სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ფასი დაბლა აღარ წამოვა, ასეთი რამ დღევანდელ ვითარებაში წარმოუდგენელია"
    მარი ჩიტაია
    12.01.2019

     ხალხს გაძვირებული პურის საბოლოოდ შეაჩეჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხით მთავრობა დაინტერესდა და პურის გაძვირების მიზეზს კონკურენციის სააგენტო პრემიერის უშუალო დავალებით სწავლობს, მომხმარებელს პური არ გაუიაფდება. მეტიც, ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ 1 ლარით გაძვირდა ფქვილი, რასაც მეპურეები რუსული ხორბლის გაძვირებას უკავშირებენ. იანვრიდან მოყოლებული, 1 ტონა ხორბლის ფასი 800 ლარია.

    პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 33%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 48 ლარია. მართალია, კომერციული გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებს არ შეეხო, თუმცა ესეც არასაკამრისია იმისთვის, რომ პურის ფასი 1 თვის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

    დოლიძის ინფორმაციით, მწარმოებლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ კონკურენციის სააგენტოსთან, კვლევის პროცესში მათ ამომწურავად გასცეს პასუხი ყველა პრობლემურ კითხვას და განმარტეს მიზეზები, რამაც ბაზარს პურის გაძვირებისკენ უბიძგა.

    საქმე ისაა, რომ პურის გაძვირებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქსელურმა მარკეტებმაც, რომლებიც პროდუქტს მაღალი მოგებით ჰყიდიან.

    "პურის ფასი აღარ შეიცვლება, ასეთი რამ დღევანდელ ვითარებაში წარმოუდგენელია. ფქვილის ფასმა კიდევ 1 ლარით მოიმატა და 48 ლარი გახდა. ამას აქვს თავისი მიზეზი, ხორბლის ფასმა ბოლო პერიოდში ტონაზე 800 ლარს მიაღწია და ამან ფქვილის გაძვირება გამოიწვია. კონკურენციის სააგენტო აქტიურად სწავლობს ბაზარს და კვლევის პასუხს დადებს, მაგრამ საეჭვოა, ამან ფასზე გავლენა მოახდინოს.

    აქტიურად ვითანამშრომლეთ სააგენტოსთან და ჩვენი მოსაზრებები გავაცანით. მიმაჩნია, რომ პურის ფასის ფორმირების პროცესში ძალიან ცუდი როლი ითამაშეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, რომლებიც თვითნებური წესებით მოქმედებენ და ფასწარმოქმნაში ერევიან. ზოგი პურს 10-15 თეთრითაც კი აძვირებს.

    ეს ყველაფერი ვაცნობე კონკურენციის სააგენტოს და იმედია, რეაგირება იქნება. ალბათ, არ იქნება უპრიანი, თუკი გარკვეული რეგულაციები პურის ბაზარზეც ამოქმედდება. ადრე არსებობდა ხორბლის ბაზრის მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ფასის რეგულირება ევალებოდა. ახლა აბსოლუტური თავისუფლებაა და ამით ბევრი ბოროტად სარგებლობს.

    ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ბიზნესში გახდა ის, რომ გაზის გადასახადი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზარდა, მაგრამ ფასს ვერც ამან უშველა. არსებულ პირობებში პურის ფასში ცვლილება შეუძლებლად მიმაჩნია", - განუცხადა "რეზონანსს" დოლიძემ.

    ხორბლის გაძვირების გარდა, პურსა და პურპროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზად ასევე ხორბლის მარაგების სიმცირე, გაძვირებული საწვავი, შესაფუთი მასალები და ენერგომატარებლები სახელდება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის საერთაშორისო ფასი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა, რადგან საქართველოში ფქვილის მცირე მარაგებია.

    "წინა პერიოდებში, როცა ფქვილი აქტიურად შემოდიოდა რკინიგზითა და გემებით, გარდამავალი მარაგები არსებობდა. მართალია, ახლარიზისულ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ მარაგის მხრივ პრობლემა მაინც არსებობს. გაეროს რეკომენდაციაა, რომ 2 თვეზე მეტ ხანს საკმარისი მარაგი არსებობდეს, რაც წლიური მოხმარების 12%-ია. ბოლო დროს კი ხორბალი საქართველოში, ძირითადად, ტრაილერებით ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მცირე პარტიებით შემოდის და, ფაქტობრივად, მაშინვე იხარჯება. გემით შემოტანა აღარ ღირს, რადგან მანქანით შემოტანა გაცილებით იაფია, მაგრამ წისქვილებს არ ჰყოფნით მანქანებით შემოტანილი ხორბალი.

    კლიმატური პირობების გამოც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ორ კვირას დაკეტილი იყო, ხორბალი ბაზარზე აღარ შემოდიოდა და ამან გაძვირებისთვის კიდევ ერთი საბაბი შექმნა. გემით რომ შემოიტანო ხორბალი და ძვირი ხორბლის მარაგი შექმნა, ასეთ კონკურენციაში მარცვლეულს ვერ გაყიდი.

    ადრე, სულ ცოტა, 80-90 ათასი ტონა ხორბლის მარაგი იყო ქვეყანაში. ქვეყნის მოხმარება თვეში 45-50 ათასი ტონაა, ანუ ორი თვის მარაგი გვქონდა. რეალურად ჩვენ გვჭირდება გასარები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისულ სიტუაციაში, ეს სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შეიძლება, კრიზისი არ არის, მაგრამ არც ისეთი მდგომარეობაა, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი", - აცხადებს "რეზონანსთან" სილაგავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×