რეზონანსი
21.08.2019

  ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს. ეპარქიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედების შესახებ არც მათ და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. 

ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მოქალაქეებმა მიაწოდეს. ამის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა ისტორიულ ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხი შეისწავლეს.

„საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს", - ამბობენ სააგენტოში.

სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სათავსოს მოწყობისას ძეგლი არ დაზიანებულა, ამიტომ მშენებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება.

,,უნებართვო სამუშაოები არ დაფიქსირებულა, ადგილი აქვს მხოლოდ ,,ემდეეფის მასალით დადგმულ სათავსოს, რომელიც განკუთვნილია საეკლესიო ნივთების შესანახად. კონკრეტულ სიტუაციაში სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ რადგან ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის არის და წარმოადგენს მე-13 საუკუნის ძეგლს, საჭიროა კონკრეტული სათავსო შეიცვალოს, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დიმიტრი მაჭავარიანი.

შესწავლის შემდეგ, ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა. ტაძარში სათავსო დაიშლება და მის ადგილზე ხის კონსტრუქცია მოეწყობა, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება.

„როგორც იტყვიან, რეკომენდაციაზე არ დავობენ. ჩვენ მივიღებთ სააგენტოს რეკომენდაციას, შევაფასებთ საეკლესიო წარმომადგენლობასთან ერთად, თუ მოგვეწონება ან უკეთესს გავაკეთებთ ან თვითონ მოიტანენ და შემოგვთავაზებენ, ამის წინააღმდეგი ჩვენ არ ვიქნებით - განმარტავს ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი.

მისი თქმით, კარადა რამდენიმე წელია მოწყობილია, თუმცა საზოგადოების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყურადღების ცენტრში ახლა მოექცა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×