რეზონანსი
12.08.2020

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 10 სექტემბრიდან უკვე ძალაში შევა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედებიას ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მათ დარჩენილ დროში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

„მინდა შევეხო ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას. როგორც იცით, საბურთალოს რაიონში პროექტის მომდევნო ეტაპი იწყება. ორშაბათიდან ფუნქციონირება დაიწყო შვიდმა მუნიციპალურმა პავილიონმა, რომელიც განთავსებულია პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება, რეგისტრაცია გაიარონ და ის სატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრირონ, რომლითაც პარკირების სისტემით უფასოდ ისარგებლებენ. მუნიციპალური პავილიონები მოქალაქეებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, 10 სექტემბრამდე მოემსახურება, ხოლო 10 სექტემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე ძალაში შევა. იმისთვის, რომ ფასიანი სისტემის ამოქმედების დროს ადგილობრივ მცხოვრებლებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწიოთ, მნიშვნელოვანია, დარჩენილ ვადაში რეგისტრაცია გაიარონ. რა თქმა უნდა, მუნიციპალური პავილიონი 10 სექტემბრის შემდეგაც იფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნული ვადიდან უკვე ფასიანი პერიოდი იწყება და უმჯობესია, თქვენი სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული პირველივე დღიდან გყავდეთ. მოქალაქეებს ასევე, ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. არაფერი ახალი და განსხვავებული არ არის იმისგან, რაც წინა შემთხვევებში გავაკეთეთ (კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე). პარკირების საფასური ამ შემთხვევაშიც, ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება. დამატებითი ინფორმაცია მოცემულია საინფორმაციო ბუკლეტებში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ურიგდება", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×