რეზონანსი
21.02.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რამდენიმე საათში ჩინეთიდან სპეცრეისით საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

გაბუნია აცხადებს, რომ აეროპორტში მათ ეპიდემიოლოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდება.

„წინასწარი შემოწმება ამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე აქვთ გავლილი. არც ერთ მათგანს ამ წუთამდე არ უფიქსირდება არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ეს არის იდეალური ადგილი. თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის საჭიროება, მარტივად იქნება შესაძლებელი მოქალაქის გადაყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად. თუმცა, ამ მომენტისთვის არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულმა მოქალაქეებმა თანხმობა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ გამაფრთხილებელ ზომას დაიცავენ, რომელსაც სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესთავაზებს.

„ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს თვითიზოლაციას, თუმცა აქ კომისიამ ჩათვალა უფრო უსაფრთხოდ, რომ მოთავსდნენ ორგანიზებულად სასტუმროს ტიპის კომპლექსში. ბუნებრივია, თავი უნდა შეიკავონ ახლობლებთან კონტაქტისგან. კარანტინის პერიოდის გავლის შემდეგ, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. აეროპორტში მოხდება წინასწარი შეფასება. შემდეგ უნდა გამოირიცხოს, რომ არც ერთ მათგანს არ დასჭირდება ინფექციურში გადაყვანა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს დახმარებით, სპეცრეისით საქართველოში ჩამოდიან ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
რრრ   (22.02.2020)
საჩხერეში რატომ!!!??? პირდაპირ ჭორვილაში აგეყვანათ უფრო დაცულები იქნებიან

დათუნია   (21.02.2020)
უკვე 16 გამოვლენილი შემთხვევა რომაა აგერ მეზობელ ირანში და ყოველდღე მატულობს რატომ არავინ არ ამბობს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×