სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წელს ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან რუსეთი, რუმინეთი და თურქმენეთი
    მარი ჩიტაია
    10.07.2018

     ადგილობრივ ბაზარზე რუსული და თურქმენული საწვავი ლიდერ პოზიციაზეა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტის სტატისტიკიდან ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული საწვავის წილი საკმაოდ გაიზარდა. 2018 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან რუსეთი, რუმინეთი და თურქმენეთი.

    როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86,9 ათასი ტონა, რაც 13,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და 1,9 ათასი ტონით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე. მათ შორის, 2018 წლის ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,1 ათასი ტონა (მატება 5,0 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა (კლება 18,2 ათასი ტონით).

    სულ 2018 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 516,8 ათასი ტონა, რაც 60 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

    მათ შორის, 2018 წლის პირველ 6 თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 256,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 260,1 ათასი ტონა.

    საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის ივნისში საქართველოში "რეგულარის" მარკის ბენზინის იმპორტმა შეადგინა 37,7 ათასი ტონა, ანუ 78,4%; "პრემიუმის" მარკის ბენზინმა - 9,9 ათასი ტონა, ანუ 20,6%, ხოლო "სუპერის" მარკის ბენზინის იმპორტი 0,5 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც იმპორტის 1%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება 2018 წლის 6 თვის მონაცემს, საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 182,0 ათასი ტონა, ანუ 70,9%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 71,0 ათასი ტონა, ანუ 27,7%, "სუპერის" მარკის ბენზინის იმპორტი კი 3,7 ათასი ტონაა, რაც იმპორტის 1,4%-ია.

    მნიშვნელოვანია, რომ, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა თურქმენეთიდან - 21,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,2 ათასი ტონა (22,1%); ბულგარეთი - 17,9 ათასი ტონა (20,6%); რუსეთი - 16,6 ათასი ტონა (19,1%); აზერბაიჯანი - 6,3 ათასი ტონა (7,2%); საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,7%).

    ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 143,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 128,3 ათასი ტონა (24,8%); თურქმენეთი - 91,8 ათასი ტონა (17,8%); აზერბაიჯანი - 73,7 ათასი ტონა (14,3%), ბულგარეთი - 51,1 ათასი ტონა (9,9%); საბერძნეთი - 28,2 ათასი ტონა (5,4%).

    როგორც სტატისტიკიდან ჩანს, რუსეთიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და პოზიციას წლიდან წლამდე იუმჯობესებს.

    ქართულ ბაზარზე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლებიც რუსეთიდან საწვავის იმპორტით არიან დაკავებული.

    "მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საწვავის ყველაზე მსხვილი შემომტანი რუსეთია. შემდგომ ორ პოზიციას რუმინეთი და თურქმენეთი ინაწილებენ. შეიძლება ითქვას, რომ თურქმენეთი და აზერბაიჯანი მხოლოდ დიზელის საწვავის მომწოდებელი ქვეყნებია. დანარჩენი ქვეყნებიდან როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საწვავიც შემოდის. საგულისხმოა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო რუმინეთი, შემდეგ - თურქმენეთი, ბულგარეთი, ხოლო რუსეთი მეოთხე პოზიციაზე იყო. 2018 წელს მან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული.

    რიგი კომპანიები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ბოლო პერიოდში აქტიურად გახდნენ რუსული საწვავის მომხმარებლები. გარდა ამისა, რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად, იმპორტი ამ ქვეყნიდან სავსებით მისაღებია, რასაც შედარებით ნაკლები ხარჯიც განაპირობებს. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, რომ რუსეთი ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე. იგი პოზიციას  ყოველწლიურად აუმჯობესებს", - განმარტავს მთვრალაშვილი, რომლის შეფასებითაც, რუსული საწვავი ხარისხის მხრივ კარგია და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

    "რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის მოდის და სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან.

    რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის "ევრო 5"-ის სტანდარტის საწვავი, ასევე ნაკლები ხარისხისაც, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს. რაც მთავარია, საწვავის იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარება, გაზრდილია.

    რაც შეეხება პერსპექტივას, ჯერჯერობით მიჭირს საუბარი, რამდენად შესაძლებელია არსებული ტენდენციის შენარჩუნება. ბირჟებზე საკმაოდ მაღალი ფასებია და სამომავლოდ უნდა გამოჩნდეს, როგორი იქნება მოთხოვნა. საცალო ქსელებში აქამდე ასეთი მაღალი ფასი არ ყოფილა. ფასი რა გავლენასაც მოახდენს მოხმარებაზე, მალე გვეცოდინება.

    სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგშია - საავტომობილი პარკი გაზრდილია, ტურისტული სეზონი დაწყებულია და სატრანზიტო გადაზიდვაც გაიზარდა. ლოგიკურად, მოხმარება და იმპორტი მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს. მთავარია, საწვავის რეალიზაციაზე ცუდი გავლენა ფასმა არ მოახდინოს, ვითარება ამ მხრივ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved