რეზონანსი
29.02.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის ბრალდებით ქუთაისში მცხოვრები მამაკაცი დააკავა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია 72 წლის პეტრე გადელია. მას გამოძიება „კანონიერი ქურდებისთვის“ მიმართვას ედავება, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ მიმართა.

ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პეტრე გადელიას სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კახა ბენიძეს კი რესტორნის ვალის - დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

პეტრე გადელიას ინტერესების დამცველი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და „კანონიერ ქურდებს“ საქმის გასარჩევად პირიქით, მოდავე მხარემ - კახა ბენიძემ მიმართა, რომელსაც „კალბასიჩის“ მეტსახელით იცნობენ. 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია თურქეთში მყოფი იმ „კანონიერი ქურდების“ ვინაობა, რომელთან კავშირის ბრალდებითაც დააკავეს პეტრე გადელია. საუბარია ტარიელ ონიანის ქუთაისური კლანის წევრებზე - რამაზ ძნელაძეზე და ბესარიონ კუპრაშვილზე.

41 წლის ბესარიონ კუპრაშვილს კრიმინალურ წრეებში „ბესო კუტაისკის“ სახელით იცნობენ.  ის „კანონიერ ქურდად“ 2001 წელს, 21 წლის ასაკში „აკურთხეს“. კუპრაშვილი ბოლოს 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, თუმცა ბრალის წარდგენიდან 5 თვის შემდეგ საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და დარბაზიდან გაათავისუფლა. „კანონიერმა ქურდმა“ ქვეყანა იმავე დღეს, სარფის გავლით დატოვა, თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა და ამ დრომდე იქ იმყოფება.

ქურდულ სამყაროში გაცილებით დიდი გავლენით სარგებლობს 56 წლის რამაზ ძნელაძე. ძნელაძე ტარიელ ონიანის ქუთაისური კლანის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. ის რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2018 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც თურქეთში დასახლდა.

ბოლოს რუსეთის ციხეში ის 2012 წელს ნარკოტიკებისა და ყალბი პასპორტის ბრალდებით მოხვდა, თუმცა რუსული პრესა წერდა, რომ „რამაზ კუტაისკი“ მოსკოვში დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული და უფრო მეტიც, ის  პირადად აკონტროლებდა კუნცევოს საავტომობილო ბაზარს.

პრაიმტაიმი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კაკო   (29.02.2020)
მიკვირს რატომ აძლევს თურქეთი ქურდული სამყაროს ლიდერებს მათთან ცხოვრების უფლებას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×