სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თუკი მომხმარებელთა ძლიერი ფენა არ ჩამოყალიბდა, ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა არ ექნება
    ნათია ლომიძე
    17.04.2018

     საქართველოში სამომხმარებლო სექტორიც ისეთივე პირობებშია ბანკების მხრიდან, როგორც ბიზნესი. ფინანსთა მინისტრის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ საბანკო სექტორი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, საზოგადოებისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლების აზრი ორად გაყო. დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან პრობლემა არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ფიზიკურ პირებსაც აქვთ.

    დღესდღეობით ქვეყანაში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიქტატია. როგორც ბიზნესი, ასევე უბრალო მოქალაქეებიც მთლიანად დამოკიდებულნი არიან სესხებზე და მათ განვითარების შესაძლებლობა თითქმის არ გააჩნიათ. თუკი ქვეყანაში მომხმარებელთა ძლიერი ფენა არ ჩამოყალიბდა, ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა არ ექნება. ამიტომ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობის დარეგულირება პირველი რიგის საკითხია.

    ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, არის რამდენიმე ვარიანტი, რისი მეშვეობითაც მომხმარებლები უფრო მეტად დაცულნი უნდა გახდნენ. მაგალითად, ბანკებმა არ უნდა შეცვალონ ხელშეკრულების პირობები, სავალუტო რისკი მხოლოდ მსესხებელს არ უნდა დააწვეს და ბოლოს აუცილებელია, ბანკების მხრიდან მოთხოვნილი არაადეკვატურად დიდი უზრუნველყოფის კომპონენტი შემცირდეს.

    "ბანკებს კონტრაქტში არ უნდა ჰქონდეთ მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის შეცვალა ერთპიროვნულად. საქმე ეხება პროცენტის გაზრდას, თანხის ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში გარკვეული გადასახადის დაწესებას და ა.შ. კლიენტი არის უუფლებო ბანკთან მიმართებით. ყველა რისკი არის მსესხებელზე, სავალუტო რისკით დაწყებული (ბანკებს ხელშეკრულებაში აქვთ ასეთი მუხლი ჩადებული. თუ ლარი გაუფასურდა, ამით კლიენტის გადასახადი იზრდება და ის ზარალდება, ხოლო თუ ლარი გამყარდა, მაშინ ბანკს უფლება აქვს, პროცენტი გაზარდოს).

    აუცილებლად უნდა შეიცვალოს არაადეკვატურად დიდი უზრუნველყოფის კომპონენტი ბანკების მხრიდან. ადამიანები პასუხისმგებლები არიან კონკრეტულ სესხზე იმ ქონებით, რომელიც აქვთ ჩადებული. მხოლოდ იმ ქონების კონფისკაციის უფლება უნდა ჰქონდეს ბანკს, რაც საკრედიტო ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული. თუ არაუზრუნველყოფილია სესხი, ბანკს ასეთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მსესხებლის ქონებაზე წვდომა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

    ბანკების მხრიდან მოსახლეობაზე სხვადასხვა ტიპის წნეხზე საუბრობს პროფესორი ვახტან ჭარაია. მან იმ 3 ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს ბანკსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის დროს.

    "ბანკები ნამდვილად ახდენენ გარკვეული ფორმით ზეგავლენას კლიენტებზე, რომ მათ სესხი აიღონ. ეს გამოიხატება როგორც მესიჯების დაგზავნაში, ასევე საბანკო სესხის აღების დროს დამატებით შეთავაზებებში და აგრეთვე სწრაფი გადახდის აპარატებშიც კი, როდესაც კომუნალურებს ვიხდით ან სხვა საგადასახადო სამუშაოს ვასრულებთ, მაშინაც კი ამოვარდება სარეკლამო განცხადება. ეს ხდება ისე ბრმად, რომ ბანკს არც აქვს ინფორმაცია პოტენციური კლიენტის ფინანსურ შესაძლებლობაზე.

    პირველ რიგში, უნდა შეიზღუდოს ამგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უბიძგებს ადამიანს სესხის აღებისკენ (შეიძლება მას საერთოდაც არ სჭირდება). ასევე აუცილებელია, საბანკო სექტორს ჰქონდეს მკაცრად გამოხატული უფლებები და ვალდებულებები კრედიტების გაცემასთან მიმართებით და არა ისეთი სესხების, რომელიც მიკროსაფინანსო და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების პროფილია. ბანკის ძირითადი საქმიანობა არ უნდა იყოს სწრაფი სესხი, რომელშიც საკმაოდ დიდ საკომისიოსა და ჯარიმას იღებენ.

    მესამე რაც უნდა დარეგულირდეს ბანკისა და მომხმარებლის ურთიერთობისას, არის ვადაგადაცილებული სესხის ამოღების გადაცემა სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ მუქარაზე გადადიან ურთიერთობის დროს, რაც ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევაა. ხშირად ურეკავენ მსესხებლის მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებსაც კი და ასხვისებენ ინფორმაციას მესამე პირზე, რაც აკრძალულია. სწორედ ეს სამი ძირითადი ასპექტი უნდა გამოსწორდეს ბანკსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის დროს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭარაიამ.

    რამდენიმე ტიპის პრობლემაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათიაც. როგორც მან აღნიშნა, საფინანსო სექტორს მომხმარებლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვთ გამოსასწორებელი, თუმცა უმთავრესი მაღალი საპროცენტო განაკვეთია.

    "მთავარი პრობლემა, რაც დგას მომხმარებელთა და ბიზნესის წინაშე, არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. საკითხავია, რა განსაზღვრავს ასეთ მაღალ განაკვეთს?

    1. საბანკო სექტორის მიერ მონოპოლიზებული ფინანსური ბაზარი და თავად საბანკო სისტემაში არსებული მონოპოლია;

    2. მომხმარებელთა დაბალი გადახდისუნარიანობა: ფიზიკური პირები ძირითადად ითხოვენ სამომხმარებლო სესხებს. მოსახლეობის უმეტესობას ბანკიდან ფული არა ბიზნესის განვითარებისათვის ან ახალი ბიზნესის დასაწყებად გამოაქვს, არამედ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ისინი ამ ფულს მხოლოდ ხარჯავენ და ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნიან. შემდეგ ექმნებათ სესხის დაფარვის პრობლემა. ასეთ პირობებში ბანკები ცდილობენ, ეს რისკი მაღალი საპროცენტო განაკვეთით დააკომპენსირონ;

    3. კერძო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა: დღეს ამ მხრივ სრული სტაგნაციაა, არადა, კაპიტალის ბაზრის განვითარება გამოიწვევს ბიზნესსექტორის განვითარებასა და კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულების ზრდას. ამასთან, გაიზრდება მოთხოვნა ბიზნესსესხებზე, რაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ბანკებმა მაღალი კონკურენციის პირობებში დაბალპროცენტიანი სესხი შესთავაზონ კომპანიებს. კერძო სექტორის განვითარება ამავე დროს ნიშნავს ფიზიკური პირების გამდიდრებას. შეძლებული ადამიანები ისარგებლებენ დაბალპროცენტიანი კრედიტებით, რადგან ბანკებსაც აღარ ექნებათ სესხის გადაუხდელობის შიში.

    ამ ეკონომიკური პროცესების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა მინიმალურ დონემდე უნდა დასწიოს რეფინანსირების განაკვეთი, როგორც დღეს დასავლეთის ცენტრალური ბანკები აკეთებენ. ეს დამატებითი შესაძლებლობა იქნება კომერციული ბანკებისთვის, რომ სესხის განაკვეთი არ გაზარდონ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მაკალათიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved