სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    30.07.2018

     "სამედიცინო ცენტრში მზის დამწვრობით დაახლოებით 430-მდე ადამიანი მოხვდა", - ეს მიმდინარე სეზონის სტატისტიკაა, რომლის შესახებაც "რეზონანსთან" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს.

    "ამ ზაფხულს მზის დამწვრობის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე შარშან ზაფხულში იყო; დაახლოებით, 430-მდე პაციენტს გაეწია დახმარება ცენტრში. აქედან 60 სტაციონარში მოთავსდა. ამწუთას წევს 4 პაციენტი და ოთხივე შემთხვევაში ქალბატონია. მამაკაცებისა და ქალბატონების შემთხვევები 50%-50%-ზეა", - აღნიშნა მან.

    ქაშიბაძე საზოგადოებას ურჩევს, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას მოერიდონ, განსაკუთრებით კი - 11:00-დან 17:00 საათამდე.

    "მაქსიმალურად უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას ხანგრძლივად, განსაკუთრებით კი - ბავშვები და მოხუცები. ასევე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. დრო არის რეკომენდირებული; საზოგადოება 11:00-დან 17:00-მდე მზეზე ყოფნას უნდა მოერიდოს, რადგან მზე ამ დროს ზენტიშია და მაქსიმალურია მისი ზემოქმედება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

    ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად ტენიანობამაც მოიმატა და ამავე დროს, ტემპერატურის შეგრძნებაც გაიზარდა.

    "ადამიანები ცოტა რთულად იტანენ ამ ტემპერატურას, რადგან ტემპერატურული ზრდა მარტო არ გვაქვს, ასევე მოიმატა ტენიანობამაც. თითქოს მაღალი ტემპერატურა არ არის, მაგრამ ტენიანობის მომატებამ შეგრძნება უფრო მეტად გაზარდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა დახუთულობას უფრო მეტად გრძნობს", - აღნიშნა მან.

    მისი თქმით, ამ ყველაფრის საფუძველზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკიც გაიზარდოს. იგი საზოგადოებას ურჩევს დიდი რაოდენობით წყალი დალიონ და ასევე, მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას. მისი თქმით, მზე უფრო მეტ საფრთხეს მოხუცებს უქმნის.

    "ეს იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებების გაძლიერებას; დიდი რაოდენობით წყალი უნდა დავლიოთ და ასევე, მნიშვნელოვანია მზეში არ ვიაროთ, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეული არ ვართ. ბევრი ადამიანი ძალიან მძიმედ აღიქვამს ამ სიცხეს და განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისთვის, რადგან ისინი, როგორც წესი, ვერ გრძნობენ მაღალ ტემპერატურას", - აცხადებს ის.

    მისი თქმით, ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრების გაჩენის საშიშროებაც მეტია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე იყო. საქართველოშიც ამის რისკი უფრო მეტად იზრდება.

    "ეს ყველაფერი კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებთან და ჩვენ ასევე ვშიშობთ იმ ფაქტს, რაც საბერძნეთში, ესპანეთსა თუ იტალიაში უკვე მოხდა. ამ ყველაფრის საფუძველზე ხანძრების საფრთხე, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მატულობს", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved