რეზონანსი
14.09.2021

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად არაჯანსაღი იყო ის რეაქცია, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით ჰქონდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულმა ინიციატივამ გიორგი გახარია დააბნია და გააღიზიანა.

„აბსოლუტურად არაჯანსაღი იყო ის რეაქცია, რომელიც მას ტესტირებასთან დაკავშირებით ჰქონდა. კახა კალაძემ აბსოლუტურად ჯანსაღი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უკავშირდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია. რაში შეიძლება იყოს საქმე, ალბათ, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს, ვნახოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

„არ გავიკეთებ ამ ტესტს კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს, რადგან აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა. "გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროვოკაციაზე, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ „ბოსების“ მიერ“, - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×