რეზონანსი
01.12.2020

იმედი მაქვს, „ქართული ოცნების" წინადადება, რომელსაც მედიატორებთან ათანხმებს, იქნება ისეთი სერიოზული, რომ მისი განხილვა ოპოზიციის შიგნით შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბევრ ლიდერს ესმის სიტუაციის სიმძიმე და მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად.

„პოლიტიკური პარტიებს მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია როგორც ერთმანეთთან, ასევე შუამავლებთან. იმედს ვიტოვებთ, დარჩენილ დროში შესაძლებელი გახდება, მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას ის პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც ამ ქვეყანაშია. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების" წინადადება, რომელსაც ათანხმებს მედიატორებთან, იქნება ისეთი სერიოზული, რომ მისი განხილვა ოპოზიციის შიგნით შესაძლებელი იქნება. გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია მოწადინებულია, ოპოზიციის ბევრ ლიდერს ესმის სიტუაციის სიმძიმე. ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად.

ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის" ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს.

არსებობს ქვეყანაში თემები, რომლის დათმობაც შინაარსობრივად ნიშნავს ზუსტად იმავეს, რასაც ოპოზიცია ითხოვს აი, ამ ფორმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ფორმით. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში სასამართლო რომ გვქონდეს, ხომ არ დაგვჭირდებოდა ეს პროცესები. ჩვენ წავიდოდით სასამართლოში და სისხლის სამართლის დამნაშავეების დასჯას მოვითხოვდით. თუ ისინი არ აღმოჩნდებოდნენ დამნაშავეები, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ოპოზიცია ტყუის, რის გამოც გადაიხდიდა პოლიტიკურ ფასს.

ეს არის მაგალითი, რომლის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია. სასამართლოს დათმობა ნიშნავს ხელისუფლების დათმობას, ამიტომ ეს ხელისუფლება ამაზე არ წამოვა", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×