სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მაღალია საშემოსავლოც, მოგების გადასახადიც, დღგ, ხოლო აქციზზე ლაპარაკიც არ მაქვს, იმდენად წარმოუდგენელია მისი არსებობა"
    მარი ჩიტაია
    15.03.2019

     გადასახადების სიმძიმე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. იმის ნაცვლად, რომ ბიზნესის სტიმულირება მოახდინონ, მაღალი გადასახადის დაწესებით სამეწარმეო საქმიანობას ხელი ეშლება. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ექსპერტები და ქართველი ანალიტიკოსებიც მთავრობას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებდნენ, დღემდე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით დღგ-ს გადასახადის 18%-მდე შემცირებას, მაგრამ ეს ბიზნესისთვის დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის.

    ბოლო წლებში არაერთხელ იყო საუბარი, რომ დღგ-ს ზღვარი 15%-მდე ჩამოეყვანათ, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თითქოს საშემოსავლო გადასახადიც უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არც ამ მიმართულებით იცვლება სიტუაცია. საგადასახადო ტვირთის სიმძიმე კი ბიზნესისთვის დიდი წნეხია.

    აუდიტორი ირაკლი შავიშვილი აცხადებს, რომ შესამცირებელია აბსოლუტურად ყველა სახის გადასახადი, რადგან იგი სერიოზული დაბრკოლებაა.

    "საქართველოს პირობებში ბიზნესსა და მოსახლეობას საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა უწევს. რეალურად, ეს არის დიდი წნეხი, რის გამოც წარმოება ვერ ვითარდება. საკმაოდ მაღალი განაკვეთებია, დღგ-ს გადასახადი კი ოდნავ შემცირდა, მაგრამ ისევ საჭიროებს კორექტირებას.

    საქართველოში საგადასახადო სისტემას ევროპულს ადარებენ, მაგრამ ჩვენ უნდა შევადაროთ სხვა მონაცემები, მაგალითად, ევროპაში მშპ 1 სულ მოსახლეზე არის, საშუალოდ, 40 000 დოლარი, ჩვენთან 4000-ია, ანუ 10-ჯერ ნაკლები, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. ევროპელი თუნდაც თავისი შემოსავლის ნახევარს იხდის ბიუჯეტში, თუმცა მისთვის ეს დიდი ტვირთი არაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე 4000 დოლარიდან 30%-ს იხდის, რაც უკვე დიდი წნეხია და ხშირ შემთხვევაში საარსებო საშუალებას უსპობს.

    მე თუ მკითხავთ, ყველა გადასახადი შესამცირებელია. ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესზე, მაგრამ მაღალი გადასახადი მოსახლეობისთვისაც წნეხია, რომელიც გადასახადის გადამხდელია. მაღალია საშემოსავლოც, მოგების გადასახადიც, დღგ, ხოლო იმპორტის გადასახადი საერთოდ უნდა გაუქმდეს. აქციზზე ლაპარაკიც არ მაქვს, იმდენად წარმოუდგენელია მისი არსებობა. ჩემი აზრით, გადასახადების კლება შექმნის პირობებს, რომ საინვესტიციო რესურსი გაიზარდოს და ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას," - აღნიშნა შავიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    განსხვავებული მოსაზრებისაა საგადასახადო სფეროს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომლის შეფასებითაც, გადასახადები, შესაძლოა, იყოს ზომიერი, მაგრამ ბიზნესი დამძიმდა სხვადასხვა ვალდებულებით, რაც მის არსებობას გაუსაძლისს ხდის.

    "იმ მოცემულობაში, რაც ქართული კანონმდებლობით გვაქვს, გადასახადების შემცირებაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი. მიმაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსით ბიზნესისთვის განსაზღვრული გადასახადები ზომიერი და დაძლევადია. ყურადღების მისაქცევის ის, როგორ შეიძლება, ბიზნესისთვის ეს გადასახადები უფრო მეტად ასატანი და მისაღები გახდეს.

    პირველი, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საშეღავათო პოზიციების დიფერენციაციაა საჭირო სხვადასხვა მიმართულებით. არსებითად მნიშვნელოვანია დღგ-ს ზღვრული მოცულობის აწევა. რადგან დღეს ჩვენ შემთხვევაში ამ გადასახადის სავალდებულო-სარეგისტრაციო ზღვარი არის 100 000 ლარი, სასურველია, რომ მისი მინიმუმი იყოს 300-500-ათასიანი ბრუნვის ფარგლებში. ეს დიდ შესაძლებლობას გაუხსნის ბევრ წვრილ საწარმოს და ბიზნესს, რომლებიც ფეხს ვერ იკიდებენ საქართველოში.

    ერთია გადასახადების ზომიერება, მაგრამ მეორეა ამ გადასახადების სტიმულირება ბიზნესისთვის, რადგან ნებისმიერი გადასახადი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ამიტომ ის გვერდითი ეფექტი - რომ შემოდის ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა, უკვე შემოვიდა საპენსიო გადასახადი და სხვა ბიზნესის მდგომარეობას ამძიმებს. თითქოს მინიმალურია ეს გადასახადი, ერთი შეხედვით, მაგრამ სხვა ტიპის გადასახადებთან და მოსაკრებლებთან ერთად საკმაოდ ბევრი გამოდის. საბოლოოდ, ეს ყოველივე საინვესტიციო და ბიზნესკლიმატზე უარყოფითად მოქმედებს," - აცხადებს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.

    იურისტი სხვა ტიპის გადასახადებზეც სვამს აქცენტს და დასძენს, რომ განაკვეთი განსაკუთრებით ქონების გადასახადის მიმართულებით უნდა შემცირდეს. ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ ამით სამეწარმეო საქმიანობა წახალისდება.

    "ქონების გადასახადს თუ განვიხილავთ, ეს არის 1%-ის ფარგლებში, რაც ერთგვარად შეიძლება მისაღებია სახელმწიფოსთვის, მაგრამ სინამდვილეში ემსახურება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებას. რეგიონში ეს მაჩვენებელი თუ იქნება 0,1%, ძალიან ბევრი კომპანია შეეცდება, რომ იქ გახსნას ან გადაიტანოს საწარმო და თბილისში საწყობი ან სარეალიზაციო პუნქტები იქირაოს. ამ ტიპის კონკურენტუნარიანი გადასახადიდან გამომდინარე, ძალიან დიდ თანხას დაზოგავს. რაც შეეხება აქციზურ განაკვეთებს, ნაკლებად შევეხებოდი იმიტომ, რომ სულ სხვა მასტიმულირებელი გადასახადია და სპეციალური პროდუქციისთვისაა განსაზღვრული," - განუცხადა "რეზონანსს" აკაკი ჩარგეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved