სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "საქართველოს მეფე ერეკლემ გამგზავნა ინდოეთში"
    ია აბულაშვილი
    04.10.2018

     დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი ქართველი კაცისა, რომელმაც 18 წელი იმოგზაურა აზიის ქვეყნებში და აღწერა თავისი მოგზაურობა თურქეთში, ერაყში, ომანში, ინდოეთში, ცეილონზე, ბირმაში, დასავლეთ ჩინეთში.

    ეს გახლავთ რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელიც მოგზაურობის დროს სავაჭრო საქმიანობასთან ერთად ეცნობოდა აზიის ქვეყნებს, აკვირდებოდა მათი ხალხების ყოფას და ზნე-ჩვეულებებს. ამ მოგზაურობის შესახებ მან დაწერა წიგნი, რომელიც პირველად 1815 წელს დაიბეჭდა მოსკოვში, მეორედ კი - თბილისში სოლომონ იორდანაშვილის რედაქციით.

    მარი ბროსემ ქართველი მოგზაურის ეს ნაშრომი შეიტანა მის მიერ 1837 წელს შედგენილ თეიმურაზ ბატონიშვილის პირადი ბიბლიოთეკის კატალოგში.

    მე-19 საუკუნეში რაფიელ დანიბეგაშვილის შესახებ წერდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები ალექსანდრე ხახანაშვილი და ზაქარია ჭიჭინაძე. ალექსანდრე ხახანაშვილი ქართველი მოგზაურის მოღვაწეობას თავის ორ ნაწარმოებში შეეხო.

    მეცნიერი წერდა, რომ "დანიბეგაშვილის მოგზაურობა" ბევრი რამით გვაგონებს ათანასე ნიკიტინის "სამ ზღვას იქით მიმოსვლას". შუა და ცენტრალური აზიის სახელგანთქმულმა მკვლევარმა გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილომ ქართველი მოგზაურის მარშრუტის დახასიათება ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური სიტყვარის 1893 წლის გამოცემაში შეიტანა.

    როგორც მკვლევარები წერენ, ქართველი მოგზაურის მიერ შესრულებული მარშრუტი უნიკალურია.

    მარშრუტის პირველი მონაკვეთი გადიოდა საქართველოდან იმდროინდელ ოსმანთა იმპერიის ტერიტორიაზე - თურქეთზე, სირიის არაბთა რესპულიკასა და ერაყზე ქალაქების - არზრუმის, შუშის, დიარბექარის, მედინის, მოსულის, ბაღდადისა და ბასრას გავლით.

     მარშრუტის მეორე მონაკვეთი გადის ბასრადან სპარსეთის უბის, არაბეთის ზღვისა და ინდოეთის ნახევარკუნძულთა გარშემოვლით ქალაქ მასკატზე, ბომბეიზე; მესამე მონაკვეთი ინდოეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გაუყვება.

    თავის წიგნში იგი აღწერს რამდენიმე მდინარეს, კერძოდ ტიგროსი, ჰანგესი, ჯამნა, რადავა, ირტიში და ვულარის ტბა. იშვიათ მცენარეებს - ფანი, ანანასი, წითელი და შავი ხე, ხომალდსაშენი ხე, სანდალი, მიხაკი, დარიჩინი; გარეულ ცხოველებს - ნიანგი, სპილო; მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებს, ამ ქვეყნების ისტორიულ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

    "1795 წელს, მარტის 15-ს, საქართველოს მეფე ერეკლემ გამგზავნა ინდოეთში შემდეგი გარემოებების გამო. პირველი ქალაქი, რომელიც საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ვიხილე და ოცი დღის მერე მივედი, არზრუმი იყო.

    "ამ ქალაქში ცოტა ყოფნის შემდეგ გავემგზავრე მუშს, შემდეგ ქალაქ ფალას, შემდეგ ჩავედი მერვინში, მერე ტიგრანაკერტს, ძველსა და დიდებულ ქალაქში, რომელსაც ეხლა თიარბექირი ეწოდება. იგი მდინარე ტიგროსის ნაპირებზე მდებარეობს. ეს ქალაქი განთქმულია მშვენიერი სანახაობებით.

    "აქედან გავემგზავრე ნინიავას და შემდეგ ჩავედი ბაბილონს. ამ ქალაქს ამჟამად ბაღდადი ეწოდება. იგი საკმაოდ დიდი და ლამაზია. გარს შემოვლებული აქვს მტკიცე და კოხტად აგებული ზღუდე.

    "მცხოვრებლები მასში ძლიერ ბევრია და მრავალი მათგანი ფრიად მდიდარია. საკუთრით ბაბილონელთა გარდა, იქ მრავალი სხვა ხალხიც ცხოვრობს, როგორიცაა ინდოელები, სპარსები, თურქები და ევროპელები. ამ ქალაქში არის ხომალდების მისადგომი, რომელიც ინგლისელებს ემორჩილება.

    "დავტოვე რა ბაბილონი, მე გავემართე ბასრას და მივედი 15 დღის შემდეგ. ეს ქალაქი სპარსეთის უბის ნაპირზე მდებარეობს. საითაც გაიხედავ, მის გერშემო ყველგან ვენახებია, ყველგან ბაღებია. იქიდან ხომალდით ერთ არაბთან ერთად გავემგზავრე ზღვისპირა ქალაქ მასკატს.

    მასკატიდან ზღვით გამგზავრებული 22 დღის შემდეგ მივედი ქალაქ ბომბაიში. იგი თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება განთქმულ ინგლისურ ნავსადგურად იწოდებოდეს. აქედან ხომალდებით მგზავრობენ ჩინეთში, სპარსეთში, ინდოეთში.

    ბომბაი განთქმულია უფრო იმით, რომ მასში კეთდება ინგლისელთა საუკეთესო ხომალდები. ნავმისადგომი ამ ქალაქში აგებულია პორტუგალიელთა მიერ და ევროპელი ნავმისადგომების გეგმით. ინგლისელებს იგი სამფლობელოდ ერგო პორტუგალიელებთან გაყოფის დროს.

    ბომბაიდან ზღვით ინგლისური ხომალდით გავემგზავრე ქალაქ კოლუმბს, რომელიც კუნძულ ცეილონზე მდებარეობს და 18 დღის შემდეგ იქ მივედი. კოლუმბი წინათ ჰოლანდიელთა მფლობელობაში იყო, მაგრამ ახლა მას ფლობენ ინგლისელები.

    ამ მიდამოებში იზრდება მრავალი იშვიათი ხე, როგორიცაა სანდალი, მიხაკი, დარიჩინი და სხვა. აქედან მივიწევდი აღმოსავლეთის მხრისკენ, მივედი ქალაქ მანარს, რომელიც ოკეანის ნაპირზე მდებარეობს.

    ამ ქალაქთან არის ადგილი, სადაც სამ წელიწადში ერთხელ იღებენ მარგალიტს საკმაო რაოდენობით. აქედან გავემგზავრე ზღვით ქალაქ კოსტ-მალვარში. ეს ქალაქი უწინ ფრანგთა მფლობელობაში იყო, მაგრამ ამჟამად ინგლისელებს ეკუთვნის. იგი გაშენებულია ევროპული ქალაქის გეგმით. მის მცხოვრებთა საკმაო ნაწილს შეადგენენ ფრანგები.

    მერე ჩავედი სახელგანთქმულ ქალაქ მადრასში, შემდეგ ბუკეში. ბუკედან რამდენიმე მოგზაურთან ერთად გავემგზავრე ოკეანის გზით ქალაქ კოლკადაში.

    მე მსურდა, ვწვეოდი ევროპელებისათვის ცნობილ, სახელგანთქმულ ქალაქ ქაშემირს. გავემგზავრე იქ. ქაშემირი რომ დავტოვე, გავემგზავრე ქალაქ ტიბეტს" - ასეთია დანიბეგაშვილის მიერ აღწერილი მარშრუტის მცირე მონაკვეთი, რომელიც მან ზღვით და ხმელეთით გაიარა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved