რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს.

პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

„წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ.

ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×