სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი მწვანე ეკონომიკაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებაა"
    თამუნა მუკბანიანი
    07.08.2018

     ქვეყნისათვის ორი სტრატეგიული მნიშვნელობის სამინისტრო ერთ უწყებად გაერთიანდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი მწვანე ეკონომიკაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებაა. ამ ეტაპზე უწყების მთავარი საზრუნავი მიღებული მოსავლის დაბინავება და საექსპორტო პროდუქციის ხელშეწყობაა.

    ატმის მოსავლის დაბინავება უკვე დასკვნით ფაზაშია, რამდენიმე თვეში დაიწყება ყურძნის რთველიც. მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა შეადგინა 10,141.4 ტონა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 7,732.7 ტონა. კარგ მოსავალს ელოდებიან ყურძნის შემთხვევაშიც.

    დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" დეტალურად საუბრობს.

    "ბიზნეს-რეზონანსი": ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამინისტროს გაერთიანებით რა სარგებელს იღებს ქვეყანა, რა უპირატესობა აქვს ერთ უწყებად გაერთიანებას?

    ლევან დავითაშვილი: "ქვეყანამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როდესაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ერთ სამინისტროში მოაქცია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, თუმცა არსებობს მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიების პოზიტიური პრაქტიკა ამ კუთხით. ევროპულ ქვეყნებშიც მიმდინარეობს კონსოლიდაცია და სამინისტროების შერწყმა ერთ ბლოკში. ჩვენ შემთხვევაში ამას თავისი ლოგიკა აქვს. სოფლის მეურნეობა გარემოზე ერთ-ერთი ყველაზე ზემოქმედებითი დარგია. თუ სწორად განვავითარებთ სოფლის მეურნეობას, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებით უფრო ძლიერ სოფლის მეურნეობას მივიღებთ. ეს ყველაფერი ეფუძნება მწვანე ეკონომიკის პრინციპებს, მათ შორის უნდა იყოს სოფლის მეურნეობაც. სწორედ ეს იყო ამ ორი სამინისტროს შერწყმის მოტივაცია, როდესაც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მხოლოდ საქმით შეგვიძლია დავამტკიცოთ გადაწყვეტილების მართებულობა.

    ვფიქრობ, ერთი წლისთავზე ჩვენ უკვე შეგვეძლება შეჯამება და ჩვენება იმისა, თუ რა მივიღეთ გაერთიანებული სამინისტროების შედეგად, მათ შორის - კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის პროგრამების დამუშავების კუთხით. დამეთანხმებით, რაც უნდა კარგი იყოს კოორდინაცია ორ სხვადასხვა უწყებას შორის, ვერ შეედრება იმას, როცა ყველაფერი ერთი უწყების ნაწილია. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები სოფლის მეურნეობის მიმართულებების განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, მდგრადობის პრინციპის გათვალისწინებით. ბიომრავალფეროვნებით საქართველო ნამდვილად გამოირჩევა და არის შესაძლებლობები საქართველოში სოფლის მეურნეობის, სხვადასხვა კონკურენტუნარიანი დარგის განვითარებისათვის. ჩვენი სამინისტრო სწორედ ამაზე მუშაობს, რომ ეს მიმართულებები სწორად გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

    "ბ-რ": საზოგადოების ნაწილი არაერთგვაროვნად აღიქვამს დენდროლოგიური პარკის მშენებლობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ახორციელებს. თქვენ, როგორც უკვე გარემოს დაცვის მინისტრი, რა პასუხი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ხეების გადარგვის პროცესში გარემოსათვის მიყენებულ ზიანზე საუბრობენ?

    ლ.დ: ნამდვილად მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესი ეს არ არის, ეს უფრო მეტად მართული პროცესია, მიკერძოებული მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებსაც აქვთ მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ხალხის შეცდომაში შეყვანა ასე მარტივი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას სიმართლის დანახვა შეუძლია, სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთდება მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებითა და პირადი ფინანსებით. პარკების, გასართობი ცენტრების, საკონცერტო დარბაზების და ა.შ. აშენებისა და რესტავრირების ფუფუნებაც, სამწუხაროდ, ქვეყანას არ აქვს. ეს ყველაფერი სწორედ მისი მეცენატობით აშენდა და კიდევ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრია დენდროლოგიური პარკი, რომელიც ახლა იქმნება.

    როდესაც საუბარია ასეთი ეკოლოგიური ზონის შექმნაზე, უბრალოდ, აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ ის რამე ფორმით შეიძლება, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს გარემოზე. ჩვენ, ფაქტობრივად, ბუნების ახალ ძეგლს ვქმნით და ამით წარმოუდგენელია, გარემოს ზიანი ადგებოდეს. ყველაფერი არის კანონმდებლობასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში, ამიტომ მე მიადვილდება ამაზე საუბარი და ყველა შეკითხვა, რომლებიც დენდროლოგიურ პარკს ეხება, ჩემთვის მარტივად საპასუხოა. მოსახლეობა იღებს ძალიან მნიშვნელოვან საზოგადო სარგებელს აქედან.

    ეს ხეები კერძო საკუთრებაა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები დიდ კომპენსაციებსაც იღებენ ხეების გაყიდვის შედეგად. სამწუხაროა, რომ პერიოდულად რიგი ადამინებისა და მედიასაშუალებების მხრიდან ხდება ასეთი დისკრედიტაციის მცდელობები, თუმცა, საბედნიეროდ, სიმართლე მაინც მიდის მოქალაქეებამდე.

    პრინციპში, დენდროლოგიური პარკი არ არის პირველი ობიექტი, რომელთან დაკავშირებითაც ცრუ კამპანია აგორდა, შემიძლია, გავიხსენო ჩვენს სექტორში ძალიან კარგი მაგალითი. ალბათ ყველამ იცის, რომ ქართული ვაზის გენოფონდი ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა და ეს არის უნიკალური სფერო ქართული მეღვინეობის განვითარებისათვის. საუბარი მაქვს ჯიღაურის მეურნეობაზე, რომელიც ყველა ფერმერისათვის ცნობილია და საქართველოში აგრობიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია, რომელიც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. ახლა უკვე გვეძლევა საშუალება, გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს დავუბრუნოთ სიცოცხლე. ამაზე იყო ზუსტად იგივე საუბრები, რომ თითქოს მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად მიჩნეული მეურნეობა იმიტომ გადაეცა სახელმწიფოს, რომ მისი შენახვა ძვირი ჯდებოდა. ვფიქრობ, ამ და სხვა შემთხვევებში მოსახლეობა სიმართლეს მაინც ხედავს და დისკრედიტაციის მცდელობა რჩება მხოლოდ მცდელობად.

    "ბ-რ": რამდენიმე დღე დარჩა ყურძნის მოსავლის აღებამდე. როგორი იქნება წელს სახელმწიფო პოლიტიკა სუბსიდირების კომპონენტთან დაკავშირებით, რა ნაწილში დარჩება ბიუჯეტის უშუალო თანამონაწილეობა?

    ლ.დ: რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოში დახმარება უნდა იყოს დარგის განვითარებისათვის, მაგრამ ამის მრავალი სხვა ინსტრუმენტი არსებობს პირდაპირი დაფინანსების გარდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირდაპირი ფასის სუბსიდია არასწორია, ეს მემკვიდრეობით მიღებული პროცესია, საიდანაც უნდა გამოვიდეთ ისე, რომ დარგის განვითარება არ დავაზარალოთ. დავინახეთ, რომ დარგი დინამიკურად ვითარდება და დღეს ღვინის სექტორი საქართველოში ექსპორტის თვალსაზრისით აგროსასურსათო მიმართულებებს შორის პირველია. ეს არის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოცულობის ბაზარი. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ გამოთავისუფლებული სახსრები სხვა დარგებს მივახმაროთ.

    ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფულის ხარჯვა, მაგრამ უნდა შევცვალოთ მიმართულებები. დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ღვინის სექტორს უკვე თვითგანვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. წელიწადში 1000 ჰექტრამდე ვენახი შენდება საქართველოში, ეს უპრეცედენტო რეალობაა, როდესაც, ფაქტობრივად, ინდუსტრია თვითონ ახდენს ამას საგრანტო ჩარევის გარეშე.

    მიუხედავად ამისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ აგროკრედიტის პროგრამაში ვენახის გაშენების კომპონენტი გათვალისწინებულია. საქართველოში იყო 20-30 ოპერირებადი კომპანია 5-6 წლის წინ, დღეს კი გვყავს 500-მდე კომპანია, რომლებიც დეკლარაციას მუდმივად აბარებს ღვინის ეროვნულ სააგენტოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ფუნქციობენ. ამაში შედის მცირე მეურნეობებიც. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ექსპორტიორი გვყავს დაფიქსირებული საქართველოდან. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ მეღვინეობის დარგი საკმაოდ განვითარებულია.

    აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩარევა საჭირო აღარ არის. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დარგს არ მიატოვებს. ის რჩება ხარისხის მაკონტროლებლად, კოორდინაციას გაუწევს რთველის პროცესს. მარკეტინგის ნაწილშიც ძალიან ბევრია სამუშაო და ჩვენი როლიც დიდი უნდა იყოს.

    "ბ-რ": ამ ფონზე, რა სტატუსითა და ფორმით შენარჩუნდება ღვინის ეროვნული სააგენტო და რა როლი მიენიჭება მას ხარისხის კონტროლის კუთხით. მით უფრო, რომ ექსპორტზე გასული ღვინის ხარისხი ამ დარგის იმიჯისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია?

    ლ. დ: ჩვენ ცნობადობა უკვე ავამაღლეთ, ჩატარდა ბევრი პროექტი სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობით, მათ შორის მარტო ის რად ღირს, რომ ქართული ღვინო აღიარებულ იქნა უძველესად, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ჩვენ მეცნიერულად დავასაბუთეთ ის, რაც ყველა ქართველმა ისედაც ვიცოდით და გვჯეროდა.

    ვფიქრობ, ამ კუთხით მუშაობა კიდევ გასაგრძელებელია, მაგრამ მოდელი შესაცვლელია. სახელმწიფო არ შეამცირებს დაფინანსებას, თუმცა უნდა გაიზარდოს კერძო სექტორის თანამონაწილეობა. ვაძლევთ უნიკალურ შანსს და ვეუბნებით, ვიხდით ფულს ამაში, მაგრამ არ გვინდა, თავს მოგახვიოთ ჩვენი თამაშის წესები, პირიქით, გვითხარით ამ მხრივ თქვენი პრიორიტეტები და ჩვენ დაგაფინანსებთ. ასეთი რამ, მერწმუნეთ, ძალიან ცოტა ქეყანაში შეიძლება მოხდეს, სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მარეგულირებელი ორგანოც, ღვინის ეროვნული სააგენტო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო მაგალითი კერძო და საჯარო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის სოფლის მეურნეობის დარგში ერთადერთი დარგობრივი მარეგულირებელი, მოგეხსენებათ, სხვა ასეთი ჩვენ არ გვყავს არც ერთი მიმართულებით. იგი უნდა გარდაიქმნას ორგანოდ, სადაც კერძო სექტორს ექნება თავისი დიდი როლი დაგეგმვაში, გადაწყვეტილების მიღებაში, მათ შორის - პრიორიტეტების განსაზღვრაში. ამ თანამონაწილეობის შესანიშნავი მაგალითია კერძო სექტორის მიერ მოთხოვნილი, ექსპორტზე გასული ყველა ღვინის ორგანოლეპტიკურ თვისებებზე შემოწმება, რაც სხვა არც ერთ პროდუქტზე არ ხდება და უპრეცედენტოა. სექტორმა მოითხოვა, ჩვენ კი კანონმდებლობაში ავსახეთ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved