ელზა პაპოშვილი
14.09.2020

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები ჩნდება.  ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები  თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან და ცდილობენ დაადგინონ გზა, რომლითაც, ადვოკატების ვერსიით, ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი მიიყვანეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 18 ივლისს მომხდარი არ იყო თვითმკვლელობა და იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები. იქამდე, ვიდრე იურისტები თეთრიწყაროში გაემგზავრებოდნენ, ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა "ვილა ალგეთის" ტერიტორიის შესწავლა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილს ხელში ჩაუვარდა ტერიტორიაზე ნაპოვნი ნივთმტკიცება, რომელიც წნევის დამწევების ანოტაციაა. რამიშვილის ავტომობილიდან სწორედ ეს ჩანაწერი იქნა ამოღებული. 

„ჩვენ ახლა გასაუბრება გვქონდა გამომძიებლებთან პროკურატურაში. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მოვიპოვეთ, რაც გავაკეთეთ და შესაბამისად, ახლა გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მერე ამას ოფიციალური სახე მიეცეს და ყველაფერი მოპოვებული, გადამოწმებული იქნას," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „რეზონანსთან“ 

მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიკითხოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით.

„ინფორმაცია იქნება შემდეგი, რომ დეტალურად მოვახსენოთ გამოძიებას იმ ადგილმდებარეობის შესახებ, რომელსაც თავიდანვე ვამბობდით. ეს არის საკალმახე, ეს ინფორმაცია გადამოწმებული გვქონდა, მაგრამ მეორე საკალმახე ვერ აღმოვაჩინეთ. მართალია ვეძებდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონდა ინფორმაცია ვერ მივაგენით.

“ელისო კილაძის ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, დავათვალიერეთ. ბევრი საეჭვო ადგილმდებარეობის შესახებ მოსახლეობამაც გვითხრა. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ სწორ გზაზე ვიდექით“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, "ალგეთის" ტერიტორიაზე არსებულ შენობაში წნევის დამწევი პრეპარატის ანოტაცია იპოვეს, თუმცა შენობის მეპატრონის თქმით, 4 წელია, იქ არავინ შესულა. შესაძლოა, ანოტაცია იმ პრეპარატს ეკუთვნოდეს, რომელიც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილში იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებას წარუდგინა წამლების ანოტაცია, რომელიც, ადვოკატის მტკიცებით, საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალია.

როგორც კოტრიკაძემ განმარტა, რამიშვილის ინფორმაციით, ანოტაცია თეთრიწყაროში ერთ-ერთ ტერიტორიაზე იპოვა, რომელიც პროკურორის მტკიცებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებული არ არის. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც გამოძიებამ ამოიღო და საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დაერთო", - აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, რამიშვილის მიერ დასახელებულ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება, რომელშიც ადვოკატიც მიიღებს მონაწილეობას. 

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას - მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არცერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ ადგილზე, გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი მოქმედება და რამიშვილს შესთავაზეს მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში. დანარჩენს გვიჩვენებს დოკუმენტზე დანიშნული ექსპერტიზები", - ამბობს ლაშა კოტრიკაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ავტომობილს ამოწმებდნენ. შემოწმების პროცესში არც ერთი მხარე პროცედურის დეტალებზე არ საუბრობდა. როგორც ირკვევა, მანქანიდან სწორედ ხსენებული ანოტაციები უნდა ამოეღოთ.

ასევე 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×