სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    07.08.2019

     გზების მშენებლობებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. თითქმის ყველა შემთხვევაში პროტესტი შრომითი პირობების დარღვევას ეხება. გაფიცულები კუთვნილ ანაზღაურებას, ხელფასების ზრდას და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებას ითხოვენ. მართალია, ამ ეტაპზე გზების მშენებლობა არ შეჩერებულა, თუმცა აშკარად იკვეთება ტენდერების პრობლემა, რისი მოგვარებაც ქვეყანაში ვერაფრით მოხერხდა.

    ამ ეტაპზე გაფიცულები არიან სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე დასაქმებულები, 1 თვის წინ აქციები მოაწყვეს შორაპანი-ძირულას საგზაო მონაკვეთზე მომუშავე მუშებმაც, რომლებსაც ამ ეტაპზე დამსაქმებელ კომპანიასთან სასამართლო დავა აქვთ. 

    სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია სამტრედიაში გამართეს და ხელფასების ანაზღაურება მოითხოვეს. მუშების თქმით, სამი თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ, რის გამოც ერთი კვირაა ყველაფერი გაჩერებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძირითადად ხიდების სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. გაფიცულების განცხადებით, სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ხელფასი არ დაერიცხებათ.

    კომპანია „გრინ ვეის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ პრობლემები აქვთ, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ 15 დღეში ხელფასს დაფარავს.

    პრობლემის შესახებ ცნობილია საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც, სადაც ,,რეზონანსს" განუცხადეს, რომ დამსაქმებელთან შეთანხმება მიღწეულია და სამუშაო პროცესი განახლდა.

    ,,როგორც ვიცით, მუშებს 2 თვის დავალიანება ჰქონდათ. კომპანიის ხელმძღვანელობა მათ შეპირდა, რომ ხელფასს უმოკლეს ვადაში გასცემენ. რაც შეეხება შორაპანი-ძირულას მონაკვეთზე დასაქმებულებს, ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ამჟამად იქ უკმაყოფილება არ ფიქსირდება. მთავარი პრობლემაა, რომ ადგილობრივები კონკრეტულ ხელფასზე თანხმდებიან და შემდეგ მის გაზრდას ითხოვენ. ამას სამტრედიის მაგალითზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოთხოვნები ხელფასის ზრდას უკავშირდება. 

    ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია, რომ ხელფასების მოცულობა მივუთითოთ დამსაქმებელს, კანონში ასეთი ჩანაწერი, თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან გამომდინარე, არ არსებობს. თუმცა შეგვიძლია ვუშუამდგომლოთ ამ ადამიანებს და დავალიანების არსებობის შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელობას პრობლემის მოგვარება მოვთხოვოთ", - აცხადებენ დეპარტამენტში. 

    არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ,,რეზონანსთან" ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ტენდერით გათვალისწინებული პირობები არ სრულდება, რაც რიგით მოქალაქეებს აზარალებს. ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ტენდერებთან არის სერიოზული ხარვეზები, ამიტომ სახელმწიფომ ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გაითვალისწინოს და კონტრაქტორ კომპანიას მოსთხოვოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა.

    "ახალგაზრდა ადვოკატებმა" წინა წლის ოქტომბერში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ეხებოდა ჩინური სახელმწიფო კომპანია ,,სინო ჰიდროს" მიერ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის ფაქტს. გვაინტერესებდა როგორც ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობა, ასევე სატენდერო პროცესში უშუალოდ ჩართული დასაქმებულების უფლებების საკითხი. კვლევის შედეგად 21 საკითხი გამოიკვეთა, რომლითაც ,,სინო ჰიდროს" დარღვევები დადასტურდა. კომპანია უხეშად არღვევდა თავის ვალდებულებებს,  არასრულფასოვნად იყო დანერგილი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სისტემები და სხვა. როცა ტენდერში კომპანია იმარჯვებს, ის ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიმართ არის სამართლებრივად პასუხისმგებელი, მეორე მხრივ, გაუმართავი მენეჯმენტი მთლიანად აზარალებს ადგილობრივ მოსახლეობას და დასაქმებულებს. 

    სახელმწიფომ ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გაითვალისწინოს და მოსთხოვოს კომპანიას საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა, არის პრობლემა და მასზე პასუხისმგებელია როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ხოლო უშუალოდ შრომითი პირობების დარღვევის დროს პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს, რომელმაც საკუთარი მოქალაქეები უნდა დაიცვას", - ამბობს "რეზონანსთან" კაიკაციშვილი. 

    ,,გაერთიანებული პროფკავშირების" ინფორმაციით, საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ შორაპანი-ძირულას საგზაო მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებიც. ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ მათ გაფიცვა შეწყვიტეს, მაგრამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება.

    ,,კომპანიის ხელმძღვანელობასთან გვქონდა შეხვედრა და სიტუაციის გამოსწორებას ველოდებით. მუშების მოთხოვნების პირობებია შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება, ამ ადამიანებს არ აქვთ შრომითი კონტაქტები და ვერ სარგებლობენ კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით, როგორიცაა შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს, მოცდენის საათების ანაზღაურება და სხვა. ითხოვენ ასევე ხელფასების ზრდას, მათი ყოველდღიური შრომის ანაზღაურება არის 17 ლარი და უნდათ 30 ლარამდე გაიზარდოს. 

    ველოდებით, რომ კომპანია შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვას გააგრძელებენ. როგორც გვითხრეს, ადგილზე მყოფ ხელმძღვანელობას არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ამიტომ ითხოვეს რამდენიმე დღიანი ვადა, რომ შეათანხმონ ხელმძღვანელობასთან, ახლა საბოლოო პასუხს ველოდებით", - ამბობს გიორგაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×