სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "წინა წლებშიც უჭირდათ ბავშვებსა და მშობლებს, მაგრამ ახლა პრობლემები აშკარა და თვალსაჩინოა"
    თეო გუდავაძე
    06.06.2018

     მაისის ბოლოდან საქართველოში სკოლის ბანკეტების სეზონი იწყება. ყოველ წელს მოსწავლეები გრანდიოზულად აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას და განსაკთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის. ამ პერიოდში რესტორნები ყოველთვის გადატვირთული იყო, მაგრამ წელს ეს ტენდენცია შეიცვალა. როგორც ჩანს, 2018 წელს არც ისე ბევრმა კლასმა აღნიშნა სკოლის დამთავრება. მოსწავლეების ნაწილი საუბრობს ფინანსურ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ რესტორნებმაც მომსახურება ძალიან გააძვირეს.

    საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ კონკრეტული თარიღების გრანდიოზულად აღნიშვნა, ბანკეტი კი სწორედ ის წვეულებაა, რომლის გარეშეც სკოლის დამთავრება აქამდე ცოტას თუ წარმოედგინა. თვეებით ადრე იწყებდნენ ამ თარიღისთვის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მზადებას, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და რესტორნების მომსახურების სიძვირემ წელს იმაზე მეტი კლასი დატოვა ბანკეტის გარეშე, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

    ეკატერინე მასხულია კერძო სკოლა "ლამპიონის" ერთ-ერთი პედაგოგია, რომელიც ბოლო 5 წელია, ამ სკოლიდან აცილებს მოსწავლეებს. მისი თქმით, ყოველ წელს იყო დამამთავრებელი კლასის ბანკეტი, თუმცა წელს სწორედ მისმა სადამრიგებლომ ვერ მოახერხა ფინანსების გამო ბანკეტის გადახდა:

    "კერძო სკოლაში უფრო ნაკლები ბავშვი სწავლობს, ვიდრე საჯაროში და ეს ყოველთვის იყო ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ბანკეტის გადახდის დროს. როდესაც რესტორნის დაქირავების თანხას ბევრი ბავშვი იყოფს, უფრო მეტად ხელსაყრელია, ვიდრე 10-15 ბავშვი. მიუხედავად ამისა, მუდმივად მიწევდა "ლამპიონელების" ბანკეტზე მისვლა, მაგრამ წელს ჩემმა სადამრიგებლომ ვერ შეძლო ბანკეტის გადახდა.

    ძალიან გული დამწყდა მეც და ბავშვებსაც, მაგრამ კლასში სულ 11 ბავშვი მყავდა და მხოლოდ რესტორნის დაქირავების თანხად 2500 ლარი სახელდებოდა. ამას ემატებოდა მენიუ და ჩაცმა-დახურვა. რა თქმა უნდა, რთულია ასეთ თანხას გაწვდე მაშინ, როდესაც პარალელურად მთელი წელია, მასწავლებლებთან გიწევს მომზადება და კერძო სკოლაშიც იხდი სწავლის გადასახადს. ბოლოს 2-დღიან ექსკურსიაზე წავედით რაჭაში. ეს იყო მათი ბოლო ზარიც და ბანკეტიც.

    როგორც ვიცი, ძალიან ბევრმა კლასმა ვერ შეძლო, წელს ბანკეტისთვის მოება თავი და აშკარაა, ეს ყველაფერი ფინანსური პრობლემების ბრალია. ყველაფერი გაძვირებულია, ხალხს ძალიან უჭირს და თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ცუდი იქნება.

    მახსოვს, წინა წლებშიც უჭირდათ ბავშვებსა და მშობლებს, მაგრამ ახლა პრობლემები აშკარა და თვალსაჩინოა. უფრო და უფრო მეტად რთულდება სიტუაცია ეკონომიკურად. მძიმდება სოციალური ფონიც. დღეს შეიძლება ბანკეტების გადახდა-არგადახდაზე ვსაუბრობთ, მაგრამ უფრო დიდ გაჭირვებაზე ვისაუბროთ. ზუსტად ასე დგება ეკონომიკური კრიზისი ქვეყნებში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ეკატერინე მასხულიამ.

    ბანკეტი სკოლადამთავრებულების საუკეთესო წვეულებაა, ძალიან ბევრი კლასი სკოლის ბოლო წლებში იწყებს დაგეგმვას, თუ როგორი უნდა იყოს მათი წვეულება და დიდი მონდომებით განიხილავენ ყველა დეტალს:

    "174-ე სკოლაში ვსწავლობ და ყოველთვის მეცხრე კლასიდან ვოცნებობდით ბანკეტზე და ვგეგმავდით, ვინ ვისი მეწყვილე უნდა ყოფილიყო და რას ჩავიცვამდით. ერთი სული გვქონდა, ეს დღე ჩვენთვის როდის დადგებოდა. ლამის სასწავლო წლის დასაწყისიდან ვემზადებოდით, მაგრამ გაზაფხულიდან სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.

    მარტში, როდესაც რესტორნების, ფოტოგრაფების მოძიება დავიწყეთ და მივხვდით, რა თანხებს ვეჯახებოდით, მალევე გავაცნობიერეთ, რომ ვერ გვექნებოდა გრანდიოზული წვეულება. ფოტოგრაფები, მინიმუმ, 600 ლარს ითხოვდნენ, რესტორანი 3000 გვიჯდებოდა და თუ "დახურვა" მოგვინდებოდა, გაცილებით მეტი. ეს იყო კლასის საერთო ხარჯი, რასაც შემდგომ პირადი ჩაცმის, მაკიაჟისა და სხვა თანხმები ემატებოდა.

    მე პირადად 1000 ლარი არ მყოფნიდა საბანკეტოდ ყველაფრიანად და ასე იყვნენ ჩემი კლასელებიც. ამიტომ მოგვიწია უარის თქმა. 35 ბავშვიდან 90%-ს ნამდვილად არ ჰქონდა ამის სახსრები, დანარჩენ 10%-ში კი შევდიოდით ისეთები, ვინც ბოლო თანხას გადაიხდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ კლასი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა. რადგანაც უმრავლესობას გაუჭირდა, ამიტომ გადაწყდა უარის თქმა.

    ძალიან ცუდია, როცა ასეთი მდგომარეობაა საქართველოში. წლიდან წლამდე უფრო მეტი გაჭირვებული ჰყავს ქვეყანას და ახლაგაზრდები ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელაა, ვერ აღვნიშნავთ. მშობლებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ", - აღნიშნა ეკა ლოლაძემ.

    ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი უკვე ყველაფერზე ისახება. ადამიანები ადრე თუ ტყავს იძრობდნენ და შვილებს სასკოლო წვეულებას არ აკლებდნენ, ახლა ამასაც ვერ ახერხებენ. წელს განსაკუთრებით შემცირდა ბანკეტების რიცხვი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანებს აღარ აქვთ ფინანსური რესურსი, გასწვდნენ სწავლას, კვებასა და სხვა აუცილებელ ხარჯს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved