თუ წინაპრების ტრადიციას მივყვებით და ნატურალური პროდუქტის მოხმარებაზე გადავალთ, ვირუსი ვერაფერს დაგვაკლებს
ირაკლი ლომიძე
16.03.2020

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიისგან თავდასაცავად პირადი ჰიგიენის დაცვის გარდა, ძლიერი იმუნიტეტია აუცილებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების სწორად შერჩევა და გამოყენება. ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსახლეობას მუდმივად აინტერესებს, რა მიირთვას, რომ ორგანიზმმა სისუსტე არ გამოავლინოს და სწორი კვებით შესაძლებელი გახდეს მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იმუნურ სისტემაზე დიდ  გავლენას ახდენს ის საკვები პროდუქტები, რომელსაც ყველდღიურად მივირთმევთ. შესაბამისად, თუ ყოველდღიურ რაციონში საჭირო პროდუქტებს შევიტანთ, ჩვენი იმუნური სისტემაც გაძლიერდება. 

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კარგია ციტრუსების მიღება, როგორიცაა ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ფეიხოა. ამასთან იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივია ნატურალური თაფლი, ხოლო ნიორი ამ მხრივ, შეუცვლელი პროდუქტია. მასში ნამდვილად არის დიდი რაოდენობით ვიტამინი, რასაც ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერება შეუძლია და ზოგადად პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

კითხვაზე, თუ რა არის საჭირო კორონავირუსთან საბრძოლველად, ყველა დარგის სპეციალისტი, რომელსაც მცირე შეხება მაინც აქვს სურსათის სფეროსთან და მედიცინასთან, პასუხობს, რომ გვიცავს მხოლოდ კარგი იმუნური სისტემა. 

რაც შეეხება, საკვების მიღების წესს, არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსის კვალი პროდუქტებზეც რჩება. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი თერმულად დამუშავება, რის რეკომენდაციასაც იძლევა სურსათი სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. 

,,სულ ახლახან გამოქვეყნდა ამერიკელი ექიმის რეკომენდაცია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ ვინმეს ჰქონდა  გრიპი ჩათვალეთ, რომ ეს იყო კორონავირუსი, ოღონდ მისი ფორმა გამოვლენილი არ იყოო. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ასეა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობაში მუდმივად იყო ვირუსი სხვადასხვა სიპტომით და ამდენი აჟიოტაჟი ნამდვილად გადაჭარბებულია. 

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნებისმიერი ვირუსისგან ორგანიზმს ძლიერი იმუნიტეტი იცავს. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ლიმონი, თაფლი და მეტი სითხეა, მათ შორის ჩაი, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ პირის ღრუში 4 საათის განმავლობაში ტრიალებს ვირუსი და მერე გადადის ორგანზიმში, ამიტომ ყოველ 15 წუთში უნდა ვსვათ წყალი. განსაკუთრებით თბილ-თბილი ჩაი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ასკილიც. რაც მთავარია, არ უნდა მივიღოთ ქიმიური ნაერთებისგან დამზადებული სითხეები, ძირითადად  ნატურალური პროდუქტით ვიკვებოთ. კარგია რძე და რძის ნაწარმი, ასევე კარაქი. 

ვიძლევი რეკომენდაციას: ლიმნიანი ჩაი თაფლით, ყველა სახის ციტრუსი,  ნიორი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად შეუცვლელია და იმუნიტეტს მარტივად ავიმაღლებთ. თუ წინაპრების ტრადიციას მივყვებით და ნატურალური პროდუქტის მოხმარებაზე გადავალთ, ამით ვირუსის გავრცელების რისკსაც მნიშვნელოვნად შევამცირებთ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვარაცხელიამ და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია პროდუქტის თერმული დამუშავებაც.

,,საფუძვლიანად უნდა გაირეცხოს პროდუქტი, დამუშავდეს თერმულად, მაგრამ არანაკლები ყურადღება ექცევა ჭურჭელსაც, საჭმლის მირთმევის წინ იგი აუცილებლად უნდა დაიმდუღოს, რომ ვირუსის გავრცელება გამოირიცხოს, იმისდა მიუხედავად,  გარეცხილია თუ არა. პანიკა არ არის საჭირო. თუკი ზედმიწევნით შევასრულებთ რეკომენდაციებს - ნატურალურ პროდუქტებს მივიღებთ და ჰიგიენის ნორმასაც დავიცავთ, ვირუსის გავრცელების არეალს მკვეთრად შევამცირებთ. ჩვენი ორგანიზმიც მეტად გაძლიერდება და დაბრკოლებას დაძლევს“, - დასძინა კვარაცხელიამ.

სპეციალისტების ინფორმაციით, პრობიოტიკები ე.წ ,,კეთილი" ბაქტერიებია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს იცავს. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პრობიოტიკებს დიდი რაოდენობით შეიცავს იოგურტი და კეფირი. იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს პროტეინის შემცველი საკვების მიღებაც. იგი ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოქმნაში ეხმარება. პროტეინი დიდი რაოდენობით არის მარცვლეულში, როგორიც არის ლობიო, ოსპი და ბარდა. C ვიტამინის დიდი შემცველობაა ციტრუსებში, ასევე, წითელ წიწაკასა და მარწყვშიც. ხოლო A ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს იმუნური სისტემის დარეგულირებაში და იცავს მას ინფექციისგან.  მას შეიცავს ტკბილი კარტოფილი, წითელი წიწაკა, ბროკოლი და სტაფილო. კვების რაციონში მნიშვნელოვანია E ვიტამინის ჩართვაც, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. დიდი რაოდენობით შეიცავს მას ნუში თხილი და არაქისი, ასევე, მწვანე ბოსტნეული - ბროკოლი და ისპანახი.

ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ  იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, სელენს, გერმანიუმს.

იოდი, როგორც პროფესორი აღნიშნავს, შედის ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის შედგენილობაში, მონაწილეობს იმუნური დაცვის სისტემაში. ბავშვებს და მოზარდებს მეტი იოდი სჭირდებათ, ვიდრე მოზრდილებს. ამიტომ მათ სისტემატურად უნდა მიიღონ ჭარხალი, მუქი ფერის ყველა კენკრა, ოკეანის თევზი და მისი ღვიძლი, ზღვის კომბოსტო, ხახვი, სოკოები, მწვანე ბარდა, ბოლოკი და პომიდორი. 

,,იმუნიტეტის ასამაღლებლად ძალიან სასარგებლოა პირშუშხა, ნიორი, ხახვი, წითელი ღვინო და ყურძნის, ტომატის, ბროწეულის და სხვა რბილობიანთა წვენები. ზოგს ქოლესტერინი მთავარ მტრად მიაჩნია. ის კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სხეულების სინთეზში. ამიტომ კარაქის ან ღორის ქონის მცირე რაოდენობით მიღება აუცილებელიცაა. იმუნიტეტის კიდევ ერთი დამხმარეა მაწონი და სხვა რძემჟავა პროდუქტები, რომლის შემცველი ბაქტერიები აძლიერებენ ინტერფერონის გამომუშავებას, ამიტომ სასარგებლოა მათი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

იმუნიტეტს ამაღლებს დილით უზმოზე ორი ჩაის კოვზი თაფლის ან ერთი კოვზი ყვავილის მტვრის მიღება. ეს უმრავლეს შემთხვევაში ნებისმიერი პოლივიტამინზე უფრო სასარგებლოა. დილით რეკომედებულია მწვანე ჩაის დალევა. ზამთრის პერიოდში, მით უმეტეს, როცა ვირუსის საფრთხეა, ძალიან სასარგებლოა მატეს - მარად მწვანე ტროპიკული ხის ფოთლების ნაყენის დალევა, რომელიც ენერგეტიკული სასმელია,  ტვინის და ფიზიკური აქტიურობის სტიმულატორადაც შეიძლება ჩაითვალოს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ გახოკიძემ. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესორი გვირჩევს, რომ სტრესი დავძლიოთ და არ ავყვეთ პანიკას, რადგან იმუნიტეტი მკვეთრად მცირდება სწორედ სტრესის, დიდი დატვირთვისა და დაძაბულობის დროს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×