სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აბიტურიენტი, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, სტუდენტის სტატუსის ღირსი არ არის"
    თეო გუდავაძე
    10.08.2018

     ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხშირად აბიტურიენტები მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავენ და, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აგრძელებენ სწავლას. ასეთი სტუდენტებისთვის გამოჩნდა ალტერნატიული გზები. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც მათ სთავაზობენ ჩაბარებას საზღვარგარეთ, მაგალითად, კიევში და შემდგომ - მობილობით საქართველოს უნივერსიტეტებში გადმოსვლასა და სწავლის უპრობლემოდ გაგრძელებას. ჩაჭრილი სტუდენტები ამ სქემით უკვე დაინტერესდნენ.

    აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ეროვნული გამოცდების ბარიერი ვერ დაძლიეს, უმაღლეს სასწავლებლებში "მოწყობის" სხვა გზა გამოჩნდა. მცირე ხნით უცხოეთში სწავლის შემდეგ (1 წელი ან 1 სემესტრი) ისინი მობილობით ქართულ უნივერსიტეტებს უბრუნდებიან. განათლების სამინისტრო ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ მსგავს ორგანიზაციებთან კავშირი სარისკოა და სანდოობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

    განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი დავით კობახიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მსგავსი შეთავაზებები აბიტურიენტებისთვის საკმაოდ ბუნდოვანია:

    "იმატა აბიტურიენტების მომართვიანობამ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსებთან დაკავშირებით. აბიტურიენტები, რიგი დაწესებულებებიდან იღებენ სხვადასხვა შეთავაზებას. მსგავსი რამ მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა - ავტორიზაცია.

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე - უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

    2017 წელს კანონში შესული ცვლილებებით გამკაცრდა და მკაფიოდ განიმარტა, თუ რასთან არის დაკავშირებული უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება", - განუცხადეს "რეზონანსს" სამინისტროში.

    თუმცა უკვე არიან სტუდენტები, რომლებიც ასეთი გზებით დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. თემო კაკულია ერთ-ერთი მათგანია, ვინც კიევში სწავლის შემდეგ მობილობით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გადმოვიდა:

    "2017 წელს ვაბარებდი ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მაგრამ მათემატიკაში ვერ ავიღე მინიმალური ქულა. გავიგე, რომ იყო ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ერთი სემესტრით კიევში გამგზავნიდა, იქ ვისწავლიდი და მეორე სემესტრიდან მობილობით შემეძლო საქართველოში ჩამოსვლა და აქ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. აქ მოცდას და კიდევ რეპეტიტორებში ფულის გადახდას მერჩივნა, რომ ის 1000 დოლარი გადამეხადა, კიევში წავსულიყავი და მეორე სემესტრიდან აქ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა.

    ეს კარგი შესაძლებლობაა ქართველი აბიტურიენტებისთვის, ვინც ბარიერი ვერ გადალახა და ვერ გახდა სტუდენტი, რადგან საქართველოში გამოცდებზე ჩაჭრა ითვლება ტრაგედიად და არც ერთ ოჯახს არ სიამოვნებს, როდესაც თავისი შვილი, ამდენი მომზადების შემდეგ, ვერ ხდება სტუდენტი.

    ჩემი ოჯახი ამაზე დამთანხმდა, გამიშვეს კიევში, იქ ვსწავლობდი და ჩამოსვლისთანავე აქ ჩვეულებრივად გავაგრძელე სწავლა. სტუდენტის სტატუსიც მაქვს და დროც უქამად არ დამიკარგავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თემო კაკულიამ.

    ამგვარ მეთოდს სპეციალისტებიც არ ეთანხმებიან. მათი დამოკიდებულებაც სკეპტიკურია და ფიქრობენ, რომ პრობლემა უმეტესად საზოგადოებაშია, რადგან ისინი ეძებენ მარტივ გზებს დიპლომის მოსაპოვებლად და არა - განათლების მისაღებად. მათი აზრით, კანონი გასამკაცრებელია განათლების სისტემაში და მსგავი უნივერსიტეტები აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს. განათლების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ამას კერძო სასწავლებლები აკეთებენ:

    "ამ ყველაფერს მხარს ვერ დავუჭერ. აბიტურიენტი, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, სტუდენტის სტატუსის ღირსი არ არის. უმრავლესობას აინტერესებს დიპლომი, განათლებაზე კი ნამდვილად არავინ ზრუნავს და არც სჭირდება. მე ვიცი ბავშვები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში სწავლობენ და, სინამდვილეში, სემესტრში ორჯერ ჩადიან მხოლოდ. ეს განათლების მიღებაა? შემდეგ ისინი მობილობით გადმოდიან საქართველოში.

    უნივერსიტეტები არ უნდა იღებდნენ ასეთი სასწავლებლებიდან სტუდენტებს. ამას უმეტესად კერძო უნივერსიტეტები აკეთებენ, რაც ძალიან ცუდია. აუცილებლად მკაცრი ზომებია მისაღები და ამ ყველაფრის გაკონტროლებაა საჭირო", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გულიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved