რეზონანსი
24.09.2021

უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი. ეს არის ვითარება, სადაც დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი და დაპირისპირებამ შეიძინა სრულიად სხვა განზომილება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს.

„ჩვენ, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მაგრამ მეორე, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ, რათა ეს უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ იყოს არჩევნები თავ-პირის მტვრევა ამ ქვეყანაში, უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ იყოს არც ერთი ქმედება დაუსჯელი, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ის, რაც ახლა ხდება არის უმძიმესი რამ და „ქართული ოცნება" პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება გუშინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ვაშაძის თქმით, ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, არის ნამდვილად ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებები.

„ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა ეს ნამდვილად არის ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებები. მათ შორის, ნამდვილად არასწორია, როცა შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა, დაძაბო კიდევ სიტუაცია. გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე, ნამდვილად არ მგონია, რომ სწორია, თუნდაც ოპოზიციის ლიდერისგან ქმედება, რომელიც იყო გუშინ, ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ქმედებას პოლიტიკაში. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმეა გარემო ზოგადად საარჩევნო თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, მშვიდად და წყნარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ვისაც ძალადობისკენ ახალისებენ საკუთარი პოლიტიკური ლიდერები, „ქართულ ოცნებას" ვგულისხმობ, რომ შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ არჩევნები. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×