
ხშირია შემთხვევები, როდესაც გრიპის გადატანის შემდეგ ადამიანი მალევე უბრუნდება სამსახურს, უნივერსიტეტს, სკოლას და ა.შ. თუმცა ხშირად, ეს ახალი ვირუსით დაინფიცირების მიზეზი ხდება და დასუსტებულ ორგანიზმს გრიპი უფრო რთულად გადააქვს.
აშშ-ში, დაავადებათა კონტროლის ცენტრების მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანმა გრიპის გადატანის შემდეგ, გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციისთვის სახლში უნდა გაატაროს და სამსახურს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს. სან-ფრანცისკოელი ექიმი, ჯეიმს უანთაკი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანმა ვირუსი მსუბუქ ფორმაში გადაიტანა, რეაბილიტაციისთვის მინიმუმ, 24 საათი სჭირდება, ხოლო თუ უფრო რთულ ფორმაში ჰქონდა, გრიპის გადატანის შემდეგ, 4 დღე მაინც უნდა დარჩეს სახლში.
ამ მოსაზრებას ქართველი ექიმებიც იზიარებენ. ქართველი ექიმების თქმით კარგი იქნება, თუ გრიპის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციისთვის ადამიანი ერთ კვირას მაინც სახლში გაატარებს.
"თუ ადამიანმა ვირუსი უკვე გადაიტანა, ის სხვებისთვის სახიფათო აღარაა. შეიძლება ცოტა სისუსტე დარჩეს, მაგრამ ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს. ინფექციის წყარო ძირითადად არის დაავადებული ადამიანი და ამ მხრივ, პირველი ოთხი დღე - როცა იწყება სიმპტომატიკა, განსაკუთრებით საშიშია. რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ამ დროს არ ივლით სამსახურში, სკოლაში, ბაღში და ა.შ. იმიტომ, რომ გადამდები ხართ, ინფექციის წყარო ხართ.
პირადად ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ვირუსიანი ბავშვის მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან სამსახურს ვერ გააცდენს. თუ დროულად მიმართავს ბავშვის პედიატრს, მას შეუძლია ბიულეტენი გაუხსნას დედას ავადმყოფის მოვლასთან დაკავშირებით, მოუვლის თავის შვილს და სხვა ბავშვები აღარ დაინფიცირდებიან. შედეგად, ასეთი დიდი შემოტევებიც არ იქნება." - ამბობს პედიატრი და ოჯახის ექიმი, ნადული კოხრეიძე.
პედიატრის თქმით, როცა ამბობენ, რომ ადამიანს „გრიპი შეუბრუნდა" სინამდვილეში, ის სხვა ტიპის ვირუსით დაინფიცირდა. დასუსტებულ იმუნიტეტზე კი, გრიპი უფრო რთული ფორმით იჩენს ხოლმე თავს.