რეზონანსი
26.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მადლობა უხდის ყველა უწყებასა და ადამიანს, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ინფექციის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი თვის თავზე, ქვეყანაში დაინფიცირების ნახტომისებური ზრდა არ არის.

„დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მივდივართ დუნე ზრდით, ქვეყანაში არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით და ეს არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. დაწყებული საზღვრიდან, თითოეულ მესაზღვრეს, მებაჟეს მადლობა, ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ვინც იქ დგანან, მადლობა ყველას, ვისაც შემდეგ ეს ადამიანები საზღვრიდან კარანტინში თუ საავადმყოფოში გადაჰყავს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს მადლობა, ყველა უწყებას, ვინც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, ყველას მადლობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ერთობლივი მიღწევაა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დიდი არ არის.

„ეს პატარა რაღაც, ამ ერთი თვის განმავლობაში რომ დიდი ზრდა არ გვაქვს, არის ერთიანობის მიღწევა. ვიყოთ ასე ერთად და ვეცადოთ, რომ მომავალი ერთი თვეც, თუ ასეთი დუნე ზრდით წავედით, შემთხვევების ზრდა იქნება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს ასეულები, უნდა იყოს 5, 10, 15 დღეში, თუ იქნება. ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს, მაგრამ რთული იქნება, თუ ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. ამიტომ ყველამ ერთად და არ გვინდა ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა, არავის სჭირდება, დღეს მთავარი პოლიტიკაა, დამარცხდეს ეს ინფექცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×