები არის ძალიან მიზერული და ბიუჯეტში პრაქტიკულად არაფერი არ შედის. 

მთავარი არის ის, თუ რა სარგებელი აქვს ეკონომიკას ამ სექტორის განვითარებით. ეკონომიკას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი სარგებელი და ეს იყოს საბიუჯეტო შენატანები, რომელიც 1-1.5%-ის ფარგლებშია და ეს სასაცილო კი არა, ქართული ეკონომიკისთვის ტრაგედიაა, იმ პირობებში, როდესაც მთელი ქართული ეკონომიკის ბრუნვის მესამედი არის სათამაშო ბიზნესი და დაახლოებით მესამედი ხომ უნდა იყოს ბიუჯეტში შენატანი, მაგრამ 130 მილიონია. 

სათამაშო ბიზნესიდან არანაირი სარგებელი არ აქვს ბიუჯეტს. თუ შეიზღუდება ამ 32-მილიარდიანი ბრუნვის მიმართულებები და, გასართობი ბიზნესის ნაცვლად, წავა რეალურ სექტორში, მაშინ ეს იქნება ძალიან დიდი სტიმულის მიმცემი ეკონომიკისთვის. 

თუ სათამაშო ბიზნესი მაქსიმალურად შეიზღუდება, ანუ აიკრძალება, ქართული ეკონომიკისთვის იქნება ალბათ, ყველაზე დიდი საინვესტიციო ეფექტის მატარებელი. ასეთი ჯანსაღი, პირდაპირი შიდა ინვესტიცია ქართულ ეკონომიკას არასოდეს ჰქონია. 32-მილიარდიანი ბრუნვა რომელ ეკონომიკას არ გააცოცხლებს?!” - განუცხადა „რეზონანსს” კუკულაძემ. 

ცნობისთვის, 2021 წლის 10 თვეში აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში, 55.9 მლნ ლარი შევიდა. მათ შორის, აქედან ონლაინ კაზინოებზე 9.819 მლნ ლარი მოდის. 

ამავე დროს, პანდემიის პერიოდში სამორინეების მოგება გაიზრდა, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32,091 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6,231 მლრდ ლარით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთალიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×