ელზა პაპოშვილი
13.09.2021

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა ბელარუსი ტურისტი ცივი იარაღით ზურგის არეში დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა. დამსვენებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ქალის გადარჩენა მედიკოსებმა შეძლეს. მას ზურგის არეში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება.

ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ კონფლიქტის მოტივი ეჭვიანობაა. მამაკაცმა ქალი 5 დღის წინ ექსკურსიაზე გაიცნო და ისინი მეგობრობდნენ. როგორც ჩანს ქალმა მას შეატყო, რომ არაადეკვატური ქცევა ჰქონდა, ამიტომაც მისგან დისტანცირებას შეეცადა. დილით სავარჯიშოდ გამოსულ ქალს კი თავს ზურგიდან დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ კი დანით თავი დაიზიანა. ის სისხლად დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ მოასწრეს.

„დელფინარიუმის წინ იყო ყვირილი და ხალხი გარბოდა. გოგო იყო ჩაცუცქული და ამბობდა, რომ დაჭრილი იყო. ტიროდა მიშველეთ სასწრაფო გამოიძახეთ და პოლიციაო. იქით კიდევ ბიჭი იწვა, მასაც ჭრილობები ჰქონდა. სასწრაფო დახმარება მოვიდა და გოგონა წაიყვანეს, ბიჭი კი უკვე გარდაცვლილი იყო.

"ეს გოგო ბელორუსიის მოქალაქეა, რომელმაც ქართველი ბიჭი ექსკურსიაზე გაიცნო. დამეგობრდნენ და ამ ხნის განმავლობაში კონატქტობდნენ. როგორც ამბობენ, ქალზე ფიზიკურად იძალადა და მანაც მასთან ურთიერთობის გაწყვეტა სცადა.

"სწორედ ამის გამო დილით, როცა პლიაჟზე სავარჯიშოდ იყო გამოსული, მას ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბიჭი ძალიან არაადეკვატურად იქცეოდა და შემდეგ დანით თავი თავდაც დაიზიანა. სანამ ხალხი მივიდა და სასწრაფო მოვიდა, სისხლად დაიცალა. უკვე გარდაცვლილი იყო",-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×