სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ადამიანებს საკუთარი ხელფასიდან 30-35%-ზე მეტი არ რჩებათ, რაც ძალიან ცოტაა"
    თამუნა მუკბანიანი
    15.03.2019

     დასაქმებულთა ნახევარზე მეტს საკუთარი შემოსავლის 60-65% ყოველთვიურად გადასახდელებში ეხარჯება და მხოლოდ დარჩენილი თანხით უწევს მედიკამენტების, საკვების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯების დაფარვა. მიუხედავად ნომინალური შემოსავლის ზრდისა, მოსახლეობას რეალური თანხა უფრო და უფრო უმცირდება იმ ფონზე, როცა ფასები მუდმივად იზრდება და ხელფასი თითქმის უცვლელია.

    საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისკენ მიიმართება. ასევე, შემოსავლის არცთუ მცირე ნაწილი ხშირად სათამაშო ბიზნესში მიდის. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში აზარტულ თამაშებში უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკვებსა და სასმელზე.

    2017 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1,6 მილიარდი ლარით მეტია საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების სავაჭრო ბრუნვაზე, სადაც ძირითადად საკვები პროდუქტები და სასმელი იყიდება. ცხადია, ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიერ დახარჯული ფული არ არის, თუმცა ადგილობრივების წილი ძალიან მნიშვნელოვანია.

    მაღალი კომუნალური გადასახადებისა და საბანკო კრედიტების ფონზე, დანახარჯი იმდენად დიდია, რომ საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში თუნდაც უმნიშვნელო თანხის დაზოგვა წარმოუდგენელია. მეტიც, მოსახლეობას ძალიან მცირე თანხა რჩება სხვადასხვა მოთხოვნის, ჯანდაცვის, განათლებისა და ა.შ. დასაკმაყოფილებლად, ამიტომ მათ ისევ ვალის აღება უწევთ.

    მოსახლეობის შემოსავალი იზრდება არა მხოლოდ ნომინალურად, არამედ რეალურ განზომილებაშიც, თუმცა საბოლოო გამოყენებისას მათ რეალურად არაფერი რჩებათ რაციონალური მოხმარებისთვის, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი და მედიკამენტები.

    სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ნებისმიერი შინამეურნეობა ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები გინდა საქართველოში, გინდაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანი მომენტია, რამდენი რჩება ამის შემდეგ თითოეულ ოჯახს.

    საქართველოში ერთი შინამეურნეობის ფულადი შემოსავალი თვეში 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, რასაც ემატება ბანკების ვალდებულება, რომელიც საკმაოდ მაღალია და 10%-ის ფარგლებში მერყეობს.

    "პროცენტის მომსახურებისთვის ერთ ოჯახს წლის განმავლობაში რაც უნდა გადაეხადა პროცენტის სახით ბანკებისთვის, შეადგენდა ოჯახის ერთი თვის შემოსავლის 80%-ს. ეს 12-ზე რომ გავყოთ, სადღაც 6%-ს მივიღებთ. გარდა ამისა, სხვა საკრედიტო ვალდებულებებიც აქვთ. ჯამში, ფულადი შემოსავლიდან ოჯახს 65% უნდა დარჩეს.

    თქვენს გაზეთშიც არაერთხელ დაწერილა იმის შესახებ, რომ ამას ემატება აზარტული თამაშების სოლიდური გადასახადი, რასაც ჩვენი მოსახლეობა ყოველწლიურად ხარჯავს. გამოდის, ფორმალურად, მოსახლეობის შემოსავალი იზრდება, თუმცა საბოლოო გამოყენებისას მათ რეალურად არაფერი რჩებათ. რაციონალური მოხმარებისთვის, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი და მედიკამენტები, სულ უფრო და უფრო ნაკლები თანხა რჩება მოსახლეობას. ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, 2014 წლიდან მოსახლეობის რეალური შემოსავალი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა.

    კიდევ ერთი მომენტია. სტატისტიკის სამსახური ანგარიშობს ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ მეთოდიკას აქვს პრობლემები. ზოგიერთი ისეთი საქონელი არ შედის ჩამონათვალში, რომელზეც მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მეტ ხარჯს ეწევა. მაგალითად, ასეთია თუთუნი. ბოლო პერიოდში მოსახლეობა მასობრივად გადავიდა თუთუნის მოხმარებაზე სიგარეტის გაძვირების გამო, მაგრამ ჩამონათვალში სიგარეტი შედის და არა თუთუნი. დათვლისას კი, რაც ნაკლებ თანხას ხარჯავ, მით ნაკლებია ინფლაციის მაჩვენებელი. რეალურად კი, მოსახლეობა ხარჯავს დიდ ფულს ამ მიმართულებით, სისტემა კი ამას არ აჩვენებს," - ამბობს სტატისტიკოსი "რეზონანსთან".

    მოსახლეობას საკუთარი შემოსავლიდან 30%-ზერ მეტი არ რჩება გადასახდელების მომსახურების შემდეგ - ასეთია ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას შეფასება. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეს უხეში დათვლაა და იმ მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას ასახავს, რომელსაც ხელფასი 500 ლარის ფარგლებში აქვს. ასეთი კი საერთო დასაქმებულთა 50%-ზე მეტია.

    "ნახევარზე მეტს ხელფასი 500 ლარი აქვს და სწორედ მათზე უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში შემოსავლის დაახლოებით 10% კომუნალური ხარჯისკენ მიიმართება. ამას დავუმატოთ საბანკო კრედიტიც. ზოგადი გაანგარიშებით, მინიმუმ, 50%-ზემეტი მხოლოდ საბანკო სესხზე მიდის, საერთო გადასახდელებში კი ეს თანხა 60-65%-ს აღწევს.

    შესაბამისად, ადამიანებს საკუთარი ხელფასიდან 30-35%-ზე მეტი არ რჩებათ, რაც ძალიან მცირე თანხაა. მით უფრო იმ პირობებში, როცა ინფლაციას არათუ ვერ ეწევა, ვერც კი უახლოვდება ხელფასების ზრდა," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჭარაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved