თამარ ვეფხვაძე
20.12.2021

სოფლის განვითარების სააგენტო არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით პროექტების აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს. აგრარული სექტორის ხელშეწყობის პარალელურად წარმატებით ხორციელდება ისეთი პროგრამები, რომელიც სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს და  რეგიონებში წარმოების ზრდას, ასევე ტექნოლოგიურ წინსვლას, ინტელექტუალურ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.  სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

„თანამედროვე სოფელი უნდა ვითარდებოდეს, როგორც მრავალმხრივი და დინამიური გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა, ხოლო სხვადასხვა სახის სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო ინიციატივა, რომლის შედეგებითაც 80-ზე მეტმა სოფლად მომუშავე მეწარმემ ისარგებლა. საგრანტო დახმარების მეშვეობით, მათ შეძლეს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს პროექტების წამოწყება ან გაფართოება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე“, - განაცხადა UNDP-ის სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ. 

სოფლის განვითარების პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის, ილია თამარაშვილის შეფასებით, სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა.

,,სოფლის განვითარება თავისი კონტექსტით გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო განვითარებას.  გარდა იმისა, რომ 2013 წლიდან მოქმედებს პროგრამები აგრარული სექტორის განვითარებისთვის,  პარალელურად დავიწყეთ არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით პროექტების განხორციელება, რომელიც ჯამში, რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტს ევროკავშირისა  და გაეროს განვითარების პროგრამის  დაფინანსებით ვახორციელებთ.  

ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობს,  გვეგმავთ სხვადასხვა პროექტს,  რომელთაგან ზოგი დამუშავების ეტაპზეა, ზოგიც უკვე დამტკიცდა.  ვგეგმავთ ინტეგრირებული განვითარების პროგრამას, რომელსაც ჩვენი სააგენტო ოთხ რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ახორციელებს. პროგრამა  გულისხმობს გადამამუშავებელი სექტორის ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სოფლის განვითარებას არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, დაასაქმებს მოსახლეობას და ნედლეულის გადამუშავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა ,,რეზონანსთან“. 

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, სოფლის განვითარების პროგრამის მიმართ საკმაოდ დიდი  ინტერესია. როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მხრიდან იყო   ინტერესი სასტუმროების ტიპის კოტეჯების ნომრების დამატებას, რაც სექტორს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, ასევე აქტუალური იყო გიდების მიმართულება და სხვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ  აგრეთვე  სამკერვალოები, ბრიკეტების წარმოება და რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც სხვადასხვა რეგიონისთვის  ინდივიდუალურია და ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული.

,,პროექტების შერჩევაში მაქსიმალურად კომპლექსურად ვსწავლობდით სიტუაციას, დაფინანსების შემთხვევაში თუ  როგორი სინერგია შეიკვრებოდა და რა ტიპის ეკონომიკური აქტივობა იყო ამა თუ იმ მუნიციპალიტეტისთვის უფრო მომგებიანი. ვცდილობდით ასევე შეგვექმნა სერვისები, რომელიც მანამდე არ არსებობდა ან განვითარებას საჭიროებდა.  ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბაღების კომპონენტი, სათბურები, მეფრინველეობის და მესაქონლეობის ფერმები, შესანახი ინფრასტრუქტურა, გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა, მაგრამ პარალელურად ინტერესის მიღმა არ დარჩენილა ისეთი სფეროები, რაც გააძლიერებს სოფელს. ასე შეირჩა სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო პროექტი, რომელსაც დღესდღეობით ვახორციელებთ და ბენეფიციარებს ვაძლევთ ინოვაციური ღონისძიებების განვითარების საშუალებას. “, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. 

სოფლის განვითარების სააგენტომ  დაიწყო  ,,მწვანე გრანტების“ პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ემსახურება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას  საოჯახო მეურნეობებში.

პროგრამის ბენეფიციარები ,,რეზონანსთან“ საუბრობენ სამეწარმეო თუ საგანმანათლებლო  დარგების შესაძლებლობაზე, რასაც მათ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიაღწიეს. ერთ-ერთი ასეთია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ტიჩის“ მიერ ხის მულჩისა და ბრიკეტის წარმოება, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროექტია. 

როგორც საწარმოს ხელმძღვანელი, ბენეფიციარი გოჩა წერეთელი ამბობს, სანამ სააგენტოს დაფინანსებას მიიღებდნენ, მუშაობა უწევდათ მოძველებული, კუსტარული დანადგარით და მათი საქმიანობის შედეგი არაეფექტური იყო. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა და საწარმოს განვითარების რეალური შანსი მიეცა.

,,რთული პერიოდი გამოვიარეთ, ფაქტობრივად, ჩაქნეული გვქონდა ხელი, რადგან არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო საწარმოს გადაიარაღებას ვერ ვახდენდით. სოფლის განვითარების პროგრამის დიდი დამსახურებაა, რომ ფეხზე დავდექით, ტექნოლოგიურად განვითარდით, გამოწვევას გავუმკლავდით. აღსანიშნავია, რომ მულჩის წარმოება საქართველოსთვის არის სიახლე, რომლის წარმოებას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ მოითხოვს ასევე დიდ ფინანსურ რესურსს, რასაც დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდით. 

ჩვენს შემთხვევაში სერიოზული დაბრკოლება იყო ტექნიკა, ვინაიდან  კუსტარული დანადგარი გვქონდა და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. სააგენტოს დახმარებით ეს პრობლემა მოგვეხსნა. უკრაინიდან შემოვიტანეთ ქარხნული წარმოების დანადგარები - მულჩერი, რომლისგანაც ვამზადებთ პროდუქტს - მულჩს. ასევე შევიძინეთ ბრიკეტი. სააგენტომ დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ არსებული პრობლემის მოგვარებაში, არამედ  ჩვენი საწარმოს შემდგომი განვითარებაშიც, დაბრკოლება გადავლახეთ და ახლა განვითარების ახალ ეტაპს გავდივართ, რაც წარმოების ზრდასთან ერთად, მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობასაც მოგვცემს“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ გოჩა წერეთელმა.

მისი თქმით, ბიზნესს აქვს ამბიცია, რეგიონში ,,ტიჩი“ გახდეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია მულჩის წარმოებაში, რაც ასევე დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას უკავშირდება. 

,,ტყეში ნარჩენის დაგროვებამ, განსაკუთრებით გასხეპილი ტოტების სახით,  შეიძლება ხანძრის პროვოცირება მოახდინოს. ის ასევე იწვევს ანტისანიტარიას, რაც მავნებლების გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომ ჩვენი მოვალეობა და ინიციატივა მოიცავს ნარჩენებისგან ტყის მასივების გათავისუფლებას, რასაც შემდეგში გადავამუშავებთ და პროდუქციას მივიღებთ.  

სრულფასოვანი მუშაობის შემთხვევაში მარტო ამ რეგიონში, ქვემო ქართლში 200 ადამიანს დავასაქმებთ. ცალკე საკითხია ეკოლოგიაში შეტანილი წვლილი, რის საშუალებასაც სწორედ ჩვენი წარმოება იძლევა. ძალიან დიდი როლი შეასრულა სოფლის განვითარების სააგენტომ, რომლის გარეშეც ჩვენი საქმიანობა შეიძლება ვერც გაგვეგრძელებინა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ერთობლივი ძალით გაცილებით მეტს მივაღწევთ“, - აღნიშნა გოჩა წერეთელმა.

საწარმოს სიმძლავრე საათში 6-8 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა. მის შესაქმნელად სრული ინვესტიცია 200 000 ლარზე მეტია, საიდანაც 165 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის გრანტია. საწარმოში 14 ადგილობრივია დასაქმებული. ზამთრის პერიოდში კომპანიის წარმოებული ბრიკეტებით დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედები საჯარო სკოლები მომარაგდება.

აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 50 მოსწავლეზე გათვლილი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მოსაწყობად სრულმა ინვესტიციამ 57 000 ლარს მიაღწია, საიდანაც 45 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის გრანტია. სასწავლო ცენტრში 5 ადგილობრივია დასაქმებული.

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა  ეკა სეფიაშვილმა ,,რეზონანსთან“ იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით მიაღწია და განათლების მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდა.

,,სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა 2021 წლის ზაფხულში  მივიღე. სააგენტოს დახმარებით მოვახერხე შენობის რეაბილიტაცია, შევიძინე ინვენტარი, ყველა აუცილებელი  ტექნიკა  და  ასე თანდათან წელში გავიმართეთ. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა როგორც მოსწავლეების მხრიდან, ასევე  ყველა სეგმენტის ადამიანისთვის, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა სურს.  ამას ხელს უწყობს  კომფორტული გარემო, ტექნიკა და მეთოდები, რაც სასწავლო ცენტრშია დანერგილი და სამუშაო პროცესს გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.  ცხადია, სოფლის განვითარების პროგრამის  მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად ამ პროექტს რეალურად ვერ განვახორციელებდით. მომავალში ვგეგმავთ ინგლისურის გარდა,  ფრანგული და გერმანული ენების დამატებასაც. ჩვენი პროექტით რეგიონიც უფრო თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული და მიმზიდველი გახდა. პროექტი, რომლის განხორციელება წლების წინ წარმოუდგენელი და რთულად რეალიზებადი გვეგონა, დღეს საკმაოდ წარმატებულია და გამოგვარჩევს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ქვეყნის მასშტაბითაც“, - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა. 

სოფლის განვითარების პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. მისი მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×