რეზონანსი
03.07.2020

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 10 მლნ-ს გააჭარბა. ვირუსმა მსოფლიოს ბრძოლა გამოუცხადა. თავის მხრივ მსოფლიოს მოწინავე მედიკოსები მის დამარცხებას და ვაქცინის შექმნას ცდილობენ.მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში კომპანიები და კვლევითი ცენტრები თვეებია მუშაობენ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატსა და ვაქცინაზე.

გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა მიმდინარე კვლევები.

დექსამეტაზონი

16 ივნისს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც, დაბალფასიანი პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილიანობას დაახლოებით 1/3-ით ამცირებს. მათი კვლევა რანდომიზებული იყო.

RECOVERY-ის კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 2 104 პაციენტი 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ 6 მგ დექსამეტაზონს იღებდა. მათი შედეგები შედარებული იყო 4 321 პაციენტის შედეგებთან, რომლებიც დექსამეტაზონს არ იღებდნენ.

კვლევის თანახმად, სასუნთქ აპარატზე მიერთებულ პაციენტებში დექსამეტაზონმა სიკვდილის რისკი 40%-დან 28%-მდე შეამცირა, ხოლო პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის თერაპიას გადიოდნენ - 25%-დან 20%-მდე. პრეპარატს შეუძლია ორგანიზმის იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციის, ე.წ. ციტოკინური შტორმის კონტროლი.

ამასთან, დაბალი ფასის გამო დექსამეტაზონით მკურნალობამ შეიძლება დიდი სარგებელი მოუტანოს ღარიბ ქვეყნებს.

„დექსამეტაზონი არის ერთადერთი მედიკამენტი ამ დრომდე, რომელმაც აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილიანობას. ეს უდიდესი მიღწევაა", - განაცხადა პროფესორმა პიტერ ჰორბიმ.

ჩატარებულ კვლევას და მის აღმოჩენებს მიესალმებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც (WHO).

შენიშვნა: დაუშვებელია აღნიშნული მედიკამენტის თვითნებურად, კვალიფიციური ექიმის გარეშე გამოყენება.

რემდესივირი

კომპანია Gilead-მა პრეპარატი „რემდესივირი" თავის დროზე ებოლას ვირუსთან საბრძოლველად დაამზადა. პრეპარატს, გარდიანის ცნობით, ლაბორატორიული კვლევების ეტაპზე კარგი შედეგები ჰქონდა, რის გამოც კლინიკური ტესტირება სწრაფადვე დაიწყეს, შემდეგ კი აფრიკაში პაციენტების სამკურნალოდ გამოყენება ფართოდ დაინერგა.

პრეპარატმა მეორე სიცოცხლე ახალი კორონავირუსის პანდემიისას შეიძინა. მის წარმატებას მეცნიერები იმიტომ ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა პრეპარატმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) პრევენციაში. ორივე დაავადება კორონავირუსითაა გამოწვეული, თუმცა მათზე კვლევები აღნიშნული პრეპარატით მხოლოდ ცხოველებზე ტარდებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის სამედიცინო საკითხებში, აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ცდების მონაცემები „საკმაოდ კარგი ამბების" მაუწყებელია.

ფაუჩიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა „კარგად გამოკვეთილი დადებითი ეფექტი, რომელიც გამოიხატება გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირებაში".

ფაუჩის განცხადებით, პაციენტები, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, საშუალოდ, 11 დღეში იკურნებოდნენ, ხოლო მათ, ვინც პლაცებო მიიღეს, გამოსაჯანმრთელებლად საშუალოდ 15 დღე სჭირდებოდათ.

გარდა ამისა, ფაუჩიმ სიკვდილიანობის დონეზეც ისაუბრა. მისი თქმით, „სტატისტიკური მნიშვნელობა არ ფიქსირდება". პლაცებოს ჯგუფში გარდაიცვალა პაციენტთა 11.6%, ხოლო პრეპარატის მიმღებ ჯგუფში - 8%.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, „რაც [კვლევამ] დაამტკიცა, არის ის, რომ პრეპარატს [რემდესივირს] შეუძლია ვირუსის დაბლოკვა". თუმცა, მისივე განმარტებით, კვლევას არ უჩვენებია, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის სრულად განადგურება, ის 30 პროცენტით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს პაციენტებს, ვიდრე პლაცებო.

მალევე, აშშ-ში რემდესივირი დაამტკიცეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, ხოლო ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა კომპანიისგან რემდესივირის მომავალ სამ თვეში წარმოებული თითქმის ყველა მარაგი შეისყიდა.

[დეტალურად რემდესივირის შესახებ იხილეთ: „რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე"]

პლაქველინი

კიდევ ერთი პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ განიხილავენ, არის პლაქველინი, იგივე ჰიდროქსიქლოროქვინი. მისი თავდაპირველი ამოცანა მალარიის მკურნალობა იყო.

მას საჭიროების შემთხვევაშიც საქართველოშიც იყენებენ. სულ ცოტა ხნის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად (მასში 2 541-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა) გამოვლინდა, რომ პაციენტები, ვისაც პრეპარატი მისცეს, ვირუსისგან დაღუპვის ნაკლები ალბათობა ჰქონდა - გარდაცვლილთა რაოდენობა ჯგუფში, რომელმაც პრეპარატი მიიღო, 13%-ია, ხოლო ჯგუფში, რომელშიც არა - 26%.

ამასთან ერთად, რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც პლაქველინი კორონავირუსთან ბრძოლაში გამოსადეგი არ იყო. მალევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის „სოლიდარობის კვლევიდან" ამოიღო, ხოლო საქართველომ - თავისი პროტოკოლიდან.

თუმცა, მოგვიანებით, ჟურნალმა სტატია, ავტორის თხოვნით, უკან გაიხმო, WHO-მ პლაქველინი „სოლადირობის კვლევაში" კვლავ დააბრუნა, საქართველომ კი მისი გამოყენება განაახლა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ვაქცინა

„გარდიანის" ცნობით, ამ ვაქცინაში გამოიყენება შიმპანზეს დასუსტებული ვირუსი, რომელიც შეიცავს კორონავირუსის სპაიკცილებს [პაატა იმნაძის განმარტებით, სპაიკცილა არის „კორონავირუსს რომ გამოშვერილები აქვს, რითიც უჯრედებს ემაგრება და შემდეგ მათში შედის"] და, შესაბამისად, ადამიანის ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს. გაერთიანებულ სამეფოში ის ამჟამად ცდების მეორე ეტაპზეა, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში კი, უკვე მესამეზე.

CanSino Biologics Inc.-ის და პეკინის ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის ვაქცინა

ვაქცინის შექმნით დაკავებულები არიან ჩინეთშიც, სადაც კორონავირუსი თავდაპირველად აღმოაჩინეს.

„გარდიანის" ცნობით, ჩინურმა ვაქცინამ „გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე ფაზის ტესტირებაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, თუმცა კვლევის მონაცემები ჯერჯერობით არაა გამოქვეყნებული".

ამასთან ერთად, ამ ვაქცინას გამოიყენებენ ჩინეთის სამხედრო ძალებში.

Moderna-ს ვაქცინა

Moderna-ს მიერ ვაქცინაზე მუშაობის შესახებ „ნეტგაზეთი" 19 მაისსაც წერდა.

„გარდიანის" ინფორმაციით, ამ ვაქცინაში აპირებენ გამოიყენონ ინფორმაციული რნმ, რომელიც უბიძგებს ადამიანს, საჭირო ცილები თავისით გამოიმუშაოს. თუმცა აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ინფექციური დაავადებისთვის ინფორმაციული რნმ.

ვაქცინის ამ მოდელის მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ მისი მასობრივი წარმოება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ტრადიციული ვაქცინების.

მელბურნის უნივერსიტეტისა და მურდოხის ბავშვთა საკვლევო ინსტიტუტის ვაქცინა

როგორც „გარდიანი" წერს, მურდოხის ბავშვთა საკვლევო ინსტიტუტი ავსტრალიაში უკვე მესამე ფაზის კვლევას ატარებს.

თუმცა, იქმნება არა ახალი ვაქცინა, არამედ არკვევენ, რამდენად გამოდგება თითქმის 100 წლის ტუბერკულოზის ვაქცინა.

მაგრამ მისი მიზანი არა პირდაპირ კორონავირუსისგან დაცვა, არამედ ადამიანის იმუნური რეაგირების ზოგადი პროვოცირებაა.

წყარო: netgazeti.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×